News

სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული საჩივარი დაარეგისტრირა

15.11.2022
Font size
ადამიანის უფლებათა  ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ საჩივარი, რითაც საქართველოს მოქალაქე, არასრულწლოვანი ბ.ხ. ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) დარღვევის დადგენას ითხოვს.

საჩივარში ყურადღება გამახვილებულია დანაშაულის არაეფექტიან გამოძიებასა და არასრულწლოვანი პირების უფლებების მიმართ სახელმწიფო ინსტიტუტების გულგრილ დამოკიდებულებაზე, რამაც არასრულწლოვანი პირების მიმართ მძიმე სასჯელის წარდგენა გამოიწვია. 

ბ.ხ. წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას, არასრულწლოვანი პირების მიმართ ფარული მიყურადება ხორციელდებოდა უნებართვოდ 2020 წლის 10 დეკემბრამდე,  იმ დროს, როდესაც ფარულ მოსმენაზე არ იყო გაცემული სასამართლოს განჩინება. ფარული საგამოძიებო მოქმედების სატელეფონო კომუნიკაციის  ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ჩატარების შესახებ განჩინება  მიღებულია 2020 წლის 10 დეკემბერს, ხოლო მიყურადების ნებართვა  გაიცა 2020 წლის 10 დეკემბერს 21 საათიდან 25 დეკემბრის 23:59 საათის ჩათვლით. ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 10 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელებული ფარული მიყურადება უკანონოა. 

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ არასრულწლოვან პირებს არათუ დანაშაული არ ჩაუდენიათ, არამედ დანაშაულს საერთოდ არ ჰქონია ადგილი, რასაც ადასტურებს დაზარალებულის განცხადებაც საქმეში, რომ იცნობს ბ.ხ-ს, დადებითად ახასიათებს მას და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არა აქვს. ასევე, დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მას არ მისდგომია ზიანი ბრალდებულების მხრიდან. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სტრასბურგის სასამართლოსთვის საჩივარი დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოამზადა. 
News