სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (2022 წლის მარტი-ივნისი)

07.07.2022
ფონტის ზომა
2022 წლის 20 ივნისს გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე ვ.მ.-ს საჩივარი და მიღებული დადგენილებით გაუქმდა საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითარი და საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვ.მ. გათავისუფლდა ღვედის გამოუყენებლობის გამო დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელისაგან.

მოქალაქის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ღვედი ეკეთა, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მაინც დააჯარიმა. ვ.მ.-ს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

ენმ-ის წევრების საქმეზე სასამართლომ სამართალწარმოება შეწყვიტა

2022 წლის 19 აპრილს გორის რაიონულმა სასამართლომ შეწყვიტა წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის სამი წევრის მიმართ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციური პარტიის წევრებს ქ. გორში, მიმდინარე წლის 12 მარტს „ქართული ოცნების“ გორის ოფისზე წარწერა „ალტ-ინფოს“ გაკეთებასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა, რაც სახდელის სახით 50 ლარიდან 1000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმეში მტკიცებულებათა არარსებობის გამო, სასამართლომ სრულად გაიზიარა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის არგუმენტაცია და სამივე პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება.

ფ.ს.-ს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1947 წელს დაბადებულ ს.ფ.-ს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 04 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, განიხილა 2022 წლის 1 თებერვლის განცხადება რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ს.ფ.-ს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების თაობაზე.

საქმის განხილვის შედეგად გამოიკვეთა, რომ ს.ფ. არის საქართველოს ყოფილი მოქალაქე. მან საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების საფუძველზე დაკარგა და მისი ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს. ყველაფრის გათვალისწინებით, ს.ფ.-ს მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე¬16 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძველი.

დამსაქმებელს დასაქმებულისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

2022 წლის 12 აპრილს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ანი ბალიაშვილის სარჩელი შპს „საქართველოს ფოსტის“ წინააღმდეგ. სასამართლომ ბათილად ცნო შპს „საქართველოს ფოსტის’’ გადაწყვეტილებები ა. ბ.-ს ქარელის სერვისცენტრის მენეჯერის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და დამსაქმებელს  დასაქმებულის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ა.ბ.-ს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის იურისტი იცავდა.

სასამართლომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეს მართვის უფლება აღუდგინა

2022 წლის 18 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა პროკურატურასა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მ.თ.-ს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება. ცვლილება შევიდა გორის რაიონულ სასამართლოს განაჩენში, რითაც მ.თ. დამნაშავედ იქნა ცნობილი სასჯელის დაუნიშნავად სსკ 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მაგრამ დაუწესდა მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის ავტომობილის მართვის უფლების შეზღუდვა. იქიდან გამომდინარე, რომ მ.თ. ცხოვრობს საოკუპაციო ხაზთან და მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს ტაქსით მომსახურების გაწევა, მისთვის მართვის უფლების შეზღუდვა წარმოადგენდა ოჯახის შემოსავლის გარეშე დატოვებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიღწეული საპოცესო შეთანხმებით, მ.თ. გათავისუფლდა ამ შეზღუდვისაგან. 

მოქალაქეს 1000-ლარიანი ჯარიმა გაუუქმდა

მარტის თვეში, თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.კ.-ს საქმეზე დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად ცნო  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, რომლის საფუძველზეც  თ.კ. დაჯარიმდა 1000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო თ.კ.-ს ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ედავებოდა, რაც სასამართლო პროცესზე არ დადასტურდა.

სხვადასხვა

    2022 წლის 18 მარტს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მორიგებით დასრულდა მოსარჩელე მ.შ.-სა და მის ყოფილ მეუღლეს - თ.ო.-ს შორის არსებული დავა არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის დადგენის თაობაზე. განქორწინებით გამძაფრებული დაპირისპირების შემდეგ თ.ო.-ს ოთხჯერ ჰქონდა გამოწერილი შემაკავებელი ორდერი, მის მიმართ ასევე არსებობს გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი ოჯახური ძალადობის გამო, რის გამოც შეფარდებული აქვს  ერთწლიანი პირობითი მსჯავრი. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი დაზარალებული ქალბატონის ინტერესებს იცავდა, სასამართლო პროცესი მისთვის სასურველი მორიგების პირობით დასრულდა.

    2022 წლის 15 აპრილს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მორიგებით დასრულდა ლ. მ. სა და გ ქ.-ს შორის არსებული სამოქალაქო დავა არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. მორიგების პირობებით, რომელიც მოიწონა ცენტრის ბენეფიციარმა ლ.მ-მ, განისაზღვრა სამი არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილი, - მათგან უმცროსი გოგონა დედასთან, ხოლო უფროსი ვაჟიშვილები მამასთან იცხოვრებენ. ისინი კვირის განმავლობაში  ორ დღეს  დედასთან გაატარებენ. ლ.მ ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტი იცავდა.

    ცენტრის წარმოებაში ასევე იყო ოთხი წარმატებული საქმე, რომლებიც განიხილა სააპელაციო სასამართლომ და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

    ცენტრის წარმოებაში ასევე იყო 2 წარმატებული საქმე, რომელიც უზენაესმა სასამართლომ განიხილა და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები. 
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით