სიახლეები

ვეხმიანებით ილიას უნივერსიტეტის დისკრედიტაციისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიას

05.06.2023
ფონტის ზომა
გასული დღეების განმავლობაში დაიწყო აქტიური საინფორმაციო კამპანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის წინააღმდეგ. კამპანიის ფარგლებში უნივერსიტეტის ხელმძღვანელს ბრალს დებენ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაში და ზოგადად, არაანგარიშვალდებულებასა და გაუმჭვირვალობაში.
 
კამპანიაში ჩართულები არიან მმართველი პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი ან/და მის პირდაპირ კონტროლს დაქვემდებარებული საინფორმაციო წყაროები, რომლებიც ხშირად ატარებენ სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მიმართ დაწყებული ნეგატიური კამპანიის ლეგიტიმურობას და გულწრფელობას ეჭვქვეშ აყენებს არამხოლოდ მისი განმახორციელებელი საინფორმაციო წყაროები, არამედ ის ფაქტი, რომ კამპანიის ფლაგმანი საინფორმაციო წყაროები ფოკუსირებულები არიან არა ზოგადად აკადემიური სექტორის გამჭვირვალობის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, არამედ კონკრეტულად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე და მის ხელმძღვანელზე.
 
ზოგადად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირის დისკრედიტაციის მიზანია ამ დაწესებულების იმიჯის შელახვა  და ამ გზებით მასზე გავლენის და კონტროლის მოპოვების ხელშეწყობა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელისუფლებო პროპაგანდის სამიზნეა საგანმანათლებლო, აკადემიური დაწესებულება. ეს დაწესებულებები კი როგორც წესი, ავტორიტარული მმართველობისკენ მიმავალი რეჟიმების პრიორიტეტული სამიზნეა, ვინაიდან განათლებული საზოგადოება პოპულისტი და არადემოკრატიული რეჟიმებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.
 
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აქტიური წვლილი შეაქვს საქართველოს წინაშე მდგარ არაერთ კრიტიკულ გამოწვევასთან დაკავშირებით დეფიციტური აკადემიური ცოდნის შექმნაში, იქნება ეს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
 
მივიჩნევთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის წინააღმდეგ დაწყებული საინფორმაციო კამპანიის მიზანია, უნივერსიტეტის დისკრედიტაცია, მისი მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ მოქცევა და სხვა დამოუკიდებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამაფრთხილებელი სიგნალის გაგზავნა. ამგვარი ქმედება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, რომელიც იცავს აკადემიურ თავისუფლებასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობას.
 
სოლიდარობას ვუცხადებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ დამოუკიდებელი საგანმანათლებლო და აკადემიური დაწესებულებების  წინააღმდეგ დაწყებული საფრთხის შემცველი კამპანია.
 
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • მმართველობისმონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • სასამართლოს გუშაგი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • პრევენცია პროგრესისთვის
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • უფლებები საქართველო
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით