სიახლეები

ქალის მკვლელობის საქმეზე არასრულმა სამართლებრივმა კვალიფიკაციამ გამოიწვია განაჩენის დადგენა გენდერული მოტივის გარეშე

11.07.2022
ფონტის ზომა
6 ივლისს, თელავის რაიონულმა სასამართლომ, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გ.ბ.-ს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ეხება 2022 წლის იანვარში ლაგოდეხში ახალგაზრდა ქალის  ნ.ჭ.-ს განზრახ მკვლელობას საკუთარ საცხოვრებელ სახლში. დანაშაული მისმა ყოფილმა მეუღლემ  გ.ბ.-მ ჩაიდინა. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ - ოჯახის წევრის მიმართ. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა გ.ბ.-მ, ნაქირავებ სახლში, სადაც მისი ყოფილი მეუღლე ცხოვრობდა, მოკლა და ამავე დროს ქალის ბუნებრივი აირით თვითმკვლელობის ინსცენირება სცადა. მოკლულ ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომელთაც ახლა მისი ძმის ოჯახი ზრდის.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის სამართლებრივ ინტერესებს გენდერული ნიშნით ქალის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იცავდა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოძიების დაწყების ეტაპზევე გამოხატა პოზიცია ბრალის ფორმულირებასთან და ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც მიმართა საქმეზე როგორც გამომძიებელს, ასევე კახეთის საოლქო პროკურატურას. ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოითხოვა ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული პირის მიმართ დანაშაულის კვალიფიკაციის დაზუსტება და გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალის დამძიმება. ცენტრმა  მოუწოდა პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს, განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ კონკრეტულად ამ საქმეში და ასევე ზოგადად, ამგვარი კატეგორიის საქმეების გამოძიებისას გენდერული ნიშნისათვის, რაც ხელს შეუწყობდა შემდგომში ასეთი ტიპის დანაშაულთა პრევენციას და საქმეების სრულყოფილ/ობიექტურ გამოძიებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ყოფილი მეუღლის მიერ მოკლული ნ.ჭ.-ს მიმართ ჩადენილია დანაშაული გენდერული ნიშნით - მიზანმიმართულად ქალის წინააღმდეგ. გამოძიების ეტაპზე მოგროვილი მტკიცებულებებით და თავად ბრალდებულის ჩვენებით, დანაშაულის გენდერული მოტივი გამოკვეთილი იყო. მტკიცებულებები თან ერთვოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის არაერთი მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ მხედველობაში არ მიიღო განსახილველ საქმეზე ბრალის დაზუსტება როგორც გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, არასრულმა სამართლებრივმა კვალიფიკაციამ გამოიწვია განაჩენის მიღება გენდერული მოტივის გარეშე. განაჩენის მიხედვით, გ.ბ. გამოჯანმრთელებამდე სასჯელს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, შემდეგ კი პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით