სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრი სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული 27 საქმის სასამართლო პროცესს აკვირდება

21.04.2023
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს საერთო სასამართლოებში აკვირდება პროექტის - „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგის“ ფარგლებში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის სასამართლო მონიტორები, პროექტის მიმდინარეობისას, 27 საქმეს აკვირდებიან, რომელთა ნაწილი პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობს, რიგი გადაწყვეტილებები სასამართლოს ზემდგომ ინსტანციებშია გასაჩივრებული, ხოლო რამდენიმე საქმის განხილვა ბოლო პერიოდში დასრულდა. 

1)    მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმე. 2023 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის განხილვა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასჯელისგან გათავისუფლების, ან ალტერნატივის სახით სასჯელის გადავადების თაობაზე. გადაწყვეტილება გამოცხადდა 2023 წლის 6 თებერვალს; საქმის განმხილველმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა. საქმეს იხილავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი არევაძე. კანონით დადგენილ ვადაში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციო წესით. 2023 წლის 2 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

2)    ჯელალ ქიქავას საქმე - ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერს, ჯელალ ქიქავას ბრალდება ედავება სსკ-ის 366-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას - სასამართლოს უპატივცემულობას, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის და მოსამართლის შეურაცხყოფით. ჯელალ ქიქავა „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის წევრია. 2022 წლის 28 მარტს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვისას, პროკურორებთან შელაპარაკების გამო, ჯელალ ქიქავა სასამართლს დარბაზიდან გააძევეს და 500-ლარიანი ჯარიმაც დააკისრეს. პროკურატურამ 1 თვის შემდეგ დაადგინა, რომ ჯელალ ქიქავამ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა და სისხლის სამართლის დევნა დაიწყო. საქმეს განიხილავს მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანი. განხილვა დასასრულს უახლოვდება.  

3)    ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას (ე.წ. კარტოგრაფების) საქმე - საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილ უფროსს, ივერი მელაშვილს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილ მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩოვას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც მიმართულია უცხო ქვეყნისთვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ან/და საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დააკავეს. 2021 წლის 28 იანვარს, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა  20000-20000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობაც ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. გირაოს თანხის შესაგროვებლად, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, რის შედეგადაც, გათავისუფლებულების დასახმარებლად წამოწყებული კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეების მიერ, 2 საათში გირაოს თანხა – 40 000 ლარი სრულად შეგროვდა. ბრალდებულებს 2020 წლის 8 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 იანვრამდე პერიოდში, აღვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდათ პატიმრობა. საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება არსებითი განხილვის სხდომები. პროკურატურის მხრიდან მოწმის სახით იკითხებიან დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები.

4)    ბესიკ თამლიანის, ემზარ სიუკაევის, კახაბერ ქეშიკაშვილის, სტეფანე გიქოშვილისა და ლაშა სამხარაძის საქმე - ბრალდებულები  დააკავეს 2021 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე. ბესიკ თამლიანს, ლაშა სამხარაძეს და ემზარ სიუკაევს ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო კახაბერ ქეშიკაშვილსა და სტეფანე გიქოშვილს 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით. თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საქმის არსებითი განხილვა და პროცესზე იკითხებიან დაცვის მხარის მოწმეები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ 2021 წლის 29 ნოემბრის აქციაში. საქმეს განიხილავს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე.

5)    მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმე. საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 182-ე მუხლის „ბ“ პუნქტით, რაც გულისხმობს საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით (8 837 461 ლარი) ჯგუფურად გაფლანგვას. სისხლის სამართლის საქმეს არსებითად იხილავს თბილისის საქალაქო სამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი. საქმის განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა. 1 წლის განმავლობაში სისხლის სამართლის საქმის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გათვალისწინებით.

6)    მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილისა და გიგი უგულავას საქმე. მიხეილ სააკაშვილის და ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება სისხლის სამართლის საქმე, სადაც გაერთიანებულია 2007 წლის 7 ნოემბრის მომიტინგეთა მასობრივი დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და მისი „ხელში ჩაგდების“, პატარკაციშვილების ოჯახისთვის მთაწმინდის პარკისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჩამორთმევის ეპიზოდებში წარდგენილი ბრალდებები. საქმეს, სირთულიდან გამომდინარე, იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, რომელსაც თავმჯდომარეობს მოსამართლე ნინო ელეიშვილი. საქმის განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა. 1 წლის განმავლობაში პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო.

7)    მიხეილ სააკაშვილის - ე. წ. საზღვრის კვეთის საქმე.  საქართველოს მესამე პრეზიდენტს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 2021 წლის 28 სექტემბერს უკრაინიდან, კერძოდ - ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შევიდა გემი, სახელწოდებით „ვილნიუსი“. ამ გემიდან 29 სექტემბერს ჩამოვიდა შპს IKA TRANS-ის საკუთრებაში არსებული SCANIA-ს ფირმის მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება - ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. ტრაილერში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ელგუჯა ცომაიას დახმარებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.  საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხლება. ამ დროისთვის გამოკვლეულია მხარეთა მტკიცებულებები სრულად. ბრალდებულს საქმესთან დაკავშირებით სურს ჩვენების მიცემა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერდა.  საქმის განხილვისას 2022 წლის აპრილის ბოლოდან სასამართლო სხდომები სისტემატურად, კვირაში ერთხელ, ინიშნებოდა, მაგრამ 2022 წლის დეკემბერის დასაწყისში მოსამართლე შვებულებაში გავიდა, რის შემდეგაც სასამართლო პროცესის მომდევნო სხდომის თარიღი უცნობია.

ე. წ. საზღვრის კვეთის საქმე არის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე მეხუთე სისხლის სამართლის საქმე საქართველოში. ორ საქმეზე მას უკვე თავისუფლების აღკვეთა  აქვს მისჯილი და სასჯელს იხდის. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ორი ანალიტიკური დოკუმენტი: 1) პატიმრის უფლება ჯანდაცვაზე - მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესის და თანმდევი მოვლენების ანალიზი. 2022; 2) გონივრულ ვადაში გასამართლების უფლების შეფასება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში, 2021.

8)    ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძის, ზურაბ და შალვა წოწორიების საქმე. მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს ელგუჯა ცომაია, გიორგი ნარიმანიძე, მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები. გამოძიების მტკიცებით, 2021 წლის 29 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ,  ბრალდებულებმა იგი საკუთარი ავტომანქანით მიიყვანეს დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 2021 წლის 5 ოქტომბერს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მამა-შვილ წოწორიებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ზურაბ და და შალვა წოწორიებს ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. ცომაიას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის. 2022 წლის 20 იანვარს ოთხივე ბრალდებულს შეეცვალა აღკვეთი ღონისძიება და გირაოთი განთავისუფლდნენ. საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 19 დეკემბერს დაიწყო, მაგრამ ამ დღის შემდეგ სხდომა არ ჩანიშნულა. საქმეს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი განიხილავს.

9)    მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმე. თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს (ამჟამად - პოლიტიკური ორგანიზაციის - „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები) ბრალი ედებათ სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რომელიც განხორციელდა ჯგუფურად და თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ხოლო TV პირველის მფლობელის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ წარდგენილი ბრალი გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას (25-194 მუხლის მე-2 ნაწ-ის „ა“ და მე3 ნაწ-ის „გ“ ქვ/პ). თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი 2022 წლის 12 იანვარს გამოაცხადა. კერძოდ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლიდან თაღლითობის მუხლზე გადააკვალიფიცირა, ხოლო ავთანდილ წერეთლის ბრალდება ფულის გათეთრებაში მონაწილეობიდან – თაღლითობაში მონაწილეობაზე. თუმცა, 12 იანვარს გამოცხადებული განაჩენით, მოსამართლე გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის (თაღლითობა) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით) და სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7-7 წლით. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხაზარაძე და ჯაფარიძე საპატიმრო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო. საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოშიც დასრულდა. საქმეს განიხილავდა სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მერაბ ჯორბენაძის თავმჯდომარეობით. 2023 წლის 20 იანვარს პალატა განაჩენის გამოსაცხადებლად სათათბიროდ გავიდა და განაჩენი 26 იანვარს გამოაცხადა.  სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, რითაც საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

10)    აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის სისხლის სამართლის საქმე. ადამიანის უფლებათა ცენტრი აკვირდება აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვას.  ბრალდებულებს ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში, რაც გულისხმობს: მოხელისათვის პირდაპირ მის სასარგებლოდ ფულის შეთავაზებას, რათა მან თანამდებობრივი უფლების განხორციელების და მოვალეობის შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება; ასევე - ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ასევე - ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ე.ი. მის ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად. დამატებით, ბრალდებულ აკაკი კობალაძეს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, რაც გულისხმობს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას. 2020 წლის 10 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათ გირაოს სახით 10 000  ლარის გადახდა დაეკისრათ. საქმის განხივა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. საქმეს არსებითად იხილავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილი, რომლის სააპელაციო სასამართლოში გამწესების შემდგომ საქმეს იხილავს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე. ამჟამად, საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება. სასამართლოს ჩვენება მისცა ბრალდებულმა აკაკი კობალაძემ. მომდევნო სხდომაზე დაიკითხება ბრალდებული აკაკი ხუსკივაძე, რის შემდეგაც მხარეები იტყვიან დასკვნით სიტყვებს.

11)    ნიკანორ მელიას საქმე - პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ნიკანორ მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ეს საქმე უკავშირდება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს. 2021 წლის 17 თებერვალს სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე. 2021 წლის 10 მაისს სასამართლომ, ასევე, დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახის უფრო მსუბუქი სახით შეცვლის თაობაზე. კერძოდ, ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა შეიცვალა 40 000-ლარიანი გირაოთი. გირაოს თანხა გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის (EED) ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში. სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის თავმჯდომარეობით გრძელდება.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ნიკანორ მელიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე მიმოიხილა დოკუმენტში - 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი ანალიზი.

12)    გიორგი უგულავას და ალექსანდრე გოგოხიას საქმე - ქალაქ თბილისის ყოფილი მერის, გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის ეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა. ბრალდებულებს პროკურატურა სსკ-ის 194-ე მუხლით და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრება) და ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღება ან გამოყენებას. ამასთან, უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში „სითი პარკის“ ეპიზოდზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ხოლო ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებასაც ედავება. საქმეს იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანაშვილი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა გიორგი უგულავას და ალექსანდრე გოგოხიას საქმე მიმოიხილა დოკუმენტში - გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება. 

13)    ირაკლი ოქრუაშვილის საქმე. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წარედგინა  2019 წ. 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე, სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. 2020 წლის 13 აპრილის განაჩენით მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე ოქრუაშვილმა, ისევე, როგორც გიორგი უგულავამ, პენიტენციური დაწესებულება 2020 წლის 15 მაისს დატოვა. შეწყალების მიუხედავად, ოქრუაშვილმა განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლე ვეფხვია ლომიძემ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. ეს გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილმა, საკასაციო წესით, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ საჩივარი განსახილველად არ მიიღო და შესაბამისად, ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. 

14)    ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის საქმე - ე. წ. ბუტა რობაქიძის საქმე. ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალი  წარდგენილი აქვთ სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. საქმე ეხება 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, დიდუბის პანთეონთან მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც საპატრულო პოლიციის პატრულმა ინსპექტორებმა გააჩერეს BMW-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გრიგოლ ბაშალეიშვილს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი - ამირან (ბუტა) რობაქიძე, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდების დადგენილებით, ამ ფაქტზე ინფორმაცია იმავე ღამით მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მისულ შსს-ს მაღალჩინოსნებს დაავალა, რომ „გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი“ და ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. გარდა ამისა, ბრალდების შესახებ დადგენილებით, იმჟამინდელი საქართველოს გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში. ირაკლი ოქრუაშვილს  ბრალდება 2019 წ. 19 ნოემბერს, პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის 15-წლიანი ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე. საქმის განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა. 2004 წლის 24 ნოემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაიკითხა საქმის პროკურორი. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის ნოემბრის თვიდან განიხილავს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე. სხდომები თითქმის 3 კვირაში ერთხელ ინიშნება. 

საქმესთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები განხილულია ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკურ დოკუმენტში - ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება, 2020

15)    კობა კოშაძის საქმე - პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენას, შენახვას ან ტარებას. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით  მიმართა, კობა კოშაძის მიმართ სასამართლომ გააუქმა აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობა და ბრალდებულს შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით. კობა კოშაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. საქმეს განიხილავს მოსამართლე გიორგი არევაძე. 2022 წლიდან სასამართლო სხდომა არ ჩანიშნულა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა კობა კოშაძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე მიმოიხილა დოკუმენტში - ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება. ამ საქმეში არაერთი სამართლებრივი პრობლემაა იდენტიფიცირებული.

16)    გიორგი მუმლაძის საქმე. სამოქალაქო აქტივისტს, გიორგი მუმლაძეს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაც გულისხმობს - პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე - აშკარად უკანონო ქმედებისთვის მის იძულებას,  ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. საქმე ჯერ კიდევ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტპაზეა. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ზვიად შარაძე განიხილავს. 

17)    გიორგი რურუას საქმე. მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს და მეწილეს, 2019 წლის 20-21 ივნისის და ნოემბრის საპროტექსტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს და მონაწილეს, გიორგი რურუას ბრალი ედება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება); ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას. 2020 წლის 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა რურუას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ რურუა დამნაშავედ ცნო ორივე ბრალდებაში. საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე, 2021 წლის 27 აპრილს მსჯავრდებულმა დატოვა პენიტენციური დაწესებულება. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2021 წლის 19 აპრილს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას (ე. წ. შარლ მიშელის დოკუმენტი), რომლის თანახმად, გიორგი რურუას მიმართ უნდა ყოფილიყო გამოყენებული გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმი. შეწყალების მიუხედავად, გიორგი რურუამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. საქმე ამ ეტაპზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში იხილება.

მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი - გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმე - სამართლებრივი ანალიზი.. 

18)    კახა კუკავას საქმე - 2022 წლის 7 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას, ასევე - არსენ ნადირაძის და მიხეილ საკანდელიძის წინააღმდეგ. მათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო ედავებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას („სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის, კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება“). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და კახა კუკავას და მიხეილ საკანდელიძეს 2200 ლარის, ხოლო არსენ ნადირაძეს 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა.

19)    კახა კალაძე ჟურნალისტ მაია მამულაშვილის და ტვ „პირველის“ წინააღმდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის სამოქალაქო სარჩელზე საქმის არსებითი განხილვის სხდომები. 2022 წლის 30 ნოემბერს მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის თანახმად, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კახა კალაძის სარჩელი და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს და ,,ტვ პირველს“ მორალური ზიანის სახით, სოლიდარულად დააკისრა 15 000 ლარის გადახდა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მაია მამულაშვილმა გავრცელებული მცდარი ცნობები უნდა უარყოს იგივე ფორმით, რა ფორმითაც გავრცელდა თავდაპირველად. ჟურნალისტმა თბილისის მერი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ  კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი ლარი მიიღო. კახა კალაძე სასამართლოში ჟურნალისტის მიერ საჯაროდ გავრცელებული ამ ინფორმაციის უარყოფასა და მოპასუხეებისთვის 100 000 ლარის დაკისრებას ითხოვდა.

20)    GMI Rights Management ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა კომპანია GMI Rights Management-ის სამოქალაქო სარჩელის განხილვა ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენდა საავტორო უფლებების დარღვევა, კერძოდ - ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის მიერ მურმან ლებანიძის ლექსის - „მეშინიას“ საჯარო წაკითხვა და საარჩევნო კლიპში მისი უნებართვო გამოყენება. საავტორო უფლებების კავშირის სახელით, GMI Rights Management-მა საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას ზიანის სახით 50 000 ევროს ანაზღაურება მოსთხოვა. თბილისის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გოჩა დიდავას 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით,  სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 

21)    ლევან ხაბეიშვილის საქმე - საქართველოს პარლამენტის წევრს, ლევან ხაბეიშვილს (საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) საქართველოს პროკურატურა სსკ–ს 126–ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. საქმის მასალების თანახმად, 2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოს დერეფანში ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მაშინდელ მოადგილეს ირაკლი ზარქუას მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. მოთხოვნა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბრალდებულს 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამ ეტაპისთვის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქმეს განიხილავს მოსამართლე ნინო ნაჭყებია. ლევან ხაბეიშვილი და მისი ადვოკატი აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიზებულია და დეპუტატის საპარლამენტო საქმიანობიდან ჩამოშორებისკენაა მიმართული (ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტით).

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე მიმოიხილა დოკუმენტში - ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის ტენდენცია სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების კვალდაკვალ  2023.

22)    დავით კეზერაშვილის საქმე. თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, - ალექსანდრე ნინუას  სააპელაციო სარჩელის განხილვა. 2022 წლის მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ სოლიდარულად დააკისრა 5 060 000 ევროს ოდენობის ზიანის ანაზღაურება თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ალექსანდრე ნინუას სააპელაციო საჩივარი. იგი გათავისუფლდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, ხოლო დავით კეზერაშვილს სრულად დაეკისრა 5 060 000 ევროს (ეკვივალენტი ლარში) გადახდა თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ. საქმე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, ოთარ სიჭინავას, გოჩა ჯეირანაშვილისა და ლაშა თავართქილაძის შემადგენლობით. 

23)    მეგის ქარდავას საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებული, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას სისხლის სამართლის პროცესი. პროკურატურა მას ედავება 2011 წელს პენიტენციური სამსახურის #8 დაწესებულებაში სამი პატიმრის წამებას.  მეგის ქარდავას ბრალი შეფარდებული აქვს სისხლის სამართლის 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, კერძოდ - წამების მუხლით, რაც ითვალისწინებს 9-დან 15 წლამდე პატიმრობას. საქმე სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა და მიმდინარეობს მტკიცებულებათა გამოკვლევა. ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივით მიმდინარეობს და ის უარს აცხადებს  პროცესში მონაწილეობაზე. საქმეს განიხილავს მოსამართლე დავით მგელიაშვილი.

24)    ზვიად კუპრავას საქმე. თბილისის საკრებულოს და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზვიად კუპრავას საქართველოს პროკურატურა სსკ-ის 126–ე (ძალადობა) მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს სდებს ბრალად. როგორც პროკურატურის საბრალდებო დასკვნაშია მითითებული, ზვიად კუპრავამ 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს, ერთ–ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარედ იძალადა მოქალაქეზე, რომელსაც მიადგა სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამჟამად, საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა და მას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე, გიზო უბილავა.

25)    ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის საქმე. 2023 წლის 7 მარტს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ამავე პარტიის წევრი - ნიკა მოსიაშვილი. მათ ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) და ამავე კოდექსის 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დარღვევას. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განმხილველმა მოსამართლემ, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდგომ, დაკავებულები პატიმრობიდან გაათავისუფლა. 10 მარტს გამართულ სხდომაზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ესწრებოდნენ. ზურაბ ჯაფარიძეს დაუდასტურდა COVID-19, ხოლო ნიკა მოსიაშვილი დაკავებისას მიღებული დაზიანებების გამო ტვინის შერყევის მკურნალობას გადიოდა სტაციონარში. სხდომაზე ადვოკატებმა იშუამდგომლეს მტკიცებულებების სახით შემთხვევის ადგილის უწყვეტი ვიდეოკადრების დართვა და, ასევე, - სხდომის გადადება ადმინისტრაციულ პასუხსიგებაში მიცემული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც მოსამართლემ  დააკმაყოფილა. საქმეს იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუა.

26)    გიორგი მუმლაძის საქმე. 2023 წლის 8 მარტს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუმლაძე.  მას ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლისა (წვრილმანი ხულიგნობა) და ამავე კოდექსის 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დარღვევას. საქმის განმხილველმა მოსამართლემ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი სასამართლოში პირველი წარდგენისას ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა ადმინისტრაციული პატიმრობის 48-საათიანი ვადის ამოწურვის გამო. 2023 წლის 10 აპრილს გამართულ სხდომაზე დასრულდა მტკიცებულებების გამოკვლევა. მხარეებმა თქვეს საპაექრო სიტყვა და რეპლიკა. არსებული განრიგის თანახმად, გადაწყვეტილება გამოცხადდება 2023 წლის 26 აპრილს. საქმეს იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მანუჩარ ცაცუა. 

27)    ნადიმ ხმალაძის საქმე. სამოქალაქო აქტივისტი ნადიმ ხმალაძე 2023 წლის 8 მარტს, თბილისში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო 7 მარტის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173–ე (დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას ედავება. საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ნინო ენუქიძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო მონიტორინგს 2020 წლის თებერვლიდან ახორციელებს. 2020-23 წლებში ცენტრის მონიტორინგის ქვეშ ჯამში მოექცა 51 საქმე. მონიტორინგის შედეგები და მნიშვნელოვანი მიგნებები გამოქვეყნებულია ანგარიშებსა და ანალიტიკურ დოკუმენტებში, რომელთა გაცნობა შესაძლებელია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე - hrc.ge, ანგარიშების და კვლევების განყოფილებებში.

დოკუმენტი მომზადდა აშშ-ის ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას. შესაბამისად, NED არ არის პასუხისმგებელი ტექსტის შინაარსზე.
 
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით