პრეს-რელიზი

დღეს თბილისის ზღვის „სიკვდილის ზონის“ თაობაზე გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლო გამოაცხადებს

27.10.2022
ფონტის ზომა
 
დღეს, 12:50 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, მოსამართლე ლეილა მამულაშვილის თავმჯდომარეობით, გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორისა და ქალაქ თბილისის მერიის სააპელაციო საჩივრებზე. 

ქალაქ თბილისის მერიას სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც მას დაევალა გამაფრთხილებელი ბანერებისა და ბარიერების დამონტაჟება თბილისის ზღვის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ადგილას, სადაც ბოლო წლებში რამდენიმე არასრულწლოვანი დაიხრჩო. 

ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია არის „სიკვდილის ზონა“ თბილისის ზღვაზე, სადაც ბანაობა განსაკუთრებით საშიშია და აკრძალულია, მაგრამ ამის შესახებ მოქალაქეები წლების განმავლობაში არც ინფორმირებული იყვნენ და წინ არც გადაულახავი ბარიერი ეღობებოდათ. 2017 წელს სწორედ ამ ადგილას დაიღუპა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის 15 წლის ვაჟი, ცოტნე ცქიტიშვილი. ორმა დაზარალებულმა ოჯახმა 2017 წლის დეკემბერში ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ. თითქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლე ნათია ბუსკაძის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მერიას ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე დაევალა გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება, ასევე - ჩანჩქერის არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მასზე გადასვლა ვერავინ შეძლოს.

თბილისის მერიამ უარი განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რადგან თვლის, რომ იგი არ არის ქალაქში მსგავსი სასიკვდილო შემთხვევების პრევენციაზე პასუხისმგებელი. 

ამავე დროს, საინტერესოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის პარალელურად, მოპასუხე მხარემ, ფაქტობრივად, დააკმაყოფილა სარჩელის და ასევე, ამ დროისათვის უკვე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნა - ადგილი შემოზღუდა მყარი ბეტონის და რკინის მესერით, რომელზეც გააკრა ბანაობის ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ბანერები. თუმცა, პროცესზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლები - ქალაქ თბილისის მერიიდან და GWP-დან ვერ ასახელებდნენ, ვინ განახორციელა ადგილზე ეს სამუშაოები. ერთ-ერთ სხდომაზე კი GWP-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მერიის „თხოვნით“, ტერიტორია მათ შემოღობეს. მოსარჩელის მოთხოვნით, GWP-მ სასამართლოს შესაბამისი მასალებიც წარუდგინა.

თბილისის მერიის სააპელაციო სარჩელის საპასუხოდ ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა სააპელაციო შესაგებელი. დაზარალებული მხარე სააპელაციო სასამართლოში, ასევე, თვითონაც ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მას უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.

საქართველოში „სიკვდილის ზონების“ შესახებ ვრცლად იხ. თავისუფლების მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
პრეს-რელიზი
Loading...