12 იანვარს გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის (HRW)
ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. დოკუმენტი 2022 წელს მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოში არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობას მიმოიხილავს .
საქართველოს შესახებ მომზადებულ ქვეთავში შეჯამებულია გასულ წელს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული მწვავე პრობლემები და გამოწვევები. განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: მედიის თავისუფლება, შრომის უფლებები, ქალთა და უმცირესობათა უფლებების დაცვის ხარისხი და ა.შ. დოკუმენტში ხაზგასმულია: ანგარიშვალდებულების ნაკლებობასთან დაკავშირებული პრობლემები სამართალდამცველი სტრუქტურების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კუთხით; უკანონო თვალთვალის შემთხვევები; შრომის სფეროში გამოვლენილი უსამართლო პირობები, ქვეყანაში არსებული მცირე ხელფასები და შეუსაბამო ანაზღაურების რეგულირება; ასევე, ქალებისა და ლგბტ თემის მიმართ გამოკვეთილი ძალადობის შესამცირებლად საჭირო მექანიზმების ნაკლებობა.
საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასებისას, Human Rights Watch ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის
განცხადებას, სადაც საუბარია ოჯახში ძალადობის საქმეების წარმოებისას გამოვლენილ მართლმსაჯულების ხარვეზებზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ 2022 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება არ ასრულებს პოზიტიურ ვალდებულებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლების დასაცავად, რაც ხშირად გამოხატულია ძალადობაში ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაში. შედეგად, სასამართლოს მხრიდან, ოჯახში ძალადობის საქმეებზე ბრალდებული პირების მიმართ გამოხატული ლმობიერი მიდგომა ზრდის შემდგომში უფრო მძიმე შედეგების დადგომის რისკებს და წარმოადგენს სახიფათო ტენდენციას. აღნიშნული ტენდენცია ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას - დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და უზრუნველყოს პრევენციული ზომების გატარება .
ანგარიშში Human Rights Watch განიხილავს ხანუმ ჯეირანოვას საქმეს, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრმა და „საფარმა“, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ (EHRAC) თანამშრომლობით, 2018 წელს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) წარუდგინა განსახილველად მას შემდეგ, რაც ეროვნულ დონეზე ყველა შესაძლო მექანიზმი ამოიწურა.
ჯეირანოვა 2014 წელს საჯარო დამცირებისა და ძალადობის შემდეგ გარდაიცვალა. CEDAW-ის თანახმად, საქართველომ ვერ უზრუნველყო სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვა, არ მიიღო დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად საჭირო ყველა შესაბამისი ზომა და დაარღვია გამოძიების ვალდებულება მსხვერპლზე თავდასხმასა და მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენასთან დაკავშირებით .
ადამიანის უფლებათა ცენტრი კვლავ მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლოებმა უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის სპეციფიკა, ადეკვატურად შეაფასოს ის შესაძლო საფრთხეები, რაც შეიძლება მომდინარეობდეს ძალადობაში მხილებული ბრალდებულისგან და გამოიყენოს შესაბამისი სიმძიმის აღკვეთის ღონისძიება.
ადამიანის უფლებათა ცენტრი