სიახლეები

ალტერნატიული ანგარიში ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტისთვის

03.05.2023
ფონტის ზომა
სამოქალაქო პლატფორმის „არა ფობიას!“ წევრმა ორგანიზაციებმა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტს  საქართველოს მიერ ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ ალტერნატიული ანგარიში წარუდგინეს.

ალტერნატიული ანგარიში მომზადდა კომიტეტის მიერ კონვენციის აღსრულების მონიტორინგის მე-4 ციკლის ფარგლებში, რომლის განმავლობაშიც, კერძოდ 2023 წლის 15-19 მაისს, კომიტეტის დელეგაცია, მონიტორინგის მიზნით, საქართველოს ეწვევა. მონიტორინგის მე-4 ციკლის ბოლოს, კომიტეტი მიიღებს მოსაზრებას საქართველოს მიერ ჩარჩო კონვენციის აღსრულების შესახებ.
წარგდენილ ალტერნატიულ ანგარიშში შეფასებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონვენციის იმპლემენტაცია. დოკუმენტი ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების მიერ კომიტეტში გაგზავნილ მე-4 ანგარიშს, საკონსულტაციო კომიტეტის მიერ მიღებულ მე-3 მოსაზრებას საქართველოს შესახებ, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ ბოლო რეზოლუციას ჩარჩო კონვენციის აღსრულების შესახებ და სხვა მასალებს, რომელიც რელევანტურია ეროვნული უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით.

ალტერნატიულ ანგარიშში განხილულია:

  • ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობისა და უფლებათა აღდგენის/დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ საზოგადოების ცნობიერება;
  • სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2023 წლების სახელმწიფო სტრატეგიის იმპლემენტაციაში, კერძოდ 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში;
  • ღვთისმსახურებისთვის შენობების/ადგილების გადაცემის/გამოყოფის საკითხი, კერძოდ ბათუმის მერიის მიერ ახალი მეჩეთის მშენებლობის დაბრკოლება;
  • რელიგიური ორგანიზაციებისთვის საკუთრების რესტიტუციის პროცესი;
  • რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და არასათანადო თანამშრომლობა რელიგიურ ორგანიზაციებთან;
  • ხელისუფლების მიერ რელიგიური პირების სავარაუდო არალეგალური მიყურადების პრაქტიკა;
  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო შეფასება;
  • მართლმსაჯულების/გამოძიების არასათანადოდ განხორციელება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების საქმეებზე, მათ შორის ვიტალი საფაროვის მკვლელობასა და სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარის შემთხვევაზე;
  • ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა და წარმომადგენლობა პოლიტიკურ ცხოვრებაში (პარლამენტსა და თვითმმართველობებში);
  • კოვიდ პანდემიის მართვისას გამოვლენილი დისკრიმინაცია და  არასათანადო პოლიტიკა, კერძოდ  მიგრანტებისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ;
  • ეროვნული უმცირესობებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი;
  • პროზელიტიზმის შემთხვევები სკოლებში;
  • ანტი-სემიტიზმის გამოვლინებები.
სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!" 2014 წლის 7 მაისს ცამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა, რათა პლატფორმას უზრუნველყო არასამთავრობო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობა ქართულ პოლიტიკასა და მედია სივრცეში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის ყოველგვარი გამოვლინებების აღმოსაფხვრელად. პლატფორმის მისიაა საჯარო სივრცეებში შეუწყნარებლობის, სიძულვილის ენისა და დიკსრიმინაციის შემთხვევების გამოვლენა, მათ წინააღმდეგ ბრძოლა და ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებაში საზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა. მისი ღირებულებებია ტოლერანტობა, პლურარიზმი, თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა და სოლიდარობა. ამჟამად პლატფორმა აერთიანებს 16 წევრ ორგანიზაციას და საქმიანობს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (USAID), პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია  (UNAG) პარტნიორებთან ერთად.
სიახლეები
Loading...