3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. 1993 წლიდან დღემდე ეს თარიღი სიმბოლური მანიფესტია ყველა ხელისუფლებისთვის, რათა პატივი სცენ პრესას, როგორც თავისუფლების ერთ-ერთ მთავარ საყრდენ კედელს. ამ დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმიანებით „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეს. თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 2022 წლის 16 მაისს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მივიჩნევთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ არსებული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს კრიტიკული ხმის ჩახშობას. ნიკა გვარამიას მიმართ წარმოებული საქმე მთლიანობაში ძირს უთხრის მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას, ატარებს მსუსხავ ეფექტს გამოხატვის თავისუფლების მიმართ და ქმნის თავისუფალი სივრცის შევიწროების იმგვარ პრეცედენტს, რომელსაც გავლენა აქვს სახელმწიფოში პლურალისტული მედია გარემოს არსებობაზე.
იხ. მიმაგრებული დოკუმენტი