სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა

21.06.2023
ფონტის ზომა
Humanrights.ge

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა N1513 კონსტიტუციური სარჩელი ,,მამუკა ტოლიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’. მოსარჩელის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირს ვერ აღუკვეთავენ თავისუფლებას თუკი მას აღმოაჩნდება ერთი მოხმარებისათვის გამოუსადეგარი, მცირე ოდენობის, ნებისმიერი სახის ნარკოტიკული ნივთიერება. 

სასამართლოს დადგენილებით, აღმოიფხვრება წარსულის ის მანკიერი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პირს რამდენიმე წლით აღუკვეთავდნენ თავისუფლებას იმ შემთხვევაში,  თუ მას თან აღმოაჩნდებოდა უკვე გამოყენებული ცარიელი შპრიცი ან ნივთი, რომელზეც დარჩენილი იყო ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალებების  მცირე კვალი. 

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ადამიანი არ შეიძლება ისჯებოდეს საკუთარი თავისთვის მიყენებული დაზიანებისათვის, თუკი დანაშაული არ არის მიმართული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ. ხოლო ისეთ შემთხვევებში, როცა გამოვლენილია აკრძალული ნივთიერების, მათ შორის თუნდაც მძიმე ნარკოტიკის კატეგორიას მიკუთვნებული საშუალების ისეთი მცირე ოდენობა, რომლის აღმოჩენაც მხოლოდ  ლაბორატორიულად, მიკროსკოპულ დონეზეა შესაძლებელი, გაურკვეველი რჩება რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს საზოგადოებისათვის და რამდენად საჭიროა ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევა და მკაცრი ღონისძიებების გატარება, მით უფრო, რომ ოდენობიდან გამომდინარე, იგი პირადი მოხმარებისთვისაც უვარგისია.

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ კონკრეტული გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლზე მითითებით (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები), საპატიმრო დაწესებულებებიდან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებსაც ძალადაკარგულად ცნობილი, წარსულში მოქმედი ნორმის საფუძველზე, სასჯელის სახედ განუსაზღვრეს თავისუფლების აღკვეთა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით