სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრი სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვის კანონით გათვალისწინებული ვადების დარღვევით გადავადებას ეხმიანება

22.07.2022
ფონტის ზომა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის სასამართლო პროცესი 2022 წლის 4 ოქტომბრამდე, 2-თვენახევრით გადაიდო. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად, მოსამართლეთა კოლეგიამ აგვისტოს თვეში მათი შვებულებები დაასახელა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 სექტემბრამდე უნდა დაესრულებინა საქმის განხილვა და გამოეტანა განაჩენი.

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო საჩივრისა და საქმის მიღებიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სხდომა იმართება საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 1 თვის ვადაში. საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოაქვს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 თვის ვადაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ამ საქმის ორთვენახევრით გადადება (ნაცვლად 2 თვისა) საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევაზე მიუთითებს.

საპროცესო ვადის დარღვევის ფაქტი, მნიშვნელოვანია შეფასდეს იმ კუთხითაც, თუ რამდენადაა საქმე გაჭიანურებული უსაფუძვლოდ და ამასთან, იკვეთება თუ არა მოსამართლეთა პერსონალური ბრალეულობა. ამ საკითხის შეფასება მნიშვნელოვანია, რადგან გარდა საპროცესო ვადის დარღვევისა, ასევე ირღვევვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ერთ–ერთი მთავარი პრინციპი: „სამართლიანი პროცესი და სწრაფი მართლმსაჯულება“ (სსსკ-ის მე-8 მუხლი). მოცემულზე მსჯელობისათვის, მიზანშეწონილია ყურადღება გამახვილდეს შემდეგ სამართლებრივ საკითხებზე:

საქართველოს სსსკ-ის მე-8 (1) მუხლის თანახმად, ბრალდებულს აქვს სწრაფი მართლმსაჯულების უფლება ამ კოდექსით დადგენილ ვადებში. პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ უფლებაზე, თუ ეს აუცილებელია დაცვის სათანადოდ მომზადებისათვის (მე-8 (2)). 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში აღიარებულია, გონივრულ ვადაში საქმის სასამართლო განხილვის უფლება. დანაწესი მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ ბრალდებულ პირებს არ მოუწიოთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბრალდებულის სტატუსში ყოფნა და ბრალეულობის საკითხზე გადაწყვეტილება დროულად იქნას მიღებული (Wemhoff v Germany, § 18; Kart v. Turkey, § 68 ).

სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვადა, რომელიც მე-6 მუხლითაა გათვალისწინებული, სამართალწარმოების მთელ პერიოდს (König v. Germany, § 98), მათ შორის გასაჩივრების წარმოებასაც გულისხმობს (Delcourt v. Belgium, §§ 25-26; König v. Germany, § 98; V. v. the United Kingdom[GC], § 109). გარდა ამისა, მუხლი 6(1) წარმოების დასრულების პერიოდად ასახელებს წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადას; ეს შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც, როდესაც სააპელაციო სასამართლო ბრალეულობასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას (Neumeister v. Austria, § 19).

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განმარტების ფარგლებში, დადგენილი პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, სამართალწარმოების ხანგრძლივობის გონივრულობა განისაზღვრება შემდეგ გარემოებათა გათვალისწინებით: ა) საქმის სირთულით, როგორც საქმის ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი კუთხით,  მტკიცებულებების გამოკვლევის მოცულობით  და ა.შ.  (Katte Klitsche de la Grande v. Italy; Papachelas v. Greece); ბ) მხარეთა მოქმედებებით, რაც გულისხმობს მაგალითად, ადვოკატთა ხშირ ცვლილებას (König v. Germany); გ) შუამდგომლობებით, რომელიც გამიზნულია პროცესის გასაჭიანურებლად, ან უბრალოდ დაკავშირებულია გარკვეულ ვადებთან, ასევე სხვა მოქმედებებით, რაც იწვევს საქმის განხილვის ვადის გაგრძელებას (Acquaviva v. France); დ) საქმის განმხილველი მოსამართლის მოქმედებებით. აღნიშნულს ყურადღება უნდა მიექცეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოსამართლის მიერ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა/ჩაუტარებლობის მიმართებით (Pafitis and others v. Greece; Sürmeli v. Germany).

როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის გამამტყუნებელი განაჩენი (თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით) მიჩნეულია პოლიტიკურად მოტივირებულად, რაც მის დასჯას ემსახურება. ამის პარალელურად კი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა მიერ საქმის განხილვის კანონით გათვალისწინებული ვადების დარღვევით გადავადება, რის არგუმენტად შვებულებებში გასვლაა მოხმობილი, როდესაც სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოასწოროს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლაჩა ჩხიკვაძის მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენით დამდგარი საშიში პრეცედენტი, საზოგადოებაში მოსამართლეთა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის მიმართ ეჭვებს აჩენს.

მოსამართლეთა საყოველთაო ქარტიის მე-5 მუხლის თანახმად, სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას მოსამართლე უნდა იყოს მიუკერძოებელი და ეს უნდა იყოს გამოხატული. მოვლენათა გარეგნულად გამოჩენის ფორმას – აღქმას, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან, ამ დროს სასწორზე დევს ის ნდობა, რომელსაც სასამართლოები ნერგავენ დემოკრატიულ საზოგადოებაში.

სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების 3.1. პუნქტის შესაბამისად, მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს რომ მისი საქციელი გონიერი დამკვირვებლის თვალში იყოს უმწიკვლო. ამასთან, 3.2. პუნქტის მიხედვით, მოსამართლის ქცევამ და მოქმედებამ უნდა განამტკიცოს საზოგადოების ნდობა სასამართლოს შეუვალობის მიმართ. მართლმსაჯულება არა მხოლოდ უნდა აღსრულდეს, არამედ უნდა გამოჩნდეს როგორც აღსრულებული. ამასთან, სასამართლო მიუკერძოებელი უნდა იყოს ობიექტური თვალსაზრისითაც, ე.ი. ის უნდა სთავაზობდეს საზოგადოებას საკმარის გარანტიებს, რათა გამოირიცხოს ლეგიტიმური ეჭვი ამ კუთხით (Pullar v. the United Kingdom).

დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის შეფასებისთვის, კერძოდ, თუ რამდენად მიუკერძოებლად გამოიყურება მოსამართლე საზოგადოების თვალში, კრიტერიუმად გამოიყენება საღად მოაზროვნე გარეშე დამკვირვებლის სტანდარტი. მოსამართლის ქცევა ფასდება ჰიპოთეზური გარეშე დამკვირვებლის პოზიციიდან, რათა ხაზი გაესვას გამოყენებული კრიტერიუმის ობიექტურობას, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოსადმი საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნების აუცილებლობას.

მოსამართლეთა მხრიდან, შვებულებებში გასვლის საკითხი საქმის განხილვის და განაჩენის გამოცხადების სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევის გამართლებად და ობიექტურ კრიტერიუმად ვერ მიიჩნევა. ამგვარი არგუმენტის მოყვანა, სრულიად დაუსაბუთებელი, სასამართლო ხელისუფლებისთვის მიუღებელი და უკანონოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნიკა გვარამიას მიმართ საპატიმრო სასჯელია გამოყენებული და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზეა საუბარი. ეს კი, ქმნის “საფუძვლიანი ეჭვს“ მიკერძოების თაობაზე.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს:  
● მოსამართლეებმა უზრუნველყონ, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები მკაცრად იქნას დაცული, რათა უხეშად არ დაირღვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირის  უფლებები;
●სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების გათვალისწინებით და დაცვით, აამაღლოს საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ;
მოსამართლეებმა უზრუნველყონ სამართლიანი სასამართლო პროცესი ისე, რომ მიღებული გადაწყვეტილებები პასუხობდეს დასაბუთების მაღალ სტანდარტს.
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...