სიახლეები

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის

23.03.2023
ფონტის ზომა
ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასება

2023 წლის 14 მარტს გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის მოსაზრება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.  მმართველი პარტიის განმარტებით, დაინიციირებული ცვლილებები მიზნად ისახავდა ევროკომისიის მიერ 12 პუნქტიანი რეკომენდაციების მართლმსაჯულების ნაწილის  შესრულებას.  ვენეციის კომისიამ სისტემურად შეაფასა ის გამოწვევები რომლის წინაშეც სასამართლო დგას. კომისია მიუთითებს, რომ ცვლილებების პროექტი არ არის ყოვლისმომცველი, იგი არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიან რეფორმას ითვალისწინებს და არც ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს.  

დასკვნაში კომისია კვლავ ხაზს უსვამს იმას, რომ საბჭოს მიმართ კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების შესახებ მუდმივი და ფართოდ გავრცელებული ბრალდებები აზიანებს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას და ისინი ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა აღიქვას.  დოკუმენტში მითითებულია, რომ დაუშვებელია კორპორატივიზმი, რომელიც  მოსამართლეთა ერთი ჯგუფის ინტერესებს წაახალისებს მოსამართლეთა სხვა ჯგუფების საზიანოდ.  საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ დაზიანდება, თუ საბჭო აღიქმება ორგანოდ, რომელიც მოქმედებს საკუთარი ინტერესების და კრონიზმის საფუძველზე.  

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წლებია საუბრობს სასამართლო სისტემაში ძალაუფლების კონცენტრაციის მზარდი ტენდენციისა და სისტემის ფუნდამენტური რეფორმების აუცილებლობაზე. კრიტიკისას მთავარი აქცენტი სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ კორპორატივიზმისა და კლანურობის მანკიერ პრაქტიკაზე კეთდება. ამის საპირისპიროდ, დაინიციირებული ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს სასამართლოს რეალური რეფორმის მზაობა და კვლავაც ფასადური ცვლილებების გატარებას ისახავს მიზნად. 

მისასალმებელია, რომ ვენეციის კომისია იზიარებს სამოქალაქო სექტორის მიერ იდენტიფიცირებულ ძირითად გამოწვევებს. კერძოდ, ის აღნიშნავს რომ, ორი სხვადასხვა ჯგუფის მიერ დაკომპლექტებულ ორგანოში გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი მხოლოდ ერთი ჯგუფის ხელში არ უნდა იყოს,  ვინაიდან პლურალიზმის იდეა გულისხმობს არა მხოლოდ არამოსამართლე წევრების ყოფნას საბჭოში, არამედ იმას, რომ არამოსამართლე წევრებს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეთ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მხოლოდ სრული შემადგენლობით დაკომპლექტება, არამედ არამოსამართლე წევრთა ეფექტური მონაწილეობის გარანტიების შექმნა საბჭოში.  გარდა ამისა, კომისია აღნიშნავს, რომ პარლამენტმა უნდა გადახედოს საბჭოში გადაწყვეტილების მიღების წესს და უზრუნველყოს დაბალანსებული სისტემა არამოსამართლე და მოსამართლე წევრებს შორის. 

ვენეციის კომისია დასკვნაში, აგრეთვე, კრიტიკულად აფასებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კვალიფიკაცია; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირება; მოსამართლეთა მივლინება; დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები; დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების პროცედურები და სხვა.

სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის დაინიციირებული ცვლილებები და შემოთავაზებული ხედვა მთლიანად უგულებელყოფს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ უმთავრეს პრობლემებს, ძალაუფლების კონცენტრაციას და არაფორმალურ, კლანურ გავლენებს. მეტიც, დოკუმენტში წინასწარ, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშეა არაკონსტიტუციურად მიჩნეული ის მექანიზმები, (მაგალითად, ორმაგი 2/3 მესამედის პრინციპი, თავმჯდომარეების შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეების მიერ არჩევა), რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა მეტად ინკლუზიური გახდებოდა და მასში თავმოყრილი ძალაუფლება განაწილდებოდა სასამართლო სისტემის სხვა რგოლებზე.

დღემდე არ არის საბჭოში დანიშნული 5 არამოსამართლე წევრი, რაც კიდევ უფრო ამცირებს აღნიშნული ორგანოს საქმიანობაზე გარე-კონტროლისა თუ გამჭვირვალობის შესაძლებლობას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია არამოსამართლე წევრებად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კანდიდატების დანიშვნა, რომელიც ორმაგი 2/3 ით გადაწყვეტილების მიღების წესთან ერთად, სასიკეთოდ შეცვლიდა საბჭოში არსებულ ძალთა ბალანს. ფუნდამენტური ცვლილებების საჭიროება განსაკუთრებით კრიტიკულია ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე, უმნიშვნელოვანესი პროცესების გათვალისწინებით, რამდენადაც მართლმსაჯულების რეფორმა ამ პროცესის წარმატების ერთ-ერთი ფუნდამენტური წინაპირობაა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, აღიაროს სასამართლოში არსებული პრობლემები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დროულად დაიწყოს სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, რაც რეალურად მოემსახურება ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას. 
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით