ადამიანის უფლებათა ცენტრი სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებს საერთო სასამართლოებში აკვირდება პროექტის - „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგის“ ფარგლებში.
ადამიანის უფლებათა ცენტრის სასამართლო მონიტორები ამ ეტაპზე 21 საქმეს აკვირდებიან, რომელოთა ნაწილი პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობს, ხოლო რიგი გადაწყვეტილებები თბილისის სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
1. ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას (ე.წ. კარტოგრაფების) საქმე. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსის, ივერი მელაშვილისა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ინსპექტორის, ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვას. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც მიმართულია უცხო ქვეყნისთვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ან/და საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. 2021 წლის 28 იანვარს, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20000-20000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობაც ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. საქმე განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე - ნინო ნაჭყებია. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დააკავეს.
2. გიორგი მუმლაძის საქმე. სამოქალაქო აქტივისტს, გიორგი მუმლაძეს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაც გულისხმობს - პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე - აშკარად უკანონო ქმედებისთვის მის იძულებას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება.
3. აკაკი ხუსკივაძის და აკაკი კობალაძის საქმე.
ადამიანის უფლებათა ცენტრი აკვირდება აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვას. ბრალდებულებს ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში, რაც გულისხმობს: მოხელისათვის პირდაპირ მის სასარგებლოდ ფულის შეთავაზებას, რათა მან თანამდებობრივი უფლების განხორციელების და მოვალეობის შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება; ასევე - ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ასევე - ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ე.ი. მის ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად. დამატებით, ბრალდებულ აკაკი კობალაძეს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, რაც გულისხმობს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას. 2020 წლის 10 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათ გირაოს სახით 10 000 ლარის გადახდა დაეკისრათ. საქმეს არსებითად იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილი.
4. ბესიკ თამლიანის საქმე. ბესიკ თამლიანს ბრალად წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ს 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა. საქმეზე პროკურატურასა და სხვა ბრალდებულებს - ზურაბ ბუდაღაშვილს, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს შორის დაიდო საპროცესო შეთანხმება. 2020 წლის 23 მარტს ბესიკ თამლიანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე შეიცვალა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. მან დატოვა პენიტენციური დაწესებულება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბესიკ თამლიანი ოპოზიციური ბლოკის - „ენმ - ძალა ერთობაშია“ საარჩევნო სიით იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი. ბესიკ თამლიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ გრძელდება. იგი არ თანხმდება 2021 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის მიერ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიღებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენებას და აგრძელებს საკუთარი უფლებების დაცვას. სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს მოსამართლე ზვიად შარაძე.
5. ბესიკ თამლიანის, ემზარ სიუკაევის, კახაბერ ქეშიკაშვილის, სტეფანე გიქოშვილისა და ლაშა სამხარაძის საქმე. ბრალდებულები დააკავეს 2021 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე. ბესიკ თამლიანს, ლაშა სამხარაძესა და ემზარ სიუკაევს ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო კახაბერ ქეშიკაშვილსა და სტეფანე გიქოშვილს 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით. ლაშა სამხარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო, ხოლო დანარჩენების მიმართ - პატიმრობა. ბოლოს, პროცესზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებები იქნა გამოკვლეული. საქმეს არსებითად განიხილავს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე.
6. ნიკანორ მელიას საქმე. პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ნიკანორ მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ეს საქმე უკავშირდება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს. 2021 წლის 17 თებერვალს სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე. 2021 წლის 10 მაისს სასამართლომ, ასევე, დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახის უფრო მსუბუქი სახით შეცვლის თაობაზე. კერძოდ, ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა შეიცვალა 40 000-ლარიანი გირაოთი. გირაოს თანხა გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის (EED) ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში. სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის თავმჯდომარეობით გრძელდება.
7. ნიკანორ მელიას და ზურაბ ადეიშვილის საქმე. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ნიკანორ მელიას, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ნიკანორ მელია გამართლდა სსკ-ის 2051 მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც გულისხმობს ქონების დამალვას მოჩვენებით ან თვალთმაქცური გარიგებით. საქმეს სააპელაციო სასამართლოში იხილავს ვეფხია ლომიძე.
8. მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმე - საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 182-ე მუხლის „ბ“ პუნქტით, რაც გულისხმობს საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით (8 837 461 ლარი) გაფლანგვას. პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას შორის უკვე არსებული შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს.
9. მიხეილ სააკაშვილის საქმე. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით - საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიხეილ სააკაშვილის ამ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
10. მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილისა და გიგი უგულავას სს საქმე - საქმე ეხება 2007 წ. 7 ნოემბერს - 28 - მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“. 2021 წლის 10 ნოემბერს, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. სასამართლომ ამ ეტაპზე ჩათვალა, რომ აღარ იყო საჭირო პატიმრობის გამოყენების საჭიროება. თუმცა, რადგან მიხეილ სააკაშვილი ამავდროულად მსჯავრდებულია ორ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან და, შესაბამისად, მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას, რადგან იმ საქმეებზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია, იგი გააგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. დაცვის მხარე აღკვეთის გადახედვას არ ესწრებოდა - ამ საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის გარდა, ბრალი წარდგენილი აქვთ იმ პერიოდის მაღალჩინოსნებს: ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიორგი უგულავას. საქმეს, მისი სირთულიდან გამომდინარე, იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, მოსამართლე ნინო ელეიშვილის თავმჯდომარეობით.
11. გიორგი უგულავასა და ალექსანდრე გოგოხიას საქმე. ქალაქ თბილისის ყოფილი მერის, გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის ეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა. ბრალდებულებს პროკურატურა სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრება). ამასთან, უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში „სითი პარკის“ ეპიზოდზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ხოლო ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებასაც ედავება. საქმეს იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანაშვილი.
12. ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის საქმე - ე.წ. ბუტა რობაქიძის საქმე. ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. საქმე ეხება 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, დიდუბის პანთეონთან მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც საპატრულო პოლიციის პატრულმა ინსპექტორებმა გააჩერეს BMW-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლით და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გრიგოლ ბაშალეიშვილს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი - ამირან (ბუტა) რობაქიძე, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდების დადგენილებით, ამ ფაქტზე ინფორმაცია იმავე ღამით მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მისულ შსს-ს მაღალჩინოსნებს დაავალა, რომ „გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი“ და ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. ბრალდების შესახებ დადგენილებით, საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში. საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე.
13. ირაკლი ოქრუაშვილის საქმე. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წარედგინა 2019 წ. 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე, სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. 2020 წლის 13 აპრილის განაჩენით მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე ოქრუაშვილმა, ისევე, როგორც გიორგი უგულავამ, პენიტენციური დაწესებულება 2020 წლის 15 მაისს დატოვა. შეწყალების მიუხედავად, ოქრუაშვილმა განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვეფხვია ლომიძემ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. ეს გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
14. კობა კოშაძის საქმე. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენას, შენახვას ან ტარებას. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა, კობა კოშაძის მიმართ სასამართლომ გააუქმა აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობა და ბრალდებულს შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით. კობა კოშაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. საქმის განხილვა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში
15. ნიკა გვარამიას საქმე - „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ბრალი ედება სსკ-ის 220-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმეს იხილავდა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე.
16. ზურაბ და შალვა წოწორიების, ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძის საქმე. ეს პირები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს და ითვალისწინებს სასჯელს ერთიდან ოთხ წლამდე. 2021 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა დააკმაყოფილა პორკურატურის შუამდგომლობა და ელგუჯა ცომაია პატიმრობაში დატოვა. სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1 ოქტომბერს იმის გამო დააკავეს, რომ მან ძებნილ სააკაშვილს საკუთარი ბინა დაუთმო. გამოძიების ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიამ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს შსს-ს მიერ. მიუხედავად ამისა, თავისი აქტიური მოქმედებით, 2021 წლის 30 სექტემბერს მას დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული თბილისის ბინა. გამოძიების მტკიცებით, 2021 წლის 29 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, ზურაბ და შალვა წოწორიებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს სააკაშვილის ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა, 2021 წლის 5 ოქტომბერს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მამა-შვილ წოწორიებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გიორგი ნარიმანიძე, ტრაილერის მძღოლი, რომელიც მესამე პრეზიდენტის საქმეზე მეოთხე დაკავებულია, ბრალს არ აღიარებს. გამოძიების მტკიცებით, გიორგი ნარიმანიძე იმყოფებოდა იმ სატვირთო ავტომობილში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი აბაშიდან თბილისში ჩამოვიდა, იცოდა, რა გზებით შემოვიდა ექსპრეზიდენტი ქვეყანაში და ეს ამბავი დამალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
17. გიორგი რურუას საქმე - „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს და მეწილეს, 2019 წლის 20-21 ივნისის და ნოემბრის საპროტექსტო აქციების ერთერთ ორგანიზატორს და მონაწილეს, გიორგი რურუას ბრალი ედება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება); მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას. 2020 წლის 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ რურუა დამნაშავედ ცნო ორივე ბრალდებაში. საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე, 2021 წლის 27 აპრილს, მსჯავრდებულმა დატოვა პენიტენციური დაწესებულება. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2021 წლის 19 აპრილს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს, რომლის თანახმად, გიორგი რურუას მიმართ უნდა ყოფილიყო გამოყენებული გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმი. გიორგი რურუას საქმე ამ ეტაპზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება.
18. ალიკა კუპრავას საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგის მოსამართლემ, ციცინო როხვაძემ განიხილა. სასამართლო ხსდომაზე პოლიციის წარმომადგენლის განმარტებით, 2021 წლის 8 ნოემბერს, თბილისში, ქეთევან წამებულის №61 მიმდებარედ, სადაც საზოგადოების თავშეყრის ადგილია, მოძრაობდა ალიკა კუპრავა. პოლიციის განმარტებით, კუპრავა აგრესიული განწყობით, ხმამაღალი შეძახილებით და ლანძღვით მიმართავდა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც საპასუხოდ მოქალაქეს მოუწოდებდნენ დამშვიდებისაკენ, რაც არ გაითვალისწინა. ამიტომ ალიკა კუპრავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, დააკავეს. საქმეზე სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები. დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
19. მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმე. თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს (ამჟამად - პოლიტიკური ორგანიზაციის - „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები) ბრალი ედებათ სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რომელიც განხორციელდა ჯგუფურად და თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ხოლო TV პირველის მფლობელის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ წარდგენილი ბრალი გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას (25-194 მუხლის მე-2 ნაწ-ის „ა“ და მე3 ნაწ-ის „გ“ ქვ/პ). სისხლის სამართლის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულებულია. თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი 2022 წლის 12 იანვარს გამოაცხადა. კერძოდ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლიდან თაღლითობის მუხლზე გადააკვალიფიცირა, ხოლო ავთანდილ წერეთლის ბრალდება ფულის გათეთრებაში მონაწილეობიდან – თაღლითობაში მონაწილეობაზე. თუმცა, 12 იანვარს გამოცხადებული განაჩენით, მოსამართლე გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის(თაღლითობა) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(დიდი ოდენობით) და სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7-7 წლით. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხაზარაძე და ჯაფარიძე საპატიმრო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო. ამ ეტაპზე საქმე განიხილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
20. 2021 წლის 5 ივლისის კონტრაქციაზე დაკავებულთა საქმე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 5 და 6 ივლისს თბილისში სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო ჰომოფობიური აქციის მიმდინარეობისას, ჟურნალისტებზე ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით, კონტრაქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში აკვირდება ბრალდებულების მუხრან დადვანის, ირაკლი წიგნაძის, ნიკოლოზ გულედანის, ბაქარ მაისურაძის, თორნიკე გაბლიანის, ვანო ბურდულის და დავით ქოჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების განხილვას. ამ პირების საქმე გაერთიანებულია და განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი. ბრალდებულებს სახელმწიფო ბრალდება ედავება სსკ-ის 225 მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
21. მეგის ქარდავას საქმე. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებული, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას სისხლის სამართლის პროცესი. პროკურატურა მას ედავება 2011 წელს პენიტენციური სამსახურის #8 დაწესებულებაში სამი პატიმრის წამებას. მეგის ქარდავას ბრალი შეფარდებული აქვს, სისხლის სამართლის 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, კერძოდ - წამების მუხლით, რაც ითვალისწინებს 9 დან 15 წლამდე პატიმრობას. საქმე სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა და მიმდინარეობს მტკიცებულებათა გამოკვლევა. ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივით მიმდინარეობს და ის უარს აცხადებს სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე.