სიახლეები

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო კოალიციის განცხადებას ეხმიანება

12.08.2022
ფონტის ზომა
ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭომ (CCJE) 10 აგვისტოს გამოაქვეყნა სპეციალური განცხადება, რომლითაც ეხმიანება იუსტიციის სამინისტროს მიერ საკონსულტაციო საბჭოს წევრის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსს. 

CCJE-ის განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ კონკურსის დაჩქარებული წესით წარმართვა, ისე რომ პოტენციურ კანდიდატებს შესაძლოა არც ჰქონოდათ მის შესახებ ინფორმაცია, აჩენს კითხვებს თავად კონკურსის სამართიანობასა და მის ხარისხზე. განცხადებაში აგრეთვე პრობლემურად არის წარმოჩენილი ის, რომ კონკურსის თაობაზე მანამდე ინფორმირებული არ ყოფილა საკონსულტაციო საბჭოს მოქმედი წევრი საქართველოს კვოტით - უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური, რომელიც ამ პოზიციაზე 2024 წლამდეა გამწესებული. CCJE აგრეთვე ხაზს უსვამს, რომ ნინო ბაქაქურის მუშაობა საკონსულტაციო საბჭოში არის მაღალი პროფესიული სტანდარტების და საბჭო მნიშვნელოვან ექსპერტულ მხარდაჭერას იღებს მისგან სამუშაო ჯგუფებსა თუ პლენარულ შეხვედრებში. 

იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსს რამდენიმე დღის წინ კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ კოალიცია. კოალიციის კრიტიკას იზიარებს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოც და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, რომ უზრუნველყოს კონკურსის მაღალი სტანდარტებით წარმართვა, რომლის ფარგლებშიც კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები იქნება მათი კომპეტენცია, კეთილსინდისიერება და დამოუკიდებლობა.  

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, განმარტოს შესარჩევი კონკურსის გამოცხადების მიზეზები იმ პირობებში, როდესაც, საქართველოს კვოტით, მინიმუმ 2024 წლამდე, აღნიშნულ პოზიციას  მოსამართლე ნინო ბაქაქური იკავებს და მას, წევრობის ვადამდე შეწყვეტის თხოვნით, უფლებამოსილი ორგანოებისთვის არ მიუმართავს.
სიახლეები
Loading...