სიახლეები

სახელმწიფო უწყებებმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ რეაგირება სასამართლო ხელისუფლებაში სისტემური კორუფციის ნიშნებზე

10.08.2022
ფონტის ზომა
 
2022 წლის 6 აგვისტოს გავრცელდა სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების სიუჟეტი „სასამართლო კლანის ლიდერების დამალული სიმდიდრე“. სიუჟეტში მოყვანილია ფაქტები სასამართლო სისტემაში გავლენიანი მოსამართლეების სავარაუდო დამალული ქონების და შემოსავლების შესახებ. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში მაღალ ადმინისტრაციულ პოზიციებზე მყოფი მოსამართლეების: მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი ბონდარენკოს, სერგო მეთოფიშვილის დეკლარირებული ხარჯები, ასევე - თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის სამდივნოს უფროსის ლელა ჭანიას ქონება და გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება მათ შემოსავალს. არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, მოსამართლეები მალავდნენ ქონებას და შემოსავლებს ნათესავებზე, მეგობრებზე, ახლობლებზე გადაფორმების გზით. ქონების და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ეჭვს აჩენს მათი წარმომავლობის კანონიერებაზე. დამალული ქონება მოსამართლეებს და სასამართლოს მოხელეს შესაძლოა, კორუფციული გზით ჰქონდეთ მოპოვებული და მიუთითებდეს სასამართლო ხელისუფლებაში სისტემური კორუფციის არსებობაზე.  
 
სიუჟეტში მოყვანილია ხსენებული მოსამართლეების მხრიდან საკუთარი შემოსავლებისა და ქონების სხვადასხვა გზებით დამალვის ფაქტები. მაგალითად:
-       თბილისის სააპელიო სასამართლოს თავმჯდომარე, ყველაზე გავლენიანი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არ მიუთითებს მისი მამიდის მფლობელობაში არსებულ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას. მამიდა მიხეილ ჩინჩალაძესთან მცხოვრები პირია და მის სახელზე რიცხული ქონების დეკლარირების ვალდებულებას მიხეილ ჩინჩალაძეს კანონი აკისრებს; მეორე მხრივ, შესაძლოა, ეს იყოს მიხეილ ჩინჩალაძის ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც მამიდის სახელზეა გადაფორმებული.
-       მოსამართლეთა კლანის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან მურუსიძე მალავს სავარაუდოდ მასთან მცხოვრები პირის, ლელა ჭანიას საკუთრებაში არსებულ დიდი ოდენობის უძრავ-მოძრავ ქონებასა და შემოსავალს, რომლის დეკლარირების ვალდებულებას ლევან მურუსიძეს კანონი აკისრებს.   
-       მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ირაკლი ბონდარენკო და სერგო მეთოფიშვილი დეკლარაციაში არ ასახავენ მოგზაურობის და სხვა ხარჯებს, რის დეკლარირებასაც მათ კანონი ავალდებულებს.
-       სამდივნოს უფროსის, ლელა ჭანიას ქონების ღირებულება მკვეთრად აღემატება მის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს.  
 
საგამოძიებო სიუჟეტში მოყვანილია მრავალი ფაქტობრივი ინფორმაცია, რაც შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საკმარისი საფუძველია სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებისთვის. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა, სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების სერიოზულობის ხარისხი და სამართლის უზენაესობის პრინციპის დაცვის ინტერესი მოითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება, რათა დადგინდეს მოსამართლეების ქონების წარმომავლობა და ხომ არ არის აღნიშნული ქონება მოპოვებული კორუფციული თუ სხვა დანაშაულებრივი გზით (ქრთამის აღება, ფულის გათეთრება თუ სხვა).
 
იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა მოსამართლეების მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ეს თავის მხრივ, წარმოადგენს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველს. კერძოდ, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 751-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა (ქმედება, რომელიც არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს), მათ შორისაა, თანამდებობის პირის მიერ უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების ფლობა. აღნიშნული სამართალდარღვევა, დადასტურების შემთხვევაში, შეიძლება გახდეს მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველი.
 
სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები არაერთხელ გამხდარა შიდა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების საგანი. სასამართლო სისტემაში კორუფციის ნიშნების არსებობა სერიოზულ ზიანს აყენებს სამართლის უზენაესობის პრინციპს, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას, ასევე, მიუთითებს მოსამართლეების არაკეთილსინდისიერებაზე, რაც შეუთავსებელია მათ თანამდებობასთან. ამის გამო, მედიის მიერ შესწავლილი და გავრცელებული საგანგაშო ფაქტები საჭიროებს ყველა იმ უწყების დაუყოვნებლივ რეაგირებას, რომელთა კომპეტენციაში შედის მსგავსი ფაქტების გამოკვლევა:    
 
-       მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სიუჟეტში ასახული ფაქტების საფუძველზე, დროულად გამოიძიოს მოსამართლეების მხრიდან სავარაუდო კორუფციული დანაშაულების ჩადენის შესახებ ინფორმაცია და დამნაშავეები მისცეს პასუხისგებაში.  
 
-       მოვუწოდებთ საჯარო სამსახურის ბიუროს, განსაკუთრებული კორუფციული რისკისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შეისწავლოს მოსამართლეების დეკლარაციებში შეტანილი ინფორმაციის სისწორე და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
 
  • დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი GIL 
  • დემოკრატიის ინდექსი - საქართველო DIG 
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი DRI 
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი HRC 
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი Court Watch
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA 
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი 
  • უფლებები საქართველო Rights Georgia 
 
  
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...