პრეს-რელიზი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის უფლების თაობაზე მომზადებულ ანალიტიკურ დოკუმენტს წარმოადგენს

12.10.2022
ფონტის ზომა
13 ოქტომბერს 13:00 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციაზე წარმოადგენს ანალიტიკურ დოკუმენტს - ,,პატიმრის უფლება ჯანდაცვაზე - მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესის და თანმდევი მოვლენების ანალიზი’’

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდანვე აქტიურად უწევს მონიტორინგს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების განხილვას.

ანალიტიკური დოკუმენტი ეყრდნობა სხვადასხვა კვალიფიციურ წყაროს, პირველ რიგში კი - ადამიანის უფლებათა ცენტრის სასამართლო მონიტორის მიერ მომზადებულ სასამართლო სხდომების მონიტორინგის ანგარიშებს. დოკუმენტში, ეროვნულ კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური გადაწყვეტილებების მისადაგების საფუძველზე, გაკეთებულია შედარებითი-სამართლებრივი ანალიზი, რითაც უფრო ნათლად წარმოჩინდა სხვადასხვა სამართლებრივი პრობლემა. 

გასულმა თვეებმა აჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციის პროცესში სახელმწიფო არ/ვერ ასრულებს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემულ რეკომენდაციებს ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. კონსილიუმის ბოლო დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მედიკამენტოზურმა მკურნალობამ, რომელიც ამ პერიოდის შემდეგ პაციენტს მიეწოდებოდა, შედეგი არ გამოიღო და მდგომარეობა დამძიმდა.

მიუხედავად პირის სოციალური და სამართლებრივი სტატუსისა, ჯანმრთელობის უფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და განსაკუთრებული ადგილი უკავია ჯანმრთელობის დაცვის ადეკვატური სტანდარტების ჩამოყალიბებაში. თავისუფლებააღკვეთილი პირების ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა განსაზღვრულია როგორც საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე ეროვნული კანონმდებლობით.

ანალიტიკურ დოკუმენტში ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არასათანადო სამედიცინო მომსახურებისა და სავარაუდოდ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით შემუშავებულია რეკომენდაციები, რომელიც მიემართება სასამართლო ხელისუფლებას, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ პატიმრის ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს სასჯელის გადავადებაზე და მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის მიცემაზე.

ანალიტიკური დოკუმენტი მომზადდა აშშ-ის ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით.
პრესკონფერენცია გაიმართება მისამართზე: აკაკი გახოკიძის 11 ა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი.
პრეს-რელიზი