სიახლეები

სამი წელი 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებიდან - ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება

20.06.2022
ფონტის ზომა
დღეს, 20 ივნისს, სამი წელი გავიდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გამართული ანტისაოკუპაციო აქციიდან. 2019 წლის 20-21 ივნისს, ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებას აპროტესტებდა. აქციის მონაწილეთა დაშლის მიზნით, სამართალდამცავმა პირებმა სპეციალური საშუალებები, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს. რეზინის ტყვიები ინტენსიურად გამოიყენებოდა აქციაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ძალადობრივ მოქმედებებში და არ ქმნიდნენ საფრთხეს გარშემომყოფებისათვის. რეზინის ტყვიების კანონსაწინააღმდეგო გამოყენების შედეგად ათეულობით პირმა მიიღო მძიმე ფიზიკური დაზიანება. 

20-21 ივნისის აქციაზე, სამართალდამცავი პირების მიერ ძალის გადამეტებისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად, უპრეცედენტო რაოდენობით ჟურნალისტი დაშავდა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, 20 ივნისის აქციის დაშლისას, მედიის 39 წარმომადგენელმა მიიღო ფიზიკური დაზიანება, რომლებიც აქციაზე პროფესიულ ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდნენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს 20-21 ივნისს დაზარალებული ოთხი მოქალაქის ინტერესს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში:

საქმე - ცაავა-კმუზოვი საქართველოს წინააღმდეგ - ეხება ჟურნალისტების, მერაბ ცაავასა და ბესლან კმუზოვის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-10 მუხლისა (გამოხატვის თავისუფლება) და მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) დარღვევებს. 

საქმე - სვანაძე საქართველოს წინააღმდეგ - ეხება ჟურნალისტის, ბლოგერისა და სამოქალაქო აქტივისტის, ზაზა სვანაძის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლისა (გამოხატვის თავისუფლება) და მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) დარღვევებს. 

საქმე - ვ.ბ. საქართველოს წინააღმდეგ - ეხება სამოქალაქო აქტივისტის, ვ.ბ.-ს მიმართ  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 მუხლისა (შეკრების თავისუფლება) და მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) დარღვევებს. 

ზემოაღნიშნულ ოთხივე საქმეში გამოძიება დღემდე არაეფექტურად მიმდინარეობს. გამოძიების მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დაზარალებულებს შეზღუდული აქვთ წვდომა იმ საქმის მასალებზე, რომელიც უკავშირდება მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობას აქციაზე სპეციალური საშუალებების არაპროპორციულად გამოყენებასთან დაკავშირებით. 

20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და აღდგენის ღონისძიების ხელმძღვანელ პირებს წარმოადგენდნენ შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი, გიორგი გახარია, მისი მოადგილეები და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმდროინდელი დირექტორი, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ და კურირებდნენ აქციის დაშლის ოპერაციას. მათ ეკისრებოდათ სამსახურებრივი მოვალეობა, სათანადო რეაგირება განეხორციელებინათ სპეციალური საშუალებების კანონსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით. 

რამდენად შეასრულეს მაღალი თანამდებობის პირებმა თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა, რა მოქმედებები განახორციელეს ამ მიზნით და რა საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს საგამოძიებო უწყებებმა ამ საკითხის გამოსარკვევად -  ამ შეკითხვებზე საპასუხო ინფორმაცია დაზარალებულის სტატუსის მქონე ადამიანებისათვის ხელმიუწვდომელია. საგამოძიებო ორგანოების მიერ სათანადო ნაბიჯები არ გადადგმულა ასევე ქვედა რგოლის იმ სამართალდამცავი პირების გამოსავლენად, რომლებიც უკანონოდ იყენებდნენ რეზინის ტყვიებს აქციაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამ დრომდე, რეზინის ტყვიების უკანონო გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი პირია პასუხისგებაში მიცემული. 

მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური სამოქალაქო უფლებაა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისათვის. მწვავე სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე აზრის საჯაროდ დაფიქსირება მშვიდობიანი შეკრების გზით კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოებრივი დისკუსიებისა და დემოკრატიული ცვლილებების ხელშესაწყობად. 20-21 ივნისის მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ სახელმწიფო ორგანოებს სათანადოდ არ აქვთ გააზრებული ამ უფლების მნიშვნელობა დემოკრატიული საზოგადოებისათვის. 
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით