სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (2022 წ. ნოემბერი, დეკემბერი - 2023 წ. იანვარი, თებერვალი)

17.03.2023
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით 19 საქმე დაასრულა წარმატებით

პოლიციელების მიერ უსაფუძვლოდ დაჯარიმებული მოქალაქე გამართლდა


2022 წლის 21 ნოემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე ნ. ყ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი საპატრულო პოლიციელის მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობას და მართვის უფლების აღდგენას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ მან განუცხადა პოლიციელებს, რომ არ იყო მთვრალი და წარადგინა კიდეც შესაბამისი საექსპერტო დასკვნა უწყებაში, მას მაინც გამოუწერეს საჯარიმო ქვითარი და შეუჩერეს მართვის უფლება 6 თვის ვადით. გორის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო საპატრულო პოლიციის მიერ უკანონოდ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი და მოქალაქეს აღუდგა მართვის უფლება

ცხინვალიდან დევნილმა საცხოვრებელი მიიღო

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ცხინვალიდან დევნილის, ც. ტ.-ს მოთხოვნა, ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს ადმინისტრაციული აქტი მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ და სააგენტოს დაევალა ც. ტ.-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა
9 თებერვალს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რ. ჩ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების ბათილად ცნობისა და რ. ჩ.-ს სამსახურში აღდგენის შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაევალა განაცდური ხელფასის ანაზღაურება სასამართლოს  გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. 

სასამართლომ ბათილად ცნო საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის აქტი, რომლითაც მოქალაქის უფლება დაირღვა

2022 წლის 24 ნოემბერს საჩხერის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჯრიაში მცხოვრები გ. ბ.-ს ადმინისტრაციული სარჩელი, ბათილად ცნო საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული აქტი და დაავალა მერიას საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი. 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჯრიაში მცხოვრებმა გ. ბ.-მ 2020 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე დაირეგისტრირა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი. ამ მიწის ნაკვეთზე 2 წლის შემდეგ პრეტენზია გამოთქვა მესამე პირმა, რომელსაც ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის არავითარი დოკუმენტი არ გააჩნდა. მიუხედავად ამ ფაქტისა, საჩხერის მერიამ ბათილად ცნო მის მიერ 2020 წელს გ. ბ.-ზე გაცემული ცნობა. 

ეკომიგრანტი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება

2022 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეცვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ეკომიგრანტ მ. მ.-ს ადმინისტრაციული სარჩელი სრულად დააკმაყოფილა: ბათილად ცნო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბრძანება, რომლითაც მ. მ.-ს უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ამავე სააგენტოს დაევალა ახალი აქტის გამოცემა მ. მ.-ს საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.

მ. მ. წარმოადგენს ეკომიგრანტ ოჯახს 1989 წლიდან. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი სახელმწიფომ შეასახლა კონკრეტულ საცხოვრებელ ფართში, ეს ფართი სახელმწიფომვე პრივატიზების წესით გაასხვისა სხვა პირზე. მიუხედავად ამ ფაქტისა, დევნილთა სააგენტო მიიჩნევდა, რომ მ.მ. წარმოადგენდა უკვე დაკმაყოფილებულ ეკომიგრანტს და უარს უცხადებდა განცხადების დაკმაყოფილებაზე. 

ორი საჯარო მოხელე სამსახურში აღდგა და ერთ-ერთს განაცდურიც აუნაზღაურდება

გორის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა გ. წ.-ს სამოქალაქო სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი ააიპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ბრძანებები გ. წ.-თვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი ამავე სააგენტოს ბრძანება გ.წ.-სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და სააგენტოს დაევალა უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე და მისთვის განაცდურის ანაზღაურება.  

2022 წლის ივნისის თვეში გ. წ. მოულოდნელად გაათავისუფლეს ააიპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოდან. გათავისუფლებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მას ჩაბარდა როგორც გათავისუფლების ბრძანება, ისე მანამდე მისთვის უცნობი ბრძანებები დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

2023 წლის 15 თებერვალს გორის რაიონულმა სასამართლომ განჩინებით დაამტკიცა ააიპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა და ნ. გ.-ს შორის დადებული მორიგების პირობები. მორიგების აქტის შესაბამისად, დასაქმებული აღდგა გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე, ხოლო ნ.გ.-მ, თავის მხრივ,  უარი თქვა განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაზე. 

უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო ეკონომიკის სამინისტოროს თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი. ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი დ. ჩ.-სა და დ. გ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები და დაევალა სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების კვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტები. სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელეების ინტერესებს სასამათლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

ექვსწლიანი დავა მხარეებს შორის მორიგებით დასრულდა

2023 წლის 31 იანვარს გორის რაიონულ სასამართლოში მოსარჩელე ო. გ.-ს, მოპასუხეებს ო.ბ.-სა და თ.ვ.-ს შორის შედგა მორიგება და ამგვარად დასრულდა 2017 წლიდან დაწყებული დავა მხარეთა შორის. მოსარჩელემ გამოთქვა თანხმობა 2600 ლარის ნაცვლად მოპასუხეებისაგან მიეღო 1833 ლარი. მორიგების აქტის გაფორმების ნაცვლად მოსარჩელემ შეამცირა საკუთარი სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხეებმა სცნეს იგი. მოპასუხეთა ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მხარეები მორიგდნენ 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და თ.კ.-ს შორის შედგა მორიგება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. 
2022 წლის 24 დეკემბერს სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტომობილი დაეჯახა თ. კ.-ს კუთვნილ ავტომობილს. ადგილზე გამოცხადებული პოლიციის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევად ცნობილი იქნა სააგენტოს ავტომობილის მძღოლი. არაერთი მიმართვის მიუხედავად, სააგენტოს წარმომადგენლები არ ანაზღაურებდნენ მიყენებულ ზიანს და დაზარალებულს ამისამართებდნენ იმ სადაზღვევო კომპანიასთან, რომელშიც დაზღვეული იყო სააგენტოს ავტოპარკი. თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანია უარს აცხადებდა ზიანის ანაზღაურებაზე დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის დახმარებით შედგა მიმართვა სააგენტოს სახელზე და მოთხოვნილი იქნა მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება. მიმართვიდან მოკლე დროში თ. კ.-ს დაუკავშირდნენ სააგენტოს წარმომადგენლები და შედგა მორიგება მხარეებს შორის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

საჯარო რეესტრს  მოქალაქისთვის კუთვნილი მიწის დარეგისტრირება დაევალა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე ი. ზ.-ს სარჩელი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე. ამ გადაწყვეტილებებით საჯარო რეესტრმა მიწის ნაკვეთზე, რომელიც ი. ზ-ს მამაპაპისეულ მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა,  დაარეგისტრირა მესამე პირის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრს დაევალა საკითხის გამორკვევა და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. 

წარმატებით დასრულებული შრომითი დავები გორის ჰოსპიტლის წინააღმდეგ 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის წარმოებაშია 4 დავა გორის სამხედრო ჰოსპიტლის წინააღმდეგ. აქედან 3 შეეხება უკანონოდ გათავისუფლების საკითხს, ხოლო 1 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების ბათილობას. საანგარიშო პერიოდში 3 საქმე წარმატებით დასრულდა, ხოლო ერთის განხილვა კვლავ მიმდინარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში .

1.    2023 წლის 1 თებერვალს გორის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ზ. მ.-ს ადმინისტრაციული სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიების სხდომის ოქმები, რომლითაც ზ. მ.-ს უარი ეთქვა ჰოსპიტალში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებაზე. დამსაქმებელს დაევალა ხელახლა, საქმის გარემოებათა სრულყოფილად კვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი გადაწყვეტილება. ზ.მ. წლებია მუშაობს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. იგი მონაწილეობას იღებდა 2021 წელს გამოცხადებულ კონკურსში, მაგრამ კონკრეტული პირების მიკერძოების გამო კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა სხვა პირი. მან წარადგინა ადმინისტრაციული სარჩელი გორის რაიონულ სასამართლოში და საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმების ბათილად ცნობა მოითხოვა.
2.    2023 წლის 27 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სააპელაციო საჩივარი. ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ჰოსპიტლის დირექტორის ბრძანება ნ.ი.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ჰოსპიტალს დაეკისრა განაცდურისა და აღდგენის შეუძლებლობის გამო კომპენსაციის გადახდა უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სასარგებლოდ. 
3.    2023 წლის 7 თებერვალს გორის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქ. მ.-ს სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი  სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის ბრძანება ქ.მ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ქ.მ.-ს სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის გამო დამსაქმებელს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა და განაცდურის ანაზღაურება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. 

სხვადასხვა

•    2022 წლის იანვრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ალიმენტთან დაკავშირებული ორი საქმე  დაასრულა წარმატებით. მოსარჩელე მ. ჯ.-ს სარჩელი მისი ყოფილი მეუღლის - ნ. გ.-ს მიმართ ორი შვილის სარჩენი ალიმენტისა და მოქალაქე ნ.რ.-სა და მოპასუხე მ. ო.-ს შორის დავა ერთი შვილის სარჩენი ალიმენტის დაკისრების თაობაზე. 
•    2022 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 მაისის გამოცემული უარი თურქეთის მოქალაქის - ე. ა. ქ.-სთვის მუდმივი ბინადრობის გაცემის შესახებ. სასამართლომ სააგენტოს საქმის ხელახალი შესწავლა და ახალი აქტის გამოცემა დაავალა. 
•    2022 წლის 9 დეკემბერს ხ. გ.-სა და ა. ს.-ს შორის შეთანხმება მოხდა, რის შედეგადაც ა. ს.-ს ოჯახი ხ. გ.-ს სრულიად აუნაზღაურებს მიყენებულ ზიანს 10 000 (ათი ათასი ) აშშ დოლარის ოდენობით. ხ. გ. ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერის მხრიდან თაღლითობის მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც მენეჯერმა მისი კუთვნილი თანხა მიითვისა. 
•    გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე გ. ჩ-სათვის ხელსაყრელი პირობებით დასრულდა სამოქალაქო დავა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კროსკრედიტთან. გ.ჩ-მ , რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციიდან ავტომანქანის სალომბარდე სესხი ჰქონდა აღებული, ოჯახური პირობების გამო ვეღარ შეძლო სესხის დაფარვა. ამის გამო სესხის  პროცენტი და პირგასამტეხლო ძალიან გაიზარდა. მოსარჩელესთან კომუნიკაციის შედეგად მიღწეული იქნა მორიგება თანხის  შემცირებაზე და საქმე მოსამზადებელ ეტაპზევე დასრულდა.
•    თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმატებით დასრულდა მოსარჩელეების ლ. ღ.-სა და ლ. ნ.-ს სარჩელი მოპასუხე ნ. ს-ს მიმართ შვილიშვილის ნახვის დღეების განსაზღვრასთან დაკავშირებით. დავა ეხებოდა არასრულწლოვან ბავშვთან ბებიისა და ბაბუას ურთიერთობას. სასამართლომ განსაზღვრა ბავშვთან ბებია-ბაბუასთან ურთიერთობის წესი. 
სიახლეები