სიახლეები

დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები  პარლამენტის წინ გამართულ  საპროტესტო აქციას დააკვირდებიან

20.06.2022
ფონტის ზომა
დღეს, 20:00 საათიდან, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები დააკვირდებიან საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას სახელწოდებით ,,შინ ევროპისკენ’’. აქცია სამოქალაქო მოძრაობის „სირცხვილიას“  და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების  ორგანიზებით იმართება. შეკრების  მთავარი გზავნილია - „გზა ევროპისკენ, საქართველოს არჩევანი“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა, ბოლო წლებში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე დაკვირვებით არაერთი ხარვეზი გამოკვეთა. საპროტესტო აქციების მონიტორინგის შედეგებმა გამოავლინა   სხვადასხვა ხასიათის დარღვევები, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის რიგი სტანდარტების დარღვევას წარმოადგენს. ბოლო წლებში საპროტესტო აქციების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა სამართალდამცველთა არაპროპორციული ძალის მობილიზების, აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავების, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის არაერთი ფაქტი.  აღსანიშნავია, რომ აქციათა უმრავლესობის შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების უფლების უხეშ დარღვევას და ამის პარალელურად - ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქციების მიმართ მეტად შემწყნარებლურ პოლიტიკას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს  სამართალდამცავ ორგანოებს დაიცვან საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების  უფლება.  ამასთანავე, აქციის მონაწილეების მხრიდან აუცილებელია დაცული იქნას „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტის - „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგის“ ფარგლებში ახორციელებს საპროტესტო აქციებს მონიტორინგს. პროექტი მხარდამჭერილია აშშ-ის ფონდის - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).
სიახლეები