სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ხედვა და რეკომენდაციები წარსულის გააზრებისა და ნდობის აღდგენის შესაძლებლობების შესახებ

06.07.2022
ფონტის ზომა
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე მოუგვარებელი კონფლიქტები საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, უმწვავესი სამხედრო დაპირისპირებებისა და შედარებით ნაკლები დაძაბულობის პერიოდების მონაცვლეობით განვითარებული მოვლენების შედეგები, როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური, ეკონომიკური, პიროვნებათაშორისი ურთიერთობების თვალსაზრისით, არათუ მსუბუქდება, არამედ სულ უფრო ღრმა კრიზისულ ხასიათს იძენს, რაც ახლო მომავალში მათი მოგვარების შესაძლებლობებს კიდევ უფრო ართულებს. 

კონფლიქტების მოგვარების, შერიგების, მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით ჩვენმა მრავალწლიანმა მუშაობამ აშკარად დაგვანახა, რომ წარსულისა და დაშვებული შეცდომების თუ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების გააზრების გარეშე შეუძლებელია  ტრანსფორმაციასა და ნორმალიზაციაზე ორიენტირებული სამომავლო ქმედებების დასახვა და სიტუაციის მკვდარი წერტილიდან დაძვრა. სამწუხაროდ, დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს. ომმა უკრაინაში და ახალმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება და  ქმედებების დროულად, გადაუდებლად დაწყების აუცილებლობა დაგვანახა.

2022 წლის 14-15 ივნისს წარსულის გააზრების მნიშვნელობისა და კონკრეტული ქმედებების ფორმულირებისადმი მიძღვნილი კონფერენციის მსვლელობისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია წარსულის გააზრების (DwP) ქმედითი პროცესის ინიცირებისათვის. რეკომენდაციები ეფუძნება მოსაზრებას, რომ წარსულის გააზრება (DwP) წარმოადგენს შერიგებისა და სამოქალაქო თანხმობის პროცესის ქვაკუთხედს. ამავე დროს, წარსულის გააზრება არის პოლიტიკური პროცესი, რომლის წარმართვაში აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა, დამყარებული ამ პროცესის მნიშვნელოვნებისა და ტრაგიკული მოვლენების მტკივნეული აღიარების აუცილებლობაზე.

წარსულის გადააზრება/წარსულთან გამკლავება და მომავალი ურთიერთობების შესაძლებლობების ფორმირება საფუძვლად დაედო შერიგებისა და სამოქალაქო თანხმობის პროცესებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში, რაც, თავის მხრივ, თანამედროვე ევროპის ერთიანობის საფუძველი გახდა. შესაბამისად, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის გზაზე მდგომი საქართველოსთვის მსგავსი მიდგომების გააქტიურება მისი კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და ნორმალიზაციის საფუძველი უნდა გახდეს.

წარსულის გააზრების პროცესი უნდა ემყარებოდეს:

•    კონფლიქტებში ჩართული ყველა მხარის თანასწორობისა და ადამიანის უფლებების უნივერსალურობის, ამ უფლებების დარღვევების აღიარებისა და მათი გამოძიების პრინციპებს უფლებების დამრღვევთა და უფლებადარღვეულთა ეთნიკური და პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად;
•    კონფლიქტებში ჩართული ყველა მხარის მიერ განცდილი ტრავმების აღიარებას, და, ამავდროულად, ტრავმის უფლების მონოპოლიზაციის თავიდან არიდებას; 
•    მხარეების მხრიდან წარსულის განსხვავებული ინტერპრეტაციის აღიარებას და ამ განსხვავებულობის მიზეზების ანალიზის გზით, მათი თავსებადობის უზრუნველყოფას;
•    წარსულის ტრაგიკული მოვლენების ობიექტურ გამოძიებას და მის საფუძველზე სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას. ასევე, ამ შეფასების საფუძველზე, ტრაგედიების მსხვერპლთა თანაგრძნობისა და თანაგანცდის გაცხადებას სამოქალაქო და სახელმწიფო დონეზე;
•    წარსულის გააზრების, მასზე მუშაობის პროცესის დებატების სფეროდან ფართო საჯარო სადისკუსიო სფეროში გადატანას და აკადემიური კვლევების გაძლიერებას პროცესების ენდემური ხასიათის გათვალისწინებით;
•    საარქივო, მათ შორის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო დახურული მასალების, ინდივიდუალური მოგონებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას წარსულის შესწავლისა და გააზრების, ასევე - საგანმანათლებლო მიზნებისათვის;
•    ამ ურთულეს და მტკივნეულ პროცესზე სამოქალაქო და პოლიტიკური პასუხისმგებლობების აღებას და სხვადასხვა მხარეს მიმდინარე პროცესების არასიმეტრიულობის აღიარებას.
ამ პრინციპებზე დაყრდნობით წარსულის გააზრების პროცესის გააქტიურებისათვის აუცილებლად მიგვაჩნია:
•    გარდამავალი მართლმსაჯულების ხელშეწყობა როგორც შესაბამისი პროცესების შემსწავლელი სამოქალაქო კომისიის შექმნით, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების გააქტიურებით მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის აღდგენის მიმართულებით;
•    სიმბოლური დატვირთვის მქონე პროცესების გააქტიურება,  როგორც საერთო და ინდივიდუალური ტრაგედიების გაზიარების აქტებისა და სახელმწიფოს მხრიდან გაზიარების  თანამონაწილეობისა და თანაგანცდის გამოვლინება;
•    კონფლიქტების წინარე  და შემდგომი პერიოდის არქივების აღდგენა- დიგიტალიზაცია და ინდივიდუალური მოგონენების დოკუმენტირება, შეძლებისდაგვარად მათი საჯარო სადისკუსიო სივრცეში გატანა და აკადემიური და ანალიტიკური კვლევითი მიმართულებების გააქტიურება;
•    კონფლიქტების მხარეებს შორის დიალოგის, მათ შორის არსებული Track 2 და Track 1,5 ფორმატების გააქტიურება  და ახალი ფორმატების ფორმირება - წარსულზე მუშაობის საკითხების პოლიტიზაციიდან ადამიანის უფლებების გადატანა სამართლებრივ და ტრანსფორმაციის დღის წესრიგში;
•    საგანმანათლებლო და აკადემიური ინსტიტუტების ჩართულობის გააქტიურება როგორც წარსულის გააზრებისა და ანალიზის პროცესებში, ასევე კონფლიქტ-სენსიტიური სწავლების განვითარებისა და სასკოლო და საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამების განახლების კუთხით;
•    კონფლიქტებთან მიმართებაში საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის გადახედვის პროცესში წარსულის გადააზრების (DwP) მიდგომებისა და საჭიროებების იმპლემენტაცია როგორც შერიგების, ასევე სამართლებრივი მიმართულებით.
მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და გაერთიანებებს, კონფლიქტების დარეგულირებაზე, შერიგებასა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, აქტიურად ჩაერთონ შერიგების ერთ-ერთი უმთავრესი და ქმედითი ინსტრუმენტის - წარსულის შესწავლისა და კრიტიკული გააზრების პროცესში. 

ხელმომწერები:

  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • კონფლიქტებისა და ნაციონალიზმის კვლევის ინსტიტუტი (ISNC)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI),
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი,
  • გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი,
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA),
  • მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი (CPCD),
  • ქალთა საინფორმაციო ცენტრი,
  • კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის, 
  • საქართველოს ოსთა ასოციაცია „ირონი“,
  • ახალგაზრდული ალტერნატივა,
  • სტუდია რე,
  • ასოციაცია „თანხმობა“, 
  • ქალთა ფონდი „სოხუმი“,
  • საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“,
  • საქართველოს ქურთული ასოციაცია „რონაი“,
  • კულტურული მრავალფეროვნების ჰარმონიული განვითარების ცენტრი,
  • ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტი,
  • კავკასიური მოზაიკა,  
  • გორის ახალგაზრდული ცენტრი,
  • მარინა ფაღავა, კავკასიური დიალოგი, 
  • ივანე აბრამიშვილი, კავკასიური სახლის მშვიდობის პროგრამის ხელმძღვანელი,
  • პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში,
  • გიორგი კანაშვილი, კონფლიქტოლოგი,
  • მარინა ელბაქიძე,  ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის მონაწილე,
  • ზურაბ ბრაგვაძე, ისტორიკოსი,
  • მიხეილ ჯახუა, იურისტი,
  • არინა თავაქარაშვილი, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ლექტორი, ასისტენტ-პროფესორი
  • შოთა შველიძე, კონფლიქტოლოგი 
  • ქეთი მურუსიძე,  მშვიდობისა და კონფლიქტების დამოუკიდებელი მკვლევარი
  • გიორგი ელიაური, ჟურნალისტი
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...