სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრი უკრაინელი ლტოლვილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის დასრულებას ეხმიანება

10.08.2022
ფონტის ზომა
გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინელ ლტოლვილთა რაოდენობამ ხუთ მილიონს გადააჭარბა. ისინი მეზობელი სახელმწიფოების გარდა, თავშესაფარს საქართველოშიც ეძებენ. 

თავშესაფრის მაძიებლის დაცვა ადამიანის უფლებათა სამართლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და რეგულირდება როგორც საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე, ეროვნული კანონმდებლობით. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ კონვენციის 21-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა მათ ტერიტორიაზე მყოფ ლტოლვილებს შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო უნდა, შეუქმნან. ლტოლვილთათვის სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 60-ე მუხლის პირველი პუნქტიც განამტკიცებს. შესაბამისად, მისასალმებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის აგრესიას გამოქცეულ უკრაინელ ლტოლვილებს საცხოვრებლით უზრუნველყოფდა, მაგრამ ეს პროგრამა 2022 წლის 31 ივლისს დასრულდა. ქ. თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები 2022 წლის 15 ივლისიდან ფულად დახმარებას მიიღებენ.

გასათვალიწინებელია, უკრაინელი ლტოლვილების წუხილი, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი თანხა საქართველოში ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის, განსაკუთრებით - მათთვის, ვინც ჯანმრთელობის, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა მიზეზის გამო დასაქმებას ვერ ახერხებს. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ უძრავი ქონების ფასების მომატება საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ რაოდენობასაც უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შორის პირველ ადგილზე არის რუსეთის ფედერაცია. საზოგადოებაში არსებობს მოსაზრებები, რომ რუსეთიდან საქართველოში შემოდიან არა მხოლოდ ის ადამიანები, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ, არამედ ისინიც, ვინც ფინანსური სანქციებიდან გამომდინარე, უკეთეს პირობებში ცდილობენ ცხოვრებას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში 1 წლის ვადით ყოფნის უფლება, საფრთხეს გრძნობენ საქართველოს მოქალაქეები და ისინი რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას პეტიციით ითხოვენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აქტიურად ეხმარება უკრაინელ ლტოლვილებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები მათ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს უწევენ, როგორც ლტოლვილის სტატუსის მოპოვების, აგრეთვე, მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიღებასა და სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებში. აღსანიშნავია, რომ უკრაინელ ლტოლვილებთან ურთიერთობისას იკვეთება ისეთი ხარვეზი, როგორიცაა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის არაკოორდინირებული მუშაობა, ასევე - ინფორმაციის არარსებობისა და ხელმისაწვდომობის პრობლემები. 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

•    გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინელი ლტოლვილების საქართველოში ღირსეულ პირობებში ცხოვრების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, შეიმუშაოს მათთვის დასაქმების პროგრამები;
•    უზრუნველყოს უკრაინელი ლტოლვილებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შესაბამისი სერვისებისა და პროცედურების შესახებ;
•    ყურადღება დაუთმოს საზოგადოების შეშფოთებას საქართველოში შემოსულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან დაკავშირებით და გაატაროს ყველა შესაძლო ღონისძიება ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად, ვითარების დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები