კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. აღნიშნული გადაწყვეტილება კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი სახიფათო პრეცედენტია, რომელიც კითხვებს აჩენს გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით და შერჩევითი და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ნიშნებს შეიცავს.
2022 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო (ორ ეპიზოდში) 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და სასჯელის სახით ჯარიმაც გამოიყენა.
კოალიცია ეყრდნობა და იზიარებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქმის მასალების შესწავლის შედეგად მომზადებულ სასამართლოს მეგობრის პოზიციას, რომელიც განსახილველ საკითხზე საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკასა და სტანდარტებს აანალიზებს. მოსაზრების თანახმად, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდეს და მოკლე ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას უზრუნველყოფდეს.
აქვე პრობლემურია სასამართლოს მიერ ე.წ. „ავტომანქანის ეპიზოდის“, როგორც დანაშაულის მიჩნევის, ასევე სასჯელის ყველაზე მკაცრი სახის, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების და ამ სასჯელის პროპორციულობის საკითხიც. კერძოდ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ნაკლებად მძიმე დანაშაულია, რომლისთვისაც კანონმდებლობა უფრო მსუბუქი ტიპის სასჯელებსაც ითვალისწინებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის ზოგადი პრინციპების თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, თუ სასჯელის მიზნები სხვაგვარად ვერ განხორციელდება.
კითხვები არსებობს მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებითაც. როგორც ცნობილია, მოსამართლის ახლო მეგობარი, ზაზა გველესიანი „რუსთავი 2-ის“ მმართველი კომპანიის მოქმედი დირექტორია. შესაბამისად, ჰოლდინგის დირექტორს საქმის შედეგის მიმართ გააჩნდა პირდაპირი ფინანსური დაინტერესება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების მიხედვით, მოსამართლე ვალდებულია ჩამოშორდეს საქმის განხილვას, თუ არსებობს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. ამის მიუხედავად, მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დემოკრატიულ საზოგადოებაში, მნიშვნელოვანია, სასამართლო ხელისუფლება სარგებლობდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით, მის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება კი აკმაყოფილებდეს დემოკრატიულ სტანდარტებსა და ხარისხს. ეს მოთხოვნები კრიტიკულად აუცილებელი ხდება, როდესაც საქმე თავისი არსით მედიის თავისუფლებას და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის დირექტორს ეხება. მსგავსი ტიპის საქმეები გავლენას ახდენს როგორც კონკრეტული ტელევიზიის დამოუკიდებლობასა და ქმედითობაზე, ისე ზოგადად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე და სახელმწიფოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე.
იმ ფონზე, როდესაც წლებია, ქართულ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სისტემური გამოწვევების წინაშე დგას, მართლმსაჯულების პოლიტიზირებისა და პოლიტიკური მიზნებით ინსტრუმენტალიზების მზარდი ტენდენცია საფუძველს აცლის ქვეყანაში ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების დაცვისა და ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ინსტიტუციურ მექანიზმებს და კიდევ უფრო აღრმავებს სასამართლო სისტემის მიმართ არსებულ საზოგადოებრივ უნდობლობას.
მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებული მართლმსაჯულება, რომელიც არსებითად ეხება და ზიანს აყენებს არსებულ მედია-გარემოს და ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებს, კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და პოლარიზაციას, ვერ უზრუნველყოფს სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას და უარყოფითად აისახება ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე, უმნიშვნელოვანეს პროცესებზე.