სიახლეები

'შერიგების გზები არ არის მოკლე'

13.07.2022
ფონტის ზომა
ნინო კახიშვილი, ნეტგაზეთი

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ეს ომი საქართველოს კონფლიქტების მოგვარებისთვის, შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს, თუკი რუსეთი მასში ბოლომდე დამარცხდება და შემდეგ რეგიონიდანაც გავა. თუმცა, ნაკლებად ისმის კითხვები, სასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში, არიან კი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზოგადოებები მზად შერიგებისთვის, რამდენად ენდობიან ისინი ერთმანეთს და თუ აქვთ საერთო მისწრაფებები? 

2021 წელს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) საქართველოში ახალგაზრდების (18-დან 29 წლის ჩათვლით) სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობისა და მშვიდობის მშენებლობაში მათი მონაწილეობის კვლევა ჩაატარა. კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობებსა და კავშირებს შეეხებოდა. ამ ნაწილში შედეგებმა აჩვენა, რამდენად გაუცხოებული არიან ახალგაზრდები აფხაზეთისა და  სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან.  მაგალითად, კითხვებზე – ​„პირადად იცნობთ თუ არა ადამიანს, რომელიც ამჟამად ცხოვრობს აფხაზეთში?“ და „პირადად იცნობთ თუ არა ადამიანს, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში?“ გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა [95%-მდე] უპასუხა, რომ არ იცნობს. 
მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ადამიანები საქართველოში თითქმის ყველა ფორმალურ თუ არაფორმალურ შეხვედრებზე საუბრობენ, რომ დრო საზოგადოებებს შორის ნდობის და ურთიერთობების აღდგენის სასარგებლოდ არ მუშაობს.
ერთ-ერთი ასეთი უკანასკნელი შეხვედრა/კონფერენცია, სახელწოდებით – „ნდობის აღდგენის შესაძლებლობების შეფასება წარსულის გააზრების საფუძველზე“, ადამიანის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით თბილისში გაიმართა, სადაც წლების განმავლობაში მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა თუ ცალკეულმა ექსპერტებმა ისაუბრეს 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტების შემდეგ შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში, ქართულ მხარის მხარის მიღწევებსა და იმ შეცდომების შესახებ, რამაც კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა ჩიხში შეიყვანა და საზოგადოებებს შორის გაუცხოებაც ვერ შეამცირა.

(ფოტო “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ორგანიზებული კონფერენციიდან)

კონფერენციის ორგანიზატორთა აზრით, საჭიროა გასული 30 წლის შეცდომებისა და მიღწევების გადაფასება, რათა დაიგეგმოს სამომავლო, შედეგზე ორიენტირებული ქმედებები როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე – სამშვიდობო პროცესში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და წარმომადგენლების მიერ. საბოლოოდ, ექსპერტები შეთანხმდნენ იმ ძირითად პრინციპებზე, რომელსაც უნდა ემყარებოდეს წარსულის გააზრების პროცესი.


რას აკეთებდა და არ აკეთებს ქართული მხარე შერიგებისთვის? 
„თუ შეიძლება ვრცელი წიგნი დაიწეროს კონფლიქტებზე საქართველოში, სათაური უნდა იყოს „გაშვებული შანსების ისტორია“,  – ასე აფასებს კონფლიქტოლოგი და შერიგებისა და თანასწორობის  საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში კონფლიქტების დარეგულირების პროცესს საქართველოში. 

სამშვიდობო პროცესში ჩართული სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს ყველა ხელისუფლებას, ვინც ქვეყანას მართავდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, ადანაშაულებს, რომ აფხაზებთან და ოსებთან რეალური შერიგებისკენ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა. 
„ძალიან ცოტა გვაქვს გაკეთებული იმისთვის, რომ რამე შეიცვალოს. დროა, რომ მითები, რომელშიც საზოგადოება ვცხოვრობთ, გადავაფასოთ. ქართულ საზოგადოებაშია გასამართი დისკუსიები პოლიტიზაციის გარეშე – რატომ დაიწყო გაუცხოება და რატომ ვართ დღემდე ასე. რღვევის პროცესის გაანალიზების გარეშე პოზიტიური დინამიკა შეუძლებელი იქნება. მოკლე გზა არ არსებობს შერიგებისკენ“, – ამბობს უფლებამდაცველი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის [DRI] ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი. 
„არსაკმარისი ნაბიჯების“ თვალსაზრისით, კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები, პირველ რიგში, იმ გამოუძიებელ ტრაგიკულ ფაქტებზე საუბრობენ, რომელთა შესახებ აფხაზები და ოსები, როგორც წესი, დღემდე ქართული მხარის აგრესიის კონტექსტში, განსაკუთრებით, ამ ტრაგედიების თარიღების აღნიშვნისას ახსენებენ.  
„ქართული სახელმწიფოს მიერ, მაგალითად, ლათის, ერედვის, ძარის ტრაგედიები არ გამოძიებულა. შესაბამისად, ამის გამო არავინ დასჯილა. რაც არ უნდა მწარე და რთული იყოს, უნდა ვისაუბროთ ამაზე, რათა არ განმეორდეს მსგავსი დანაშაულები. არცერთ ხელისუფლებას არასოდეს მიუსამძიმრებია აფხაზებისა და ოსებისთვის ეს ტრაგედიები. თუმცა მსოფლიოში არსებობს მაგალითები, როდესაც მსგავს შემთხვევებზე ერთობლივი საგამოძიებო კომისიები იქმნება ხოლმე. არც ამ კუთხით ყოფილა ჩვენთან პრეცედენტი. საზოგადოების დონეზე მაინც მნიშვნელოვანია ამ დანაშაულებების დოკუმენტირება. უნდა დაფიქსირდეს მკაფიო პოზიცია, რას ვფიქრობთ იმ დანაშაულებებზე, რომელსაც წლების წინ ჰქონდა ადგილი“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
ის, რომ წლების განმავლობაში პოლიტიკური ელიტა მისთვის მსგავს არაკომფორტულ თემებზე საუბარსაც კი თავს არიდებდა და არიდებს, წარსულის კრიტიკული გააზრების ცნება აღარც საქართველოს ფართო საზოგადოებისთვის გამხდარა პოპულარული და, მით უმეტეს, საჭირო. 
„ყველა დრო და ეპოქა გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ იმაზე, რომ თუ რამე შეცდომა დავუშვით, გამოვასწოროთ. არც დღევანდელი  დღეა დაკარგული. დღესაც  შეიძლება ამაზე ფიქრი, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა ფიქრობს კი ამაზე? მოდით, გაუშვით პოზიტიური ნიუსი ამ ეთნოსების მიმართ და ნახავთ, როგორი თავდასხმა და რა ტალახის სროლა იქნება“, – ამბობს ნაირა ბეპიევა, ორგანიზაცია „კავკასიური მოზაიკის“ თავმჯდომარე, პირველი არხის ოსურენოვანი ვებგვერდის რედაქტორი.
მოქალაქეებში არსებული  განსხვავებული მოსაზრებების ფონზე, სამშვიდობო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორი და ცალკეული ექსპერტები, რომლებიც წლების განმავლობაში, დიდწილად – დასავლური ფონდების მხარდაჭერით, ნდობის აღდგენისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციისთვის მუშაობენ, წარსულის შეცდომების აღიარებას, მის გააზრებას და საკუთარი პასუხისმგებლობის აღებას შექმნილ ვითარებაში მაინც უალტერნატივო პროცესად მიიჩნევენ.  
„წარსულის გააზრება მეტ-ნაკლებად ახალი ცნებაა ჩვენს რეალობაში. ეს პროცესი არის შერიგების ქვაკუთხედი. წარსულის გააზრება არ ნიშნავს მის დავიწყებას. პირიქით, წარსული უნდა ვიცოდეთ, რათა ის არ განმეორდეს. წარსულის ცოდნა ნიშნავს ორიენტირებას მომავალზე. ჩვენს შემთხვევაში, წარსულის გააზრების პროცესი პრობლემატური პოლიტიკური პროცესი უფროა, რომელიც სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოების ჩართულობას, ისტორიის შესწავლას, სიმართლის დადგენას მოითხოვს”, – განმარტავს ვანო აბრამაშვილი, მკვლევარი, ​​კავკასიური სახლის მშვიდობის პროგრამის ხელმძღვანელი.
არასამთავრობო სექტორის წლების განმავლობაში მუშაობის შედეგებზე საუბრისას ექსპერტები რამდენიმე მიმართულებას ასახელებენ, მათ შორის – საარქივო მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდის, ორივე მხარეს კონფლიქტით დაზარალებულთა პირადი ბიოგრაფიების ჩაწერის [berghof-foundation-ის „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორიულ დიალოგი“], სასკოლო სახელმძღვანელოების კონფლიქტსენსიტიურობის შესწავლის საკითხებზე და ა.შ. 
სამოქალაქო სექტორის მიერ შერიგებისკენ გადადგმულ აქტივობებზე საუბრობს უჩა ნანუაშვილიც, რამაც მისი აზირთ, თავის მხრივ, მაინც გარკვეულწილად  შეცვალა საზოგადოების განწყობები.  
„საზოგადოების აღქმების შესაცვლელად ბევრი სამშვიდობო ინიციატივა [მაგალითად,  2007 წელს „ბოდიშის“ კამპანია] არსებობდა წლების განმავლობაში. იყო შერიგებისკენ გადადგმული მესიჯებიც. მიზნად დავისახეთ, რომ იქნებ სხვა კუთხითაც  შეგვეხედა ჩვენს წვლილზე, დაგვესვა კითხვები, რატომ მივედით ომამდე, რატომ ვერ ავიცილეთ ის, რატომ ვერ გავუწიეთ წინააღმდეგობა იმას, რაც მოხდა წლების წინ, რომელსაც თავის მხრივ, წინ უძღოდა სხვა მოვლენები, გაუცხოება, დაუსჯელობა. მდგომარეობა პრაქტიკულად არ შეცვლილა. თუმცა საზოგადოება მაინც გაიზარდა. თუკი წლების წინ მხოლოდ იმაზე საუბრობდა, რომ დავიბრუნებთ აფხაზეთის ტერიტორიას, ახლა ხალხის დაბრუნებაზეც საუბრობს. თუნდაც, უკრაინის ომზე დებატების პარალელურად, პრაქტიკულად არავინ, არცერთმა საზოგადოებრივმა თუ პოლიტიკურმა ძალამ არ დაუჭირა მხარი მოწოდებებს, შექმნილი სიტუაცია გამოგვეყენებინა [შეიარაღებული გზით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება]. მთელი საზოგადოება კონფლიქტების სწორედ მშვიდობიანი მოგვარებისკენ გადაიხარა. ეს პოზიტიური დინამიკაა“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი. 
ის, რომ ნდობის აღდგენისა და შერიგებისთვის ქართული მხრიდან გადადგმული ცალმხრივი ნაბიჯები სრულყოფილ შედეგს არ მოიტანს სამშვიდობო პროცესისთვის, ასევე, დისკუსიის ნაწილად რჩება.  
„ზოგჯერ დისკუსიაში ვიკარგებით და რეალურ პოლიტიკას ვცდებით, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლება ყოველთვის რუსეთის ფაქტორზე აპელირებს. ჩემს კოლეგებს კი რუსეთის ფაქტორი გვერდზე რჩებათ და ნდობაზე ვსაუბრობთ. გაშვებულ შესაძლებლობებზე როცა ვსაუბრობთ, ჩნდება კითხვა, რა იქნებოდა, სხვანაირად რომ მოვქცეულიყავით? რუსული პოლიტიკა შეიცვლებოდა? ჩვენი აქტივობა ყოველთვის რუსული ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. დაუშვებს კი რუსეთი, რომ ეს ჩვენი გაწვდილი ხელი ზუსტად ისე მივიდეს ჩვენს მოქალაქეებთან, როგორც ჩვენ გვინდა? რუსული მხარე გამოვრიცხოთ დისკუსიებში?“, – ამბობს ნატო ბაჩიაშვილი, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე. 
შერიგების პროცესში რუსეთის ფაქტორს არც კონფლიქტლოგები უვლიან გვერდს. „რუსეთი არის ყველგან – იარაღით მომმარაგებელიც და წამახალისებელიც. ის რჩება მხარედ, მაგრამ ხვალ-ზეგ რუსეთის არმია არ იქნება და აფხაზებთან და ოსებთან მოგვიწევს საუბარი, რისთვისაც დეპოლიტიზებული ველი უნდა შევქმნათ. მოგვიწევს საუბარი წარსულის გადაფასებაზე, ადამიანის უფლებებზე, უფლებრივ პრობლემებზე, და არამხოლოდ გადაადგილების თავისუფლებაზე“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ახალი  შესაძლებლობები
„პირველივე დღეებიდან, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეში იწყებოდა კონფლიქტი, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიყავით მზად აფხაზი და ოსი საზოგადოების ინტერესების დასაცავად. მტკივნეულია ჩემთვის გააზრება, თუ რატომ ვერ ვუქმნით მათ განცდას, რომ საქართველოსთან ყოფნა მათთვის უკეთესია, ვიდრე რუსული იმპერიალიზმის კალთის ქვეშ. ეს არის მთავარი გამოწვევა, რაც დღემდე გრძელდება“, – ამბობს შერიგების ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.  
მშვიდობის შენების პროცესში ჩართული ექსპერტები აცხადებენ, რომ ყველაფერი საბოლოოდ მაინც ხელისუფლების ნებამდე მიდის – რიტორიკა იცვლება, მაგრამ მთლიანობაში პოლიტიკა ინერციით გრძელდება. 
ამ მხრივ, სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას ახსენებს ჩართულობის და შერიგების 2010 წლის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიას და აცხადებს, რომ სახელმწიფო მსგავსი დოკუმენტების შემუშავების დროსაც არ ითვალისწინებს აფხაზებისა და ოსების აზრს.
„ასეთი დოკუმენტების მომზადებისას ერთი ადამიანი მაინც უნდა მონაწილეობდეს იქითა მხრიდან. სახელმწიფოს არ აქვს პასუხი ბევრ რამეზე. ძმობის შესახებ მოწოდებების იქით არ მიდის ქართული პოლიტიკა“, – განმარტავს ნანუაშვილი. 
რა ეტაპზეა ჩართულობის და შერიგების 2010 წლის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვა და მონაწილეობენ თუ არა მასში აფხაზები და ოსები, კითხვით მივმართეთ შერიგების სამინისტროს, რომელმაც მეორე კითხვაზე პასუხი არ გაგვცა.
„შერიგების სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით, 2021 წლის აპრილში დაიწყო ჩართულობის და შერიგების 2010 წლის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით მიმდინარე უფრო ფართო პროცესის, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების განახლებული სტრატეგიული ხედვის განვითარების ნაწილია და მის ერთ-ერთ დეპოლიტიზებულ, ადამიანზე ორიენტირებულ განზომილებას წარმოადგენს. სტრატეგიული გადახედვის ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები სტრატეგიული პარტნიორების – ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან”, – განუცხადეს წერილობით ნეტგაზეთს სამინისტროში.  
კონფლიქტების ტრანსფორმაციის ახალ შესაძლებობებზე საუბრისას, არასამთავრობო სექტორი, პირველ რიგში, საქართველოს ევროინტეგრაციას ასახელებს და ფიქრობს, რომ სწორედ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის ქვეყნებში განათლების მიღებისა და მოგზაურობის პერსპექტივა უნდა აქციოს ქართულმა სახელმწიფომ აფხაზებისა და ოსებისთვის საინტერესოდ.
„საქართველოს უყურებენ, როგორც ფანჯარას ევროპაში. თუმცა, რაც არ უნდა ვეძახოთ მათ – ჩვენ მივდივართ და წამოგვყევითო, თუ ევროპული ინსტიტუციები არ ავაშენეთ, შიდა სამუშაოები არ ჩავატარეთ, რომ მიმზიდველი გახდეს საქართველო, შედეგი არ დადგება“, – ამბობს მარინა ფაღავა, ფონდი „კავკასიური დიალოგის“  წარმომდგენელი. 
საქართველოში მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების და ექსპერტების მიერ  შემუშავებულ რეკომენდაციებში სწორედ იმ ხელის შემშლელ ფაქტორებზეა საუბარი, რითაც ქვეყანა ჯერჯერობით, მიმზიდველი ვერ გახდა ვერც აფხაზებისთვის და ვერც ოსებისთვის – „პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თვალსაზრისით სიტუაცია არათუ მსუბუქდება, არამედ სულ უფრო ღრმა კრიზისულ ხასიათს იძენს, რაც ახლო მომავალში კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობებს კიდევ უფრო ართულებს“. 

პუბლიკაცია მომზადდა პროექტის – „თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ნდობის აღდგენისა და ქართულ საზოგადოებაში წარსულის გადაფასების შესახებ დიალოგის ხელშეწყობა“  ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდის ifa (Institut für Auslandsbeziehungen), Funding programme zivik მხარდაჭერით ახორციელებს.  პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას.  

წყარო: https://netgazeti.ge/south_caucasus/620814/
იხილეთ სტატიის რუსული ვერსია: Пути примирения не коротки – переоценивание прошлого для разрешения конфликтов
სიახლეები