სიახლეები

7-8 მარტის საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენების შეფასება

09.03.2023
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი აქტიურად აწარმოებს საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. გავლენის აგენტების რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მონიტორინგს. დაკვირვება მიზნად ისახავს შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შესაბამისი დარღვევების გამოვლენას და სახიფათო ტენდენციების იდენტიფიცირებას.

7-8 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში, პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა არაპროპორციული ძალა, დაიწყო აქციების დაშლა და აქციის მონაწილეთა მასობრივი დაკავებების სერია. შსს-ს ინფორმაციით, 7-8 მარტის აქციებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, ჯამში დაკავებულია 133 პირი. საპროტესტო აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებსა და ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო. პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, ერთი პირი დააკავეს.

აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასების მიზნით, მნიშვნელოვანია ფაქტების თანმიმდევრული გააზრება. 7 მარტს, საქართველოს პარლამენტის ბიურის სხდომის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ საზოგადოებას საჯაროდ აცნობა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის თარიღი - 9 მარტი. ამის გამო, პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციის სპიკერებმა, აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, დაშლილიყვნენ და პროტესტი განეახლებინათ 9 მარტს. აქციის დაშლის შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სესიაზე, მოულოდნელად, საპარლამენტო უმრავლესობამ დღის წესრიგი შეცვალა და კანონპროექტის განხილვა დაიწყო გამოცხადებულზე 2 დღით ადრე. კანონპროექტის განხილვის დაჩქარებამ კიდევ უფრო მეტი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში. პროტესტის მონაწილეები საქართველოს პარლამენტთან მალევე კვლავ შეიკრიბნენ უფრო მრავალრიცხოვანი სახით. სამოქალაქო პროტესტი მიმდინარეობდა მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებში. ასევე, თავდაპირველად, პარლამენტის მიმდებარედ კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ სამართალდამცველი პირებიც, რომლებმაც ხელი შეუწყვეს რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზის დროულად გადაკეტვასა და მომიტინგეთა თავისუფლად გადაადგილებას..

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში ჩარევა დაიწყო 7 მარტს 20:00 საათის შემდეგ, საპარლამენტო სესიის დასასრულისკენ, როცა საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო კანონი და ამის შემდეგ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, პარლამენტის გვერდითა შესასვლელებიდან, საჭირო გახდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების პარლამენტის ეზოდან გამოყვანა. სწორედ ამ დროს ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორმა დააფიქსირა პარლამენტის ეზოში სამი ავტობუსით საპოლიციო ძალების შეყვანა, ამასთან, სამართალდამცავებმა პარლამენტის გვერდითა გამოსასვლელებთან უკანონოდ მოაწყვეს კორდონი და დემონსტრანტებს შეუზღუდეს გადაადგილების შესაძლებლობა, როცა მსვლელობას მშვიდობიანი სახე ჰქონდა და არ ფიქსირდებოდა კანონდარღვევის შემთხვევები. სწორედ ამ ქუჩებზე დაიწყო მშვიდობიანი მანიფესტანტების უკანონო დარბევა ცრემლსადენი აირით და წყლის ჭავლით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ 7 მარტს, საღამოს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური საპოლიციო საშუალებებით დარბევისას დაირღვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება „პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის“ შესახებ, რომლის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, გასცეს წინასწარი გაფრთხილება და მისცეს საკმარისი დრო აქციის მონაწილეებს დაშლისათვის. ამასთან, პოლიციის უფლებამოსილმა პირმა სპეციალური საშუალებები უნდა გამოიყენოს აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებები არაეფექტიანი იქნება მიზნის მისაღწევად. 7 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ, ერთი მხრივ, სპეციალური საშუალებები გამოიყენა აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინების გარეშე, ხოლო, მეორე მხრივ, სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ გაფრთხილება გააჟღერა მხოლოდ ამ საშუალებების გამოყენების შემდეგ.  

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად; სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად; სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად ან შეიარაღებული დამნაშავის დასაკავებლად. მიუხედავად იმისა, რომ 7 მარტის საპროტესტო აქციის დროს არ გამოვლენილა ზემოთ დასახელებული არცერთი შემთხვევა, პოლიციამ წყალსატყორცნი სატრანსპორტო საშუალება გამოიყენა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამასთან, სპეციალური საშუალებები - წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი, ზოგ შემთხვევაში, გამოიყენებოდა ერთმანეთში შერევით, რაც აძლიერებს ადამიანებზე მათი ზემოქმედების ეფექტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.

დემოკრატიულ ქვეყნებში აქციის მონაწილეთა ქცევა უკონტროლო ხდება სამართალდამცველი ორგანოების მიერ კანონის დარღვევის შემდეგ. 7 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს უკანონო ქმედებებმა აქციის მონაწილეთა ჯგუფებში გამოიწვია აგრესიული საპასუხო რეაგირება, მოქალაქეებმა პოლიციის მისამართით დაიწყეს ქვების და სხვა საგნების სროლა. ამასთან, 8 მარტს, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილს ჰქონდა მცდელობა, მოეხდინა საქართველოს პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება, ზოგიერთი მონაწილის ქცევამ მიიღო აგრესიული სახე და მათი გამოხატვის თავისუფლება გასცდა კანონის ფარგლებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის და სამართლებრივი დახმარების პროცესში ჩართული სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, დადგენილი სტანდარტია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოვლენილი იქნება მანიფესტაციის ცალკეული მონაწილის ან მონაწილეების მიერ შეუსაბამო ქცევა, ეს არ აქცევს  მშვიდობიან აქციას ავტომატურად არამშვიდობიანად. სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, გამიჯნონ მშვიდობიანი და არამშვიდობიანი მონაწილეები. მხოლოდ ერთეული იზოლირებული ძალადობის ან ძალადობრივი ქმედების გამოვლენა ზოგიერთი მონაწილის მხრიდან დემონსტრაციის განმავლობაში არ არის თავისთავად მყარი საფუძველი იმისათვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების შეკრების თავისუფლება შეიზღუდოს. სამართალდამცავები არ უნდა მოეპყრონ შეკრებილ ხალხს ერთგვაროვნად მონაწილეთა დაკავებისას ან (როგორც უკანასკნელი საშუალება) შეკრების ძალის გამოყენებით დაშლისას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებებისა და მანიფესტაციების  უფლების დაცვისკენ. მნიშვნელოვანია, დროულად მიეცეს პასუხისგებაში ყველა ის პირი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის უკანონოდ დაშლის ბრძანება გასცა და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები. ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე, მოუწოდებს საპროტესტო აქციის მონაწილეებს,  პროტესტი გამოხატონ მხოლოდ მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებში.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...