თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, სადაც მსჯავრდებული ითხოვს არასრულწლოვანი დაზარალებულისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას.
აღსანიშნავია, რომ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უკვე დაადასტურა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის, ხელშეუხებლობისა და სქესობრივი თავისუფლების ხელყოფასთან დაკავშირებული დანაშაულის არაერთი უმძიმესი ეპიზოდი. გოგონა წლების განმავლობაში, 9 წლის ასაკიდან, მსჯავრდებულის მხრიდან იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. არასრულწლოვნისთვის ძალადობის ფაქტების გახსენებასთან დაკავშირებული ტრავმების შემსუბუქების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული იყო: ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ადვოკატი. ამის მიუხედავად, მოწმის სახით სასამართლოში გამოკითხვის დროს, დაზარალებულს მოუწია უმძიმესი მომენტების გახსენება. ფსიქოლოგის ჩვენების მიხედვით, როცა ბავშვი ასე თანმიმდევრულად აღწერს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდებს, ესე იგი ის ნამდვილად იყო აღნიშნული დანაშაულის მსხვერპლი, ვინაიდან ამ ასაკში შეუძლებელია, დეტალებში აღწერო გამოგონილი ძალადობის შემთხვევები. ამგვარად, დაზარალებულმა როგორც საგამოძიებო გამოკითხვის, ისე სასამართლო სხდომის დროსაც დაადასტურა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები. მოწმეთა ჩვენებებსა და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დანაშაულის 13 ეპიზოდისთვის სასამართლომ მსჯავრდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც მის მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებთან მიმართებაში მსუბუქი სასჯელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აღმაშფოთებელია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენა ისედაც ტრავმირებული არასრულწლოვნის იძულების წესით ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, ვინაიდან ეს ავტომატურად გულისხმობს მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაციის მოთხოვნას. ამგვარი მოთხოვნები უგულებელყოფს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს, რომელიც მოიცავს მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის საუკეთესო ინტერესების დაცვას; არასრულწლოვნების მეორეული ან ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას.
როგორც სასამართლო სისტემას, ისე დაცვის მხარეს, უნდა ესმოდეს, რომ არასრულწლოვანი დაზარალებულის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების დროს, მთავარი პრიორიტეტი მსხვერპლის მეორეული და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებაა. შესაბამისად, დაუშვებელია მსჯავრდებულის ინტერესების დაცვის მიზნით, დაზარალებულისთვის იძულების წესით ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნა. მით უმეტეს მაშინ, როცა არ არსებობს ამ ექსპერტიზის ჩატარების არანაირი საფუძველი, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმარისი მტკიცებულებები მოიკვლია და უკვე დასაბუთებულად დაადასტურა დანაშაულის ნიშნები. ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება გულისხმობს, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს მსხვერპლის წარსულში დაბრუნების ყოველგვარი მცდელობის აღკვეთა და ყურადღება გამახვილდეს დაზარალებულის რეაბილიტაციასა და ნორმალური ცხოვრების გაგრძელების ხელშეწყობაზე.
ადამიანის უფლებათა ცენტრი