სიახლეები

HRC პრესკონფერენცია - ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის ტენდენცია სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების კვალდაკვალ

15.03.2023
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს ანალიტიკურ დოკუმენტს, რომელიც დეპუტატების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს ეხება

16 მარტს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციაზე წარმოადგენს ანალიტიკურ დოკუმენტს - „ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის ტენდენცია სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების კვალდაკვალ“. 

დოკუმენტის მიზანია საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და ქართული სპეციფიკის  გათვალისწინებით, შეაფასოს საპარლამენტო და სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებების სამართლებრივი და პროცესუალური მხარე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც შესაძლოა გამოკვეთილი იყოს პოლიტიკური მოტივები. სავარაუდო პოლიტიკური მოტივი, პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად, განსაკუთრებით მაშინ იკვეთება, როდესაც სისხლის სამართლებრივი დევნა პარლამენტის წევრთა მიმართ არის დაწყებული, რომელთაც საპარლამენტო მანდატი საშუალებას აძლევთ, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე და კანონშემოქმედებით საქმიანობაზე. 

დოკუმენტში მიმოხილულია სხვადასხვა ოპიზიციონერი პოლიტიკოსების, მათ შორის - ნიკანორ მელიას, ბადრი ჯაფარიძის და ლევან ხაბეიშვილის სისხლის სამართლის საქმეები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი  პროექტის ფარგლებში – „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი“, აკვირდება საქართველოს პარლამენტის ყოფილი თუ მოქმედი წევრების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს. მონიტორინგის პერიოდში ორგანიზაციამ გამოაქვეყნა რამდენიმე ანგარიში და ანალიტიკური დოკუმენტი, სადაც აღწერილია სხვადასხვა სამართლებრივი, თუ პროცესუალური დარღვევები. შეგროვებულმა ინფორმაციამ ცხადყო, რომ საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის და პარლამენტის წევრის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა, კვლავ აქტუალურს ხდის საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის და სანდოობის საკითხებს.

ანალიტიკური დოკუმენტი მომზადდა აშშ-ის ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით.
პრესკონფერენცია გაიმართება მისამართზე: აკაკი გახოკიძის 11 ა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები
Loading...