სიახლეები

ერთობლივი განცხადება საქართველოში საპოლიციო ძალების მიერ მოქალაქეთა საპროტესტო აქციის დაშლის თაობაზე

31.05.2023
ფონტის ზომა
31 მაისი, 2023
განცხადება PDF
 
საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულმა კანონპროექტებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ სამოქალაქო საზოგადოების მღელვარება და პროტესტი გამოიწვია. ორი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში 2023 წლის 14 თებერვალს და  27 თებერვალს დარეგისტრირდა. ინიციატორების თქმით, ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით დაამტკიცებდნენ და შემდეგ ვენეციის კომისიაში გადაგზავნიდნენ შეფასებების მისაღებად.

პარლამენტმა ე. წ. აგენტების კანონპროექტების განხილვა დაჩქარებული წესით დაიწყო, რასაც  პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიციის, ხოლო პარლამენტს გარეთ სამოქალაქო საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტები შეიცავდა ისეთ დებულებებს, რომლებსაც შესაძლოა შეეზღუდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება იმგვარად, როგორც ეს მოხდა მსგავსი ინსტრუმენტის მქონე ქვეყნებში, - მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში.  მეტიც, - იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული კანონპროექტებში არსებული დებულებები ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაერობის პრინციპებს, მათი მიღება უარყოფითად აისახებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს დადებული ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე.
 
2 მარტს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე, ოპოზიციის  მძაფრი პროტესტის და ხმაურის ფონზე განიხილა ორივე კანონპროექტი. სხდომის პარალელურად პარლამენტთან გაიმართა  საპროტესტო აქცია მოწოდებით „არა რუსულ კანონს!“. პოლიციამ საპროტესტო აქციის 36 მონაწილე, მათ შორის - ჟურნალისტები დააკავა. 

6 მარტს კანონპროექტების განხილვა გააგრძელა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომელმაც ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის და წინააღმდეგობის მიუხედავად, კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. პარალელურად, პარლამენტთან კვლავ გაიმართა მოქალაქეთა საპროტესტო აქცია იგივე მოთხოვნით - არ მიეღო პარლამენტს რუსული კანონი. ამავე დღის 15:00 საათზე იყო ჩანიშნული ბიუროს სხდომაც, თუმცა სხდომა მომდევნო დღეს  - 7 მარტს 10:00 საათისთვის გადაიდო. პლენარული სხდომის გამართვა კი 9 მარტს დაიგეგმა. 

7 მარტს პარლამენტის ბიურომ პლენარულ სხდომაზე განსახილველად დაამტკიცა კანონპროექტები. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა კვლავ განაცხადეს, რომ კანონპროექტები 9 მარტის პლენარულ სხდომაზე განიხილებოდა. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაც 9 მარტისთვის გადაიდო და აქციის მონაწილეები დაიშალნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიმდინარე პლენარული სხდომის დღის წესრიგი მოულოდნელად შეცვალა და პარლამენტმა ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დაიწყო.  დღის წესრიგის ასეთ ცვლილებას ცოტა ხანში მოჰყვა პარლამენტთან უფრო მეტი მოქალაქის პროტესტი, რომელიც გაგრძელდა 8-9 მარტსაც.

7 მარტს აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა. საპარლამენტო სესიის დასასრულისკენ, დაახლოებით, 20:00 საათისათვის, როდესაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, პარლამენტის გვერდითა შესასვლელებიდან, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, საჭირო გახდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების პარლამენტის შენობიდან გამოყვანა. ამ დროისათვის, სამართალდამცველებმა პარლამენტის შესასვლელებთან მოაწყვეს კორდონი და დემონსტრანტებს შეუზღუდეს ქუჩებზე გადაადგილების შესაძლებლობა. ცოტა ხანში კი, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, პოლიციამ დაიწყო მომიტინგეების დაშლა სპეციალური საშუალებების - წყლის ჭავლისა და წიწაკის გაზის გამოყენებით.
 
მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური საპოლიციო საშუალებებით დარბევისას დაირღვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება „პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის“ შესახებ, რომლის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე პოლიციის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, გასცეს წინასწარი გაფრთხილება და მისცეს საკმარისი დრო აქციის მონაწილეებს დაშლისათვის. ამასთან, პოლიციის უფლებამოსილმა პირმა სპეციალური საშუალებები უნდა გამოიყენოს აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინებით. 7 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ, სპეციალური საშუალებები გამოიყენა აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინების გარეშე, აგრეთვე, სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ გაფრთხილება გააჟღერა მხოლოდ ამ საშუალებების გამოყენების შემდეგ, ისეთ ვითარებაში, როცა აქციის მონაწილეებს არ ჰქონდათ საკმარისი დრო დაშლისათვის. ეს კი ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტს, ისე საქართველოს კანონმდებლობას. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად ან შეიარაღებული დამნაშავის დასაკავებლად. 7 მარტის საპროტესტო აქციის დროს არ გამოვლენილა  არც ერთი დასახელებული შემთხვევა. ამდენად, პოლიციამ წყალსატყორცნი სატრანსპორტო საშუალება გამოიყენა  სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკით, გაუმართლებელია წყლის ჭავლის გამოყენება მშვიდობიანი მოქალაქეების დასაშლელად. 

8 მარტის აქციის მიმდინარეობისას მომიტინგეთა ნაწილს ჰქონდა მცდელობა, მოეხდინა პარლამენტის შენობის პიკეტირება. მართალია, აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა, ზოგიერთი მონაწილის ქმედება გასცდა მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცული სფეროს ფარგლებს. ამასთან, 8-9 მარტის აქციის დასაშლელად პოლიციამ კვლავ გამოიყენა სპეციალური საპოლიციო საშუალებები, მათ შორის - წყლის ჭავლი და წიწაკის გაზი, და დაიწყო მოქალაქეთა მასობრივი დაკავებების სერია ქუჩებში, ეკლესიასა და სუპერმარკეტებში. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია წყლის ჭავლში ურევდა წიწაკის გაზს, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს და ქმნის ადამიანთა მიზანმიმართული დაზიანების საფრთხეს. აგრეთვე, საერთაშორისო სტანდარტი დაირღვა მაშინაც, როდესაც პოლიცია წიწაკის გაზის განურჩევლად იყენებდა შეკრებილების მიმართ, მიუხედავად იმისა, მათი ქცევა იყო თუ არა ძალადობრივი. მეტიც, დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც პოლიციელი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თვალის მიმართულებით ასხურებდა წიწაკის გაზს, მაშინ როდესაც არ არსებობდა მისი გამოყენების არანაირი საფუძველი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა და სამართლებრივი დახმარების პროცესში ჩართული სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, დადგენილი სტანდარტია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოვლენილი იქნება მანიფესტაციის ცალკეული მონაწილის ან მონაწილეების მიერ შეუსაბამო ქცევა, ეს არ აქცევს  მშვიდობიან აქციას ავტომატურად არამშვიდობიანად. სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, ერთმანეთისგან გამიჯნონ მშვიდობიანი და არამშვიდობიანი მონაწილეები. მხოლოდ ერთეული, იზოლირებული ძალადობრივი ქმედების ან ძალადობის გამოვლენა ზოგიერთი მონაწილის მხრიდან დემონსტრაციის განმავლობაში არ არის თავისთავად მყარი საფუძველი იმისათვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების შეკრების თავისუფლება შეიზღუდოს. სამართალდამცავები არ უნდა მოეპყრონ შეკრებილ ხალხს ერთგვაროვნად მონაწილეთა დაკავებისას ან (როგორც უკანასკნელი საშუალება) შეკრების ძალის გამოყენებით დაშლისას.

შსს-ს 9 მარტის განცხადებით, 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს მომხდარ სამართალდარღვევების ფაქტებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 133 პირი დააკავეს,  პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, ერთი პირი.  მომიტინგეთა დაკავების დროს, გამოვლინდა პოლიციელების მხრიდან, არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და დაკავებულებების მიმართ ძალადობის გამოვლენის შემთხვევები. ამასთან, ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლას და მათზე განხორციელებულ ძალადობას. 

7-8-9 მარტის აქციების დროს, გამოიკვეთა სამართალდამცავების მხრიდან ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევის შემთხვევები, კერძოდ: პოლიციამ მომიტინგეების მიმართ სპეციალური საშუალებები გამოიყენა გაფრთხილების გარეშე, გამოვლინდა მშვიდობიანი მოქალაქეების შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა, წიწაკის გაზის მიზანმიმართული გამოყენება, წყლის ჭავლში წიწაკის გაზის შერევა, აგრეთვე, აქციების დაშლისას ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას და როგორც მომიტინგეების, ისე ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებს.

აქციაზე დაკავებული ზოგიერთი პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმეების განხილვა დასრულდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, თუმცა 7-9 მარტის აქციის სხვა დაკავებული მონაწილეების მიმართ საქმეების წარმოება კვლავ მიმდინარეობს. ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ მაღალი ოდენობის ჯარიმების სამართალდამრღვევის პირების მიმართ შეფარდება. ამასთან, არაორგანიზებულად მიმდინარეობს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსა მიერ საქმეების სასამართლოში შეტანა, ისე სასამართლოს მიერ საქმეების განხილვა, რის გამოც, მხარეებს დროულად არ ეცნობებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების სასამართლოში წარდგენის თარიღი და არც საქმის მასალები გადაეცემათ დროულად. ადვოკატებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, სათანადო კომუნიკაცია ჰქონდეთ მარწმუნებელთან და მოიძიონ მტკიცებულებები. შესაბამისად, ადვოკატებს ხელი ეშლებათ განახორციელონ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეების ეფექტური დაცვა. 

ამჟამად, აქციის მონაწილეების მიმართ აღძრულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის საქმეები, ზოგიერთი - თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ხოლო დანარჩენი - თბილისის საქალაქო სასამართლოში. პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით გამოძიება კი დღემდე არ დაწყებულა. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
  • უზრუნველყოს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან, ჟურნალისტთა საქმიანობის ხელშეშლისა და მათ მიმართ ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებული შემთხვევების დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება;
  • მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დაწყების, მისი მიმდინარეობისა და გამოკვეთილი შედეგების შესახებ.
საქართველოს გენერალურ პროკურატურას:
  • დაიწყოს გამოძიება სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და ასეთი ქმედების ფარგლების შესახებ გაცემული ბრძანების სავარაუდო უკანონობის დადგენის მიზნით;
  • მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დაწყების, მისი მიმდინარეობისა და გამოკვეთილი შედეგების შესახებ. 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ შეკრების თავისუფლებას და გაუმართლებლად არ ჩაერიოს ამ უფლებით დაცულ სფეროში;
  • სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა გასცენ წინასწარი გაფრთხილება და აქციის მონაწილეებს მისცენ გონივრული დრო დაშლისათვის;
  •  უზრუნველყოს სპეციალური საშუალებების გამოყენება პროპორციული ძალის პრინციპის შესაბამისად,  მხოლოდდამხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში;
  • საპროტესტო აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლისას დაიცვას ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები.
- ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი
- ჰერტიეს სკოლა
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით