სიახლეები

თავდასხმა თანამშრომლობის ნაცვლად: შემაშფოთებელია ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან უფლებადაცვითი ორგანიზაციების შევიწროება

15.09.2022
ფონტის ზომა
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ბოლო პერიოდში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან მედია თავდასხმის ფაქტებს. შემაშფოთებელია, მათ შორის მმართველი პარტიის წევრების მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის კომენტარები არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლებთან დაკავშირებით. აღნიშნულ განცხადებებში მათ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობა. აღნიშნული ბრალდებები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის მადისკრედიტირებელი ეფექტი აქვს, ასევე საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო და უფლებადაცვით ორგანიზაციებისთვის უსაფრთხო გარემოს არსებობას.  

13 სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ “პოლიტიკურ პარტიებად” ჩამოყალიბდნენ და ისინი პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში ვერ ჩაერთვებიან. უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი გახდა “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) მედიაპროექტი “ფაქტ–მეტრი” (FactCheck.ge). ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ავიწროებენ, მათ შორის „პოლიტიკურ პარტიებად“მოიხსენებენ, ცილს სწამებენ მათ და მათთან დიალოგის ფორმატს წყვეტენ.

შემაშფოთებელია ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე მსგავსი ხასიათის თავდასხმები. ამგვარი განცხადებები შეიძლება მივიჩნიოთ როგორც ადრეული სიგნალი და საფრთხე ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფალ გარემოში საქმიანობისთვის. აუცილებელია პარალელების გავლება და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაც, როდესაც გარკვეული სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების „მიზანში ამოღება“ ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი. ასეთ რეჟიმებში ბოლო პერიოდის ტრენდს წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, განსაკუთრებით უფლებადაცვით და დემოკრატიზაციის ხელშემწყობ ორგანიზაციებზე თავდასხმები, მათი ფინანსური ბრუნვის კონტროლი და „უცხოურ აგენტებად“ გამოცხადება. მსგავსი ტრენდი შეინიშნება რუსეთში, აზერბაიჯანში,  უნგრეთში და არამხოლოდ.

საქართველოს ხელისუფლებას სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით ნაკისრი აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მათ პოზიტიურ როლს ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაში.[1] მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ პოლიტიკური და სოციალური საკითხების გარშემო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ამგვარი მტრული დამოკიდებულება კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ სამოქალაქო და საჯარო სექტორს შორის დიალოგს კიდევ უფრო აფერხებს, რაც თავის მხრივ მეტად უზღუდავს სივრცეს სამოქალაქო საზოგადოებას.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა:

  • შეწყვიტონ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმები და მათი შევიწროება
  • გააძლიერონ სამოქალაქო სექტორის, მათ შორის მისი კრიტიკულად განწყობილი ნაწილის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აწარმოონ მათთან ჯანსაღი დისკუსია და დიალოგი.
  • უზრუნველყონ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების  და უფლებადამცველების საქმიანობისთვის უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს არსებობა, რაც გამოიხატება მათთვის საჯარო მხარდაჭერის გამოცხადებით, ასევე მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებით.
ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • მედიის ინსტიტუტი;
  • საფარი;
  • უფლებები საქართველო;
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
  • ალტერნატივა ჯორჯია;  
  • ჩართულობის და განვითარების ცენტრი;
  • საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS);
  •  ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი;
  • ადამიანის უფლბებების ადვოკატირების და დემორკატიის ფონდი;
  • ღია საზოგადოება –  საქართველო;
  • მოძრაობა „სირცხვილია“;
  • ქალთა ფონდი საქართველოში;
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  • საქართველოს შემეცნებითი ცენტრი;
  • სოლიდარობის თემი;
  • მედიის განვითარების ფონდი;
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

[1] როგორც ეს გაწერილია: 2013 წლის აპრილის ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაში (UN Doc: A/ HRC/RES/22/6), OP 5. და 2015 წლის დეკემბრის გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში (UN Doc: A/ RES/70/161), OP 4 და OP 21
სიახლეები