სიახლეები

მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნა ევროპული ინტეგრაციის პროცესს აზიანებს

30.06.2022
ფონტის ზომა
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გაუმართლებლად და დამაზიანებლად მიიჩნევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო აღრმავებს სასამართლო სისტემაში არსებულ შიდა გავლენების და კლანურობის პრობლემას, ფუნდამენტურად არყევს საზოგადოების ნდობას სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ და აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს. 

მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა 29 მაისს ამოეწურა. ახალი თავმჯდომარის ასარჩევად, ივნისის თვეში საბჭოს სხდომა რამდენჯერმე ჩაინიშნა, თუმცა ამ დრომდე, ყველა მათგანი გაურკვეველი მიზეზებით უქმდებოდა. საბოლოოდ, 27 ივნისის სხდომაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნას სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.  

სამოქალაქო საზოგადოება უკვე დიდი ხანია საუბრობს სასამართლო სისტემაში არსებული მთავარი გამოწვევის - მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობაზე, რომლის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა სწორედ მიხეილ ჩინჩალაძეა. აღნიშნულ გამოწვევაზე და საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისას ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინების საჭიროებაზე მიუთითებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც.  თუმცა მმართველი პარტია სასამართლო სისტემაში არსებული კორპორატივიზმის პრობლემას კვლავ არ აღიარებს. მეტიც, კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები,  რომლითაც მნიშვნელოვნად გაუარესდა ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიები, სწორედ ამ მანკიერი პრაქტიკის და სასამართლოს გავლენიანი პირების ძალაუფლების შენარჩუნებას უწყობს ხელს. 

მიმდინარე ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების  მიხედვით, ერთ-ერთ საკვანძო წინაპირობა „სრულად და რეალურად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი“ სასამართლოს შექმნაა. ევროკომისიის რეკომენდაციები პირდაპირ მიუთითებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის საჭიროებაზე. ამასთან, აუცილებელია, რეფორმა ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ კონსულტაციებს დაეფუძნოს. ამ ფონზე განსაკუთრებით სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ მიღებული რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად,  ხელისუფლების და, მათ შორის სასამართლოს, ძალისხმევა მიმართულია არსებული გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლების გაძლიერებისკენ. 

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

1.    აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე ვითარება და ფუნდამენტური რეფორმის საჭიროება;
2.    დროულად დაიწყოს ევროკომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა.
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...