ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს 8-9 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის ინტერესების დაცვას.
2023 წლის 1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა წინამოსამზადებელი სასამართლო სხდომა. საქმეს განიხილავდა მოსამართლე ნატო ხუჯაძე. სხდომაზე განხილული იყო ლაზარე გრიგორიადისის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის საკითხი, ასევე - პროკურატურის და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი. დაცვის და ბრალდების მხარეებმა სასამართლოს წარუდგინეს მოპოვებული მტკიცებულებები და იშუამდგომლეს მათი დართვა სისხლის სამართლის საქმეზე.
დაცვის მხარემ სხდომაზე დააყენა შუამდგომლობები, რომელიც ეხებოდა გამოძიების პროცესში პროკურორის შუამდგომლობას ლაზარე გრიგორიადისის დაკავების თაობაზე და დაკავებულის ფოტოსურათების გამოყენებით ამოცნობის ოქმის დაუშვებლად ცნობას.
პროკურატურამ წარმოადგინა შუამდგომლობა და ითხოვა დაუშვებელ მტკიცებულებად ყოფილიყო ცნობილი დაცვის მხარის მიერ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა.
წინამოსამზადებელი საქმის განმხილველმა მოსამართლემ პროკურატურის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა მათ შორის - დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულების დაუშვებლობის თაობაზე. ხოლო დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობიდან მოსამართლემ არც ერთი არ დააკმაყოფილა.
ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობაში დატოვების საკითხის განხილვისას მოსამართლემ, ასევე, არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეცვლილიყო გირაოთი 20 000 ლარის ოდენობით.
საბოლოოდ, წინამოსამზადებელი საქმის განმხილველმა მოსამართლემ ლაზარე გირგორიადისის საქმე არსებით განსახილველად გადასცა სასამართლოს შემდეგი მოცემულობით: უპირობოდ დააკმაყოფილა პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა შუამდგომლობა და არ გაიზიარა დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა.
ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომა ჩაინიშნა 2023 წლის 8 მაისს 11:00 საათზე.
ადამიანის უფლებათა ცენტრი