სიახლეები

საერთაშორისო და სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს კანონი აგენტების შესახებ

17.02.2023
ფონტის ზომა
 
ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებული ვართ „ხალხის ძალის“ მიერ საქართველოში ინიცირებული  „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო. ჩვენი აზრით, კანონპროექტი ცდილობს აკონტროლოს და ავტორიტარული სახელმწიფოების მსგავსად, შეზღუდოს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, რაც დიდ საფრთხეს უქმნის დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ქვეყანაში.
                                                                                            
კანონპროექტი საგაზაფხულო სესიაზეა ინიცირებული. მისი მიზანია, შეიქმნას უცხოურ დაფინანსებაზე მყოფი არაკომერციული იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეესტრი, ხოლო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნის დაუცველობის შემთხვევაში დაწესდეს ადმინისტრაციული ჯარიმა.  კანონპროექტის მომხრეები ამტკიცებენ, რომ იგი აუცილებელია გამჭვირვალობისა და საჯაროობისთვის, განსაკუთრებით - იმ ორგანიზაციებთან მიმართებით, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას საზოგადოებრივ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად.  

კანონპროექტის მიხედვით, დადგენილია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმა იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას.  ამასთანავე, ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს სუბიექტს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან. დეპუტატებმა, ასევე, ახსენეს, რომ უახლოეს დღეებში ისინი წარადგენენ კიდევ ერთ კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს მედიასივრცეში სიცრუისა და ამორალურობის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას. შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც უნდა დარეგისტრირდეს ყველა არაკომერციული იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელიც შემოსავლების 20%-ზე მეტს იღებს უცხო სახელმწიფოდან. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გააკონტროლებს ასეთი სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის პროცესს.

„მიგვაჩნია, რომ საჯაროობის, გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (სამოქალაქო საზოგადოების და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია, ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე და რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში“, - ვკითხულობთ დეპუტატთა ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპუტატებმა - სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა 2022 წლის აგვისტოში ფორმალურად დატოვეს ქართული ოცნება და დააფუძნეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“. დეპუტატების განცხადებით, მთავარი მიზეზი, რატომაც დატოვეს მმართველი პარტია, იყო საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვის საფრთხე, რომელიც, მათივე განცხადებით, გარე ძალების მიერ იქნებოდა ინსპირირებული.  მოძრაობის წევრები ასევე აცხადებენ, რომ ომის საფრთხე არის რეალური და მისი პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების სწორი ინფორმირებით.
 
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში უფრო მეტი სახელმწიფო რეგულაცია გაჩნდა, რომელიც აკონტროლებს უცხო ქვეყნიდან მიღებულ დაფინანსებას. ეს ტენდეცია აჩვენებს ლიბერალური საერთაშორისო წესრიგისა და მისი მხარდამჭერი ორგანიზაციების, მათ შორის - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მიმართ მზარდ თავდასხმას.  დაფინანსების მაკონტროლებელი კანონების მზარდი რიცხვი დაკავშირებულია იმ წინააღმდეგობასთან, რომელიც მსოფლიო მასშტაბით გაჩნდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ და გამოიხატა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შეზღუდვაში მთელ მსოფლიოში.  დაფინანსების შეზღუდვა თავს იჩენს პოლიტიკური რეჟიმის მიმართ არსებული რეალური თუ წარმოდგენაში შექმნილი საფრთხეების გამო, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც არჩევნები კონკურენტულია და ასევე, არსებობს ანტიდასავლური და ანტილიბერალური ძლიერი ჯგუფები.
 
ამგვარი კანონების მიღების გამართლება წარმოებს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებისთვის დამანგრეველი უცხოური გავლენის შესაჩერებლად. თუმცა, რეალურად, ეს კანონები არის საშუალება არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვისთვის და ამავე დროს, არღვევს გაერთიანების თავისუფლებას.  ისეთი ქვეყნები, როგორიცაა - რუსეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი, განსაკუთრებით აქტიურად იღებენ მსგავს კანონებს. რუსეთში არსებობს როგორც უცხოური აგენტების შესახებ კანონი, ასევე არასასურველი ორგანიზაციების შესახებ კანონი, რომლებიც ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, დარეგისტრირდნენ „უცხოურ აგენტად“ და კრძალავენ უცხოურ ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა ითვლება, რომ საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს. ამავე დროს, აზერბაიჯანში არსებობს კანონი გრანტების შესახებ და ასევე კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, დარეგისტრირდნენ და გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსების წყაროები.  დაბოლოს, ბელარუსში არსებობს კანონი მასმედიის შესახებ, რომელიც კრძალავს მედიასაშუალებების მიერ უცხოური დაფინანსების მიღებას მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომელიც უკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს ფინანსური სახსრების უცხოეთიდან მიღებას.
 
ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების სახელმწიფო რეგულირების ტენდენცია ასახავს გლობალურ დებატს, რომელიც არკვევს სამოქალაქო საზოგადოების დანიშნულებას და სახელმწიფო ხელისუფლებასა და პირად თავისუფლებებს შორის ბალანსის პრობლემას.
 
საქართველომ უკან დაიხია დემოკრატიული მმართველობის ინდიკატორების მხრივ, ხოლო ევროპის კავშირის შეფასება დამოკიდებული იქნება ქვეყნის მიერ დემოკრატიული მმართველობისა და არაპოლიტიკური  ინსტიტუტების დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ გამოჩენილ ერთგულებაზე.  ქვეყანაში არსებული დამოუკიდებელი ინსტიტუციების დასუსტება წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას დემოკრატიული მმართველობისთვის, როგორც ამას გვიჩვენებს ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები.  მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა გარკვეული პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, საქართველოს ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა მკვეთრად უარესდება. ხელისუფლების მცდელობამ, რომელიც მიმართული იყო ძალაუფლების კონცენტრირებისკენ, გამოიწვია დემოკრატიის ხარისხის შემცირება. ამ მიზნის მისაღწევად ხელისუფლების ჩვეული სტრატეგიაა, შეასუსტოს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, მათ შორის - სასამართლო ხელისუფლება და სამეთვალყურეო ორგანოები. ინსტიტუციური თავისუფლების აღკვეთამ საქართველოში საფრთხე შეუქმნა ქვეყნის დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემას. ქვეყანამ ახლა უნდა შეცვალოს უარყოფასა და ერთპარტიულ სისტემაზე დაფუძნებული პოლიტიკური  სისტემა და დაამყაროს კონსენსუსზე დამყარებული დემოკრატია.
 
საქართველოს პოლიტიკური დისკურსი სულ უფრო პოლარიზებული ხდება, სადაც პოლიტიკური ლიდერები სიძულვილით, მუქარით, იძულებითა და ძალადობით ხელმძღვანელობენ, ხოლო კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად პოლიტიკის შემუშავებაზე ნაკლებად ზრუნავენ.  მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ ოპერირებს სიტყვებით „მოღალატე“ და „მტერი“ და არ იყენებს ენას, რომელსაც შეუძლია დიალოგისა და კომპრომისისთვის სივრცის შექმნა.  მძაფრი პოლიტიკური რიტორიკით დემოკრატიული ინსტიტუტები ნადგურდება.  ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ აითვისა საბჭოური ტექნიკა, თუ როგორ ითამაშონ სიტყვებით და მეტი იდეოლოგია შემოიტანონ ყოველდღიურობაში.
 
ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს ინიცირებული კანონი უცხოური აგენტის შესახებ, რადგან ამით ქვეყენა კიდევ უფრო მოექცევა რუსეთის ორბიტაზე და მისი პოლიტიკური გავლენების ქვეშ, ხოლო ევროპულ მისწრაფებებს კიდევ უფრო დაშორდება.
 
ხელმომწერთა სია: 

•    Austausch -For a European Civil Society e. V. (Germany)
•    ბელორუსის ჰელსინკის კომიტეტი (ბელარუსი)
•    Bir Duino (Kyrgyzstan)
•    ბულგარეთის ჰელსინკის კომიტეტი (ბულგარეთი)
•    სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი (უკრაინა)
•    ჩართულობისა და განვითარების ცენტრი (საქართველო)
•    დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარების ცენტრი (რუსეთის ფედერაცია)
•    Citizen Watch (Russian Federation)
•    Crude Accountability (United States of America)
•    Freedom Files (Poland)
•    ჰელსინკის ასოციაცია სომხეთი (სომხეთი)
•    ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა ვანაძორი (სომხეთი)
•    ადამიანის უფლებათა ცენტრი "Viasna" (ბელარუსი)
•    აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა ცენტრი (აზერბაიჯანი)
•    ადამიანის უფლებათა ცენტრი ZMINA (უკრაინა)
•    ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) (საქართველო)
•    წამების მსხვერპლთა საერთაშორისო სარეაბილიტაციო საბჭო (დანია)
•    საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (ბელგია)
•    ყაზახეთის ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის საერთაშორისო ბიურო (ყაზახეთი)
•    Lawtrend (Belarus)
•    სამართლებრივი პოლიტიკის კვლევის ცენტრი (ყაზახეთი)
•    Libereco Partnership for Human Rights (Germany)
•    მაკედონიის ჰელსინკის კომიტეტი (ჩრდილოეთ მაკედონია)
•    ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი (ნორვეგია)
•    პოლონეთის ჰელსინკის ფონდი ადამიანის უფლებებისთვის (პოლონეთი)
•    Promo LEX Association (Moldova)
•    უფლებების დაცვა საზღვრების გარეშე (სომხეთი)
•    საზოგადოებრივი ალტერნატივა (უკრაინა)
•    საზოგადოებრივი გაერთიანება „ღირსება“ (ყაზახეთი)
•    საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისი“ (ტაჯიკეთი) 
•    საზოგადოებრივი ვერდიქტის ფონდი (რუსეთის ფედერაცია)
•     ინფორმაციისა და ანალიზის სოვას ცენტრი (რუსეთის ფედერაცია)
•    შვედეთის ეუთოს ქსელი (შვედეთი)
•    შვეიცარიის ჰელსინკის კომიტეტი (შვეიცარია)
•    The Barys Zvozskau Belarusian Human Rights House (Belarus)
•    უნგრეთის ჰელსინკის კომიტეტი (უნგრეთი)
•    ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი (ნიდერლანდები)
•    Truth Hounds (Ukraine)
•    თურქმენეთის ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდი (თურქმენეთი)
•    წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაცია (შვეიცარია)
სიახლეები