სიახლეები

ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში - ანგარიშის პრეზენტაცია

18.10.2022
ფონტის ზომა
21 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოაქვეყნებს ანგარიშს - „ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში“. ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება ონლაინ, პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით, ბმულზე: us02web.zoom.us/j/85654603710 (Meeting ID: 856 5460 3710 )

ანგარიში ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ 2021 და 2022 წლებში შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მონიტორინგის ვიზიტების შედეგებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა ამ პერიოდში 14 სოფელი მოინახულეს 5 მუნიციპალიტეტში, გაესაუბრნენ სოფლებში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას და დაათვალიერეს ის ადგილები, სადაც არსებული პრობლემები ფიზიკური შემოწმების შესაძლებლობას იძლეოდა. ორგანიზაციამ, ასევე, მიმართა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, მოითხოვა საჯარო ინფორმაცია და რეაგირება სოფლებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, ოკუპაციით გამოწვეულ უსაფრთხოების პრობლემებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების წინაშე დგას. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულმა მცოცავმა ოკუპაციამ შეზღუდა მათი წვდომა გარშემო არსებულ ბუნებრივ რესურსებზე, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, ტყესა და საძოვრებზე. 

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მწვავე პრობლემას წარმოადგენს ასევე ადეკვატურ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა. გაუმართავია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა. რიგ სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ ფუნქციონირებს. მოუწესრიგებელია შიდა საუბნო და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები. მსგავსი პრობლემები განსაკუთრებით საგანგაშოა ხანდაზმული პირებისთვის, რომლებსაც უჭირთ გადაადგილება და ხშირად საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას.

ანგარიში მომზადდა ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის პოზიციას. შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი ანგარიშის შინაარსზე.   
 
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით