დღეს, 2022 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიასა და მასთან დაკავშირებული პირების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ნიკა გვარამია მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძემ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბოლოო სასჯელის სახედ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით.
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გამამტყუნებელი განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია და მის დასჯას ემსახურება.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, 2021 წელს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა ანალიტიკური დოკუმენტი -
„ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სამართლებრივი შეფასება“. დოკუმენტის მიზანია, შეფასდეს, რამდენად მოიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის არგუმენტებს პროკურატურის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი, ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა.
დოკუმენტში გაანალიზებულია, ნიკა გვარამიას, როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის, გადაწყვეტილებები მოიცავს თუ არა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. ასევე, დანაშაულის კვალიფიკაცია შეესაბამება თუ არა ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს/გამოცდილებას; ასევე, ამ საქმეში არსებობს თუ არა სავარაუდო პოლიტიკური მოტივები და შერჩევითი სამართლის ნიშნები.
კვლევა ეყრდნობა სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვადასხვა დოკუმენტს, ადამიანის უფლებათა ცენტრის სასამართლო მონიტორის მიერ მომზადებულ სასამართლო სხდომების მონიტორინგის ანგარიშებს და იდენტიფიცირებულ პრობლემურ სისხლის სამართლის მატერიალურ და საპროცესო-სამართლებრივ საკითხებს. კვლევაში, ეროვნულ კანონმდებლობასა და სასამართლო გადაწყვეტილებებთან აშშ-ისა და გერმანიის სასამართლოების, საკორპორაციო-სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოშობილ დავებზე სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტის, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური გადაწყვეტილებების მისადაგების საფუძველზე, წარმოდგენილია შედარებითი-სამართლებრივი ანალიზი, რითაც უფრო ნათლად წარმოჩინდა საქმეში არსებული სხვადასხვა სამართლებრივი პრობლემა. კერძოდ:
● საქმეში არ არის დაცული სამართლებრივი განსაზღვრულობისა და თვითნებობისგან დაცვის პრინციპები, რომლებიც კონვენციისა და კანონის უზენაესობის საერთო საფრთხედ მიიჩნევა;
● განსახილველი სადავო ქმედებების სისხლის სამართლის დანაშაულად მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, უცნობია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიანიჭა თუ არა საფუძვლიანი მნიშვნელობა ბრალდებულის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გადამწყვეტ გარემოებებს. ამ ასპექტებს შეეძლო, გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონოდა სადავო ქმედებების სისხლის სამართლის დანაშაულად არმიჩნევისა და ბრალდებულის უდანაშაულობის განსაზღვრაში;
● სისხლის სამართლის საქმეში სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფარგლები სრულიად გაუგებარია და სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოს მხრიდან თვითნებურად არის განმარტებული ბრალდებულის საზიანოდ;
● საქმის მასალებიდან არ ჩანს, პროკურატურამ იმსჯელა თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული სამართლებრივი გზების გამოყენების შესახებ;
● პროკურატურამ, ასევე - ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ დირექტორის გადაწყვეტილებები შეთანხმებული და მოწონებული იყო პარტნიორებთან, აქციონერებთან და დირექტორის გონივრული მოსაზრებით, მოკლე ან გრძელვადიანი რისკების ანალიზის შედეგად, იგი ემსახურებოდა კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს, რაც ასევე შეთანხმებული იყო ამ სუბიექტებთან.
განაჩენის გამოტანისას, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ბრალდების შინაარსი, მისი განხორციელება დროსა და სივრცეში, ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს ქმედებები (მათ შორის - სისხლისსამართლებრივი ნორმის თვითნებური განმარტება) და სხვა ფაქტობრივი გარემოებები, რაც ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ამ საქმეში პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენებაზე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირის მიმართ. სასამართლო სხდომებზე მოსამართლე ამ საკითხებზე ყურადღებას არ ამახვილებდა. სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საფუძვლიანი მნიშვნელობა არ მიანიჭა ბრალდებულის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გადამწყვეტ გარემოებებს. ამ ასპექტებს შეეძლო, გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონოდა ბრალდებულის უდანაშაულობის დადგენაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი