სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ოჯახში ძალადობის საქმეების წარმოებისას მართლმსაჯულების ხარვეზების თაობა

13.09.2022
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია ბოლო პერიოდში კვლავ გახშირებული ფემიციდის ფაქტებით და მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლები. ცენტრის წარმოებაში არსებული საქმეებიდან იკვეთება ტენდენცია, რომ ძალადობაში ბრალდებული პირების მიმართ ბოლო პერიოდში იმატა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებამ. საქმეების სასამართლოში განხილვამდე გირაოს წესით გათავისუფლებულ მოძალადეებს კვლავ აქვთ კონტაქტი მსხვერპლებთან, რომლებიც თავს უკიდურესად დაუცველად გრძნობენ და თავდასხმის მუდმივ შიშში ცხოვრობენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უწევს მსხვერპლებს, რომლებიც არიან დაზარალებულები ოჯახში ძალადობის საქმეებზე.  საქმეების წარმოების პროცესში არაერთი ხარვეზი ვლინდება, რაზეც ორგანიზაცია წლების განმავლობაში ამახვილებს ყურადღებას. 

ოჯახში ძალადობის საქმეებზე კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება სამართალწარმოების დროს მართლმსაჯულების მიდგომა სავარაუდო მოძალადე პირის  მიმართ.  მოცემულ  საქმეებზე, რიგ შემთხვევებში სხვა, იმავე  სიმძიმის დანაშაულებთან შედარებით, სასამართლო ავლენს უფრო ლმობიერ მიდგომას და ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით უფარდებს გირაოს.  
სასამართლოების მხრიდან, მოცემულ საქმეებზე ბრალდებულების მიმართ მსგავსი ლმობიერი მიდგომა წარმოადგენს სახიფათო ტენდენციას და ზრდის შემდგომში უფრო მძიმე შედეგების დადგომის რეალურ რისკს. ასევე, მსხვერპლისთვის დაუცველობის  განცდა უფრო მატულობს, როდესაც ძალადობაში მხილებული პირი არის თავისუფლებაში. 

მითითებული სახიფათო ტენდენცია ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ვალდებულებას, სათანადოდ დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლები.  სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება მოიცავს, როგორც ადეკვატური საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას, ასევე, შესაბამისი პრევენციული ზომების ეფექტიანად გამოყენებას. შესაბამისად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობის გამოჩენა ხელისუფლების ყველა შტოს პასუხისმგებლობას წარმოადგენს. სასამართლო ხელისუფლების მხრიდან კი ძალადობაში მხილებული პირისთვის გირაოს შეფარდება წამახალისებელია როგორც კონკრეტულ დანაშაულში მხილებული მოძალადისთვის, ასევე, ქმნის ზოგადად დანაშაულის ხელშემწყობ კლიმატს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლოებმა უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის სპეციფიკა, ადეკვატურად შეაფასოს ის შესაძლო საფრთხეები, რაც შეიძლება მომდინარეობს ძალადობაში მხილებული ბრალდებულისგან და გამოიყენოს შესაბამისი სიმძიმის აღკვეთის ღონისძიება.

სიახლეები
Loading...