22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა სახალხო დამცველობის კანდიდატებს, თუმცა ხმათა საჭირო რაოდენობა
ვერცერთმა დააგროვა. ასეთი შედეგი წინასწარვე იყო ცნობილი, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე განცხადეს, რომ ოპოზიციასთან რომელიმე კანდიდატზე
შეთანხმება ვერ შედგა. ხმათა საჭირო რაოდენობა (90) ვერ მოიპოვა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჯგუფის მიერ წ
არდგენილმა კანდიდატებმაც.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს უჭერდა საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი და მმართველი გუნდის მხარდაჭერის პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა ახალი სახალხო დამცველის არჩევა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სწორედ ამ კანდიდატებმა დაიმსახურეს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილი
კომისიის უმაღლესი შეფასება. კომისია დაკომპლექტებული იყო როგორც პროფესიული ჯგუფების, ისე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებით და კანდიდატებს აფასებდა, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის, პროფესიული უნარებისა და გამოცდილების მიხედვით. ამდენად, ამ პირთა მიმართ მმართველი ძალის პრეტენზია მხოლოდ პოლიტიკურია და ხელისუფლებისადმი პარტიული ლოიალობის ნაკლებობას უკავშირდება. შესაბამისად, პროცესის უშედეგოდ დასრულებაზე პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად საპარლამენტო უმრავლესობას ეკისრება.
მიუხედავად დაპირებისა, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატს არ წარადგენდა, კონკურსის შემდგომ ეტაპზე „ქართული ოცნება” შეეცადა ოპოზიციისთვის შეეთავაზებინა მისთვის სასურველი
ხუთი კანდიდატი და კატეგორიული უარი განაცხადა სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილი მაღალი კვალიფიკაციის, სანდოობისა და რეპუტაციის მქონე კანდიდატების მხარდაჭერაზე.
სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარტიულად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და კომპეტენტური პირის არჩევა წარმოადგენს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო ერთ-ერთ წინაპირობას
12 რეკომენდაციიდან. სახალხო დამცველის ინსტიტუტი უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ადამიანის, მათ შორის დაუცველი ჯგუფების, უფლებებისა და ინტერესების უზრუნველსაყოფად.
გარდა ზემოაღნიშნული კონკრეტული მე-12 პირობისა, სახალხო დამცველად დამოუკიდებელი პირის არჩევა ქვეყანას შესაძლებლობას მისცემდა შეემცირებინა პოლარიზაცია და ეჩვენებინა სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი, რითაც ნაწილობრივ შესრულებულად ჩაითვლებოდა ევროკავშირის დამატებით ორი რეკომენდაცია, რომლებიც გულისხმობს პოლარიზაციის აღმოფხვრას პარტიათა თანამშრომლობით (პირველი რეკომენდაცია) და ყველა დონეზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღებაში (მეათე რეკომენდაცია).
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შეშფოთებას გამოვთქვამთ სახლახო დამცველის არჩევის პროცესის ჩავარდნის გამო, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ითანამშრომლოს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა უზრუნველყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად თორმეტივე პირობის დროული შესრულება.
• სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
• სამოქალაქო იდეა
• ადამიანის უფლებათა ცენტრი
• საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
• ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
• ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
• საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
• ღია საზოგადოების ფონდი
• საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
• საფარი
• დემოკრატიის ინდექსი საქართველო
• მედიის განვითარების ფონდი (MDF)
• სოციალური სამართლიანობის ცენტრი
• საქართველოს ატლანტიკური საბჭო
• უფლებები საქართველო
• მწვანე ალტერნატივა
• ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
• დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)