სიახლეები

კოალიცია მოსამართლეთა XXXI კონფერენციას ეხმაურება

25.10.2022
ფონტის ზომა
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ხელახალ არჩევას. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილებები აძლიერებს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას და ხელს უშლის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის განაცხადის პასუხად გაცემული ევროკომისიის რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული. 

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს მოსამართლეთა XXXI კონფერენცია გაიმართა.  კონფერენციის დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის არჩევა იყო.  საბჭოში წევრების ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც უკვე ყოფილმა წევრებმა, გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობები საკუთარი ინიციატივით დატოვეს.  აღსანიშნავია, რომ აბუსერიძე 17 ოქტომბრიდან უზენაესი სასამარლოს სადისციპლინო პალატის წევრია, რაც იუსტიციის საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელია.  თუმცა, საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, რა გახდა საბჭოს ყოფილი წევრის, გიორგი გოგინაშვილის მიერ თანამდებობების ვადაზე ადრე დატოვების მიზეზი მაშინ, როდესაც ის იუსტიციის საბჭოს წევრად გასული წლის 31 ოქტომბერს იქნა არჩეული. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თავმოყრილი ძალაუფლება ბუნებრივად აჩენს საჭიროებას, რომ საბჭო გამჭვირვალედ და სამართლიანად დაკომპლექტდეს, რაც შეამცირებს მის საქმიანობაზე შიდა თუ გარე გავლენის რისკებს. სამწუხაროდ, 23 ოქტომბერს გამართული მოსამართლეთა კონფერენცია მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა კომპლექტდებოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. უპირველეს ყოვლისა, კითხვებს ბადებს, მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის მიერ თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვება; გარდა ამისა,  კონფერენციის დღემდე უცნობი იყო, თუ ვინ იქნებოდა საბჭოს წევრობის კანდიდატები; მოსამართლეთა კონფერენციაზე ნომინირებული იყო ზუსტად იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანტური პოზიციაც იყო.

კონფერენციაზე დამსწრე 279 მოსამართლიდან აბსოლუტურმა უმრავლესობამ კი ისე დაუჭირა მხარე დასახელებულ კანდიდატურებს, რომ არც საბჭოს ძველი წევრების წასვლის მიზეზებით დაინტერესებულა და არც ახლადარჩეული წევრების გეგმებით.  

მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ახალი მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი აჩენს განცდას, რომ საბჭოში ორი პოზიცია დიმიტრი გვრიტიშვილისა და ლევან მურუსიძისთვის გათავისუფლდა. მურუსიძის და გვრიტიშვილის გვარები კი პირდაპირ უკავშირდება სასამართლო სისტემაში არაფორმალურ გავლენებსა და  კლანურ მმართველობას.

უკანასკნელ პერიოდში სასამართლო სისტემაში მიღებული გადაწყვეტილებები სრულიად წინააღმდეგობაშია, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან.  იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საერთაშორისო პარტიონერების არაერთი მოწოდების მიუხედავად, კვლავ განაგრძობს მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას და ყველა ბერკეტს იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ამასთანავე, მურუსიძისა და გვრიტიშვილის საბჭოში ხელახალი არჩევა არის პირდაპირი პასუხი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ არ არსებობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმის ნება. ბოლო პერიოდის გამოცდილება აჩვენებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მიერ წლების მანძილზე სასამართლო სისტემის გაუმჯებესების კუთხით გაწეული ძალისხმევა მოსამართლეთა კლანის წევრების ქმედებებით მნიშვნელოვნად დაზიანდა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ   გავლენიან მოსამართლეებთან თანმშრომლობა და მათზე პარტნიორების რესურსების დახარჯვა, იმ პირობებში, როდესაც სასამრთლოს კლანის ქმედებები მხოლოდ მათი ძალაუფლების შენარჩუნებისა და გაძლიერებისკენაა მიმართული, სისტემის განვითარებაზე პოზიტიურ გავლენას ვერ მოახდენს. 

მიმდინარე მოვლენები კიდევ უფრო ამცირებს სასამართლოს სისტემური რეფორმის შესაძლებლობებს და აზიანებს ისედაც შელახულ ნდობას სასამართლოს მიმართ. ამავდროულად, სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვან პოზიციებზე პირების ამგვარი პროცესებით დანიშვნა წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შინაარსთან და აშკარად აჩვენებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სისტემური რეფორმის ნაცვლად, კიდევ უფრო ძლიერდება ამ ორგანოში არაფორმალური გავლენები და ძალაუფლების კონცენტრაცია. 
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით