სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის პრესკონფერენცია - ვინ არის თბილისის ზღვის „სიკვდილის ზონაზე“ პასუხისმგებელი?

27.10.2022
ფონტის ზომა
ხვალ, 28 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის თანახმად, დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწვეტილება, რითაც, თავის მხრივ, ქალაქ თბილისის მერიას დავალებული ჰქონდა თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება, ასევე - ჩანჩქერის არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა.

ამავე დროს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, მოსამართლე ლეილა მამულაშვილის თავმჯდომარეობით, არ დააკმაყოფილა  ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის ადმინისტრაციული საჩივარი, რითაც იგი ქალაქ თბილისის მერიისგან და წყლის გამანაწილებელი კომპანია GWP-სგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის განმარტებით, ვინაიდან ადგილზე GWP-მ  შემოსაზღვრა ტერიტორია და ბანერებიც განათავსა, აღარ არსებობს დავის საგანი მოპასუხე მერიის მიმართ. რაც შეეხება მოპასუხეებისთვის მორალური ზიანის დაკისრების საკითხს, სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობასა და დამდგარ შედეგს შორის. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. 

ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია არის „სიკვდილის ზონა“ თბილისის ზღვაზე, სადაც ბანაობა განსაკუთრებით საშიშია და აკრძალულია, მაგრამ ამის შესახებ მოქალაქეები წლების განმავლობაში არც ინფორმირებული იყვნენ და წინ არც გადაულახავი ბარიერი ეღობებოდათ. 2017 წელს სწორედ ამ ადგილას დაიღუპა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის 15 წლის ვაჟი, ცოტნე ცქიტიშვილი. ორმა დაზარალებულმა ოჯახმა 2017 წლის დეკემბერში ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ. თითქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლე ნათია ბუსკაძის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მერიას ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე დაევალა გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება, ასევე - ჩანჩქერის არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მასზე გადასვლა ვერავინ შეძლოს.

თბილისის მერიამ უარი განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რადგან თვლის, რომ იგი არ არის ქალაქში მსგავსი სასიკვდილო შემთხვევების პრევენციაზე პასუხისმგებელი. 

ამავე დროს, საინტერესოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის პარალელურად, მოპასუხე მხარემ, ფაქტობრივად, დააკმაყოფილა სარჩელის და ასევე, ამ დროისათვის უკვე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნა - ადგილი შემოზღუდა მყარი ბეტონის და რკინის მესერით, რომელზეც გააკრა ბანაობის ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ბანერები. თუმცა, პროცესზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლები - ქალაქ თბილისის მერიიდან და GWP-დან ვერ ასახელებდნენ, ვინ განახორციელა ადგილზე ეს სამუშაოები. ერთ-ერთ სხდომაზე კი GWP-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მერიის „თხოვნით“, ტერიტორია მათ შემოღობეს. მოსარჩელის მოთხოვნით, GWP-მ სასამართლოს შესაბამისი მასალებიც წარუდგინა.

თბილისის მერიის სააპელაციო სარჩელის საპასუხოდ ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა სააპელაციო შესაგებელი. ორგანიზაციის დახმარებით, დაზარალებულ მხარეს სააპელაციო სასამართლოში, ასევე, თვითონაც ჰქონდა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რითაც მას უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.

საქართველოში „სიკვდილის ზონების“ შესახებ ვრცლად იხ. თავისუფლების მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება.

პრესკონფერენცია გაიმართება მისამართზე:

ქ. თბილისი, აკაკი გახოკიძის 11ა, 0 სართული.
ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები