სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის პრესკონფერენცია სუსის მიერ ადვოკატების უკანონო მოსმენის საქმეზე

22.05.2023
ფონტის ზომა
ხვალ, 23 მაისს, 11:00 სათზე ადამიანის უფლებათა ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას ადვოკატებთან ერთად, რომელთა ინტერესებსაც იცავს ე. წ. მოსმენების საქმეზე. მიხელ რამიშვილი, მია ზოიძე და გიორგი ფანცულაია ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნით, დაზარალებულად არიან ცნობილი, მაგრამ საქმეზე ეფექტიანი გამოძიება არ მიმდინარეობს. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოქალაქეთა უკანონოდ, სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე  უზრუნველყოფილი იყოს ეფექტური და სწრაფი მართლმსაჯულება. ამავე დროს, დაზარალებულებს მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალას ასლის სახით. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურამ უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე გამოძიების თაობაზე. 

2021 წლის  13 სექტემბერს  სხვადასხვა  მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მოქალაქეთა უკანონოდ, სატელეფონო საუბრების მოსმენა-მიყურადების თაობაზე. ჩამონათვალში  შედიოდნენ  საპატრიარქოს მაღალი იერარქიის თანამდებობის პირები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ადვოკატები და სხვა პირები.  ამავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებდნენ ადვოკატები მიხეილ რამიშვილი, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე. 

2021 წლის  13 სექტემბერს გავრცელებული კერძო კომუნიკაციებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები (ე.წ. კრებსები), კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყანაში ტოტალურ, უკონტროლო და უკანონო მოსმენებს, ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს.  გავრცელებული მასალების მოცულობის, მასშტაბისა და შინაარსიდან გამომდინარე, იკვეთება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის სისტემური დანაშაული, რომლის ეფექტური გამოძიებაც სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა.

ადვოკატები დღემდე  განიცდიან  პირადი ცხოვრების დაუცველობის,  საჯაროობის და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის საფრთხეს.  კერძო საუბრებისა და პირადი ცხოვრების ჩანაწერების არაერთხელ საჯაროდ გასაჯაროების გამო, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდათ პირადი ცხოვრების დაუცველობის განცდა.

ფარული თვალთვალისა და მიყურადების აქც ერთი საქმე არ გამოძიებულა და შედეგი არ გამხდარა ცნობილი. არ მომხდარა  უკანონო მოსმენების საქმეების კომპლექსური გამოძიება. არ არსებობს პრეცედენტი, რომ დამნაშავეებს პასუხი ეგოთ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც არაერთხელ ჰქონდა ადგილი ქვეყანაში ფარული ჩანაწერების უკანონო გავრცელებას.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი გეგმავს, მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვოს პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის დადგენა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...