სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, ე. წ. ყინწვისის საქმეზე გასამართლებული ყველა ყოფილი პოლიტპატიმარი გამართლდა

28.09.2022
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ე.წ. ყინწვისის საქმეზე 2011 წელს გასამართლებული 12 პირი, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად არიან აღიარებული.  სააპელაციო სასამართლომ განაჩენი 2022 წლის 23 სექტემბერს გამოაცხადა. 

2011 წლის ივლისის თვის განაჩენებით, ე.წ. ყინწვისის საქმეზე გასამართლებულ 24  პირს მსჯავრი ედებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის, რაც გულისხმობს  შეთქმულებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. 

საქმეში არსებული უხეში და თვალსაჩინო დარღვევების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების, გამოძიებაში არსებული ცხადი პოლიტიკური მოტივების გამო, ადამიანის უფლებათა ცენტრი იყო ინიციატორი, ე. წ. ყინწვისის საქმის მონაწილე პირებს მინიჭებოდათ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი, რაც 2013 წელს საქართველოს პარლამენტმა დააკმაყოფილა.

შემდეგ წლებში ამ საქმეში მსჯავრდებულ პირთა მიმართ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულები კიდევ უფრო თვალნათელი გახდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ“.

მოცემულ საქმეზე,   განაჩენების გადასინჯვის  და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით  ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის საფუძველზე 2021 წლის თებერვლის თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლომ 12 ყოფილი პოლიტპატიმრის მიმართ გამამართლებული განაჩენი გამოიტანა. 2021 წელსვე,  ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლოებრივი დახმარების შედეგად, ე.წ. ყინწვისის საქმეზე დარჩენილი 12 პირის მიმართ განაჩენების გადასინჯვისა  და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ გამართლებული პირების სამართლებრივ ინტერესებს სასამართლო პროცესზე წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი იცავდა. 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ადამიანის უფლებათა ცენტრის მრავალწლიანი შრომის შედეგი, რის შედეგადაც ყინწვისის საქმის მონაწილე ყველა პირის სამართლებრივი რეაბილიტაციისასთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები