სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროკომისიას რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობის გაზრდას სთხოვენ

14.12.2022
ფონტის ზომა
 
ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს
ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის

დეკემბერი, 2022

2022 წლის 23-24 ივნისს გამართულმა ევროპულმა საბჭომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს ევროპული პერსპექტივა და პოტენციური კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამან მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესს. კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობა 12 რეკომენდაციის შესრულებაა, რაც დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესზე. ამით მნიშვნელოვნად  დაიძლევა ქვეყნის წინაშე მდგარი ისეთი სტრუქტურული პრობლემები, რომლებიც სასამართლო დამოუკიდებლობას, ადამიანის უფლებების დარღვევას, ელიტურ კორუფციას, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, გენდერულ თანასწორობას უკავშირდება.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადენს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გასაზრდელად. მიგვაჩნია, რომ მმართველ ძალას სრული პასუხისმგებლობა აკისრია რეკომენდაციების შესრულებაზე. 

ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ის შეასრულებს წევრობის სტატუსის მიღებისთვის წინაპირობად წაყენებულ რეკომენდაციებს. მეორეს მხრივ, საზოგადოებაში დიდი მსჯელობის საგანია, საქართველოს მთავრობის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები რეალურად მოუპოვებს თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რადგან ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან არ ჩანს სათანადო პოლიტიკური ნება და მზაობა სრულყოფილად შეასრულოს კანდიდატის სტატუსის წინაპირობად წარმოდგენილი 12 რეკომენდაცია. 

მოცემულ ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ევროკომისიის მხრიდან გაიზარდოს რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობა, რაც მათ შორის ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით, შედეგზე ორიენტირებული რეფორმებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასა და დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობის რეალური პრობლემის წინააღმდეგ მიმართვას მოითხოვს. 

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოგმართავთ თხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების დაგეგმილი ანგარიშის გარდა, ასევე განიხილოთ შუალედური ანგარიშის 2023 წლის მარტისთვის მომზადების შესაძლებლობა. ამასთან ერთად, რეკომენდაციების შესრულების პროცესში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შუალედური ნიშნულებისა და ვადების შემოტანა, რაც თავის მხრივ, აამაღლებს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების ხარისხს და ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას.   

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  • დემოკრატიის მცველები
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
  • სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი
  • კავშირი საფარი
  • ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო
  • მედიის განვითარების ფონდი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები
Loading...