სიახლეები

პარტია „კონსერვატიული მოძრაობისა“ და ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ საქმიანობის აკრძალვის საფუძვლები

17.05.2022
ფონტის ზომა
დოკუმენტში შეფასებულია პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობისა“ და ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური მიზნები და მათი საქმიანობის არაკონსტიტუციურობის საკითხები. დოკუმენტი ეფუძნება საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობას, ასევე - ევროპული ქვეყნების ეროვნული სასამართლოებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და საუკეთესო პრაქტიკას. ევროსასამართლოს რელევანტური გადაწყვეტილებების მისადაგების საფუძველზე, გაკეთებულია შედარებითი-სამართლებრივი ანალიზი, რითაც უფრო ნათლად წარმოჩინდა პარტია „კონსერვატიული მოძრაობისა“ და ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ საქმიანობის აკრძალვის საფუძვლები და ამისთვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმები.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ გამოირჩევა ძალადობრივი ქმედებებითა და ძალადობის წამახალისებელი სიძულვილისა და მუქარის ენით, მხარს უჭერს საქართველოს შესვლას რუსულ „უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სისტემებში“, ასევე - ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის სამხედრო ბაზების „დაკანონებას“  საქართველოში, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ამდენად, ყოველივე ზომოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლოა არსებობდეს აღნიშნული პარტიის პოლიტიკური უფლების შეზღუდვის, მათ შორის, გაუქმების საფუძველი.
გარდა ამისა, პროპაგანდისტული, ძალადობრივი ტელეკომპანია „ალტ-ინფო“, რომელიც ღიად ეწევა ომის პროპაგანდას, ავრცელებს სიძულვილის ენისა და სოციალური კონფრონტაციის გამომწვევ განცხადებებს, უნდა ჩაიხსნას მაუწყებლობიდან და ამისათვის სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანოებმა ყველა თანმხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას.

ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ პოლიტიკური უფლებების გარკვეული შეზღუდვები საჭიროა დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის თეორიით, დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა შეეძლოს აკრძალვითი ზომების მიღება პოლიტიკური მოძრაობის საწინააღმდეგოდ, თუ ის მიმართავს არადემოკრატიულ საშუალებებს (ძალადობას) და მისდევს ანტიდემოკრატიულ მიზნებს.

მართალია, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება და მისი ინსტიტუციური რეალიზების კონკრეტული ფორმა - პოლიტიკური გაერთიანების შექმნა, მაგრამ ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუცია დასაშვებად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას, რომელიც ხელყოფს და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სუვერენიტეტს, კონსტიტუციით გამყარებულ ფუნდამენტურ ღირებულებებს და მთლიანად იმ საფუძვლებს, რაზეც დგას საქართველოს კონსტიტუცია.
სიახლეები