სიახლეები

კოალიცია ეხმიანება  საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს

23.06.2023
ფონტის ზომა

13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.  „ქართული ოცნების“ მიერ ცვლილებების მიღების გაცხადებული მიზანი, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება იყო, თუმცა ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, კანონპროექტი ვერ ასრულებდა მართლმსაჯულების შესახებ რეკომენდაციას.
 
დასკვნის მიღების შემდეგ მმართველმა პარტიამ გადაამუშავა კანონპროექტი. მიუხედავად ამისა,   ცვლილებები კვლავ გვერდს უვლის სასამართლოში არსებულ მთავარ პრობლემას - სასამართლოს პოლიტიზირებას, სისტემის ჩაკეტილობას და მოსამართლეებზე არაფორმალურ გავლენებს.  საკანონმდებლო ცვლილებები მეტად ფრაგმენტულია და  მხოლოდ პროცედურულ გაუმჯობესებებს გვთავაზობს.  

მართლმსაჯულების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის მიერ  წარდგენილი არგუმენტებიდან „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, არც ერთი ფუნდამენტური რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. კერძოდ, რეკომენდაციები შეეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების ორმაგი ⅔-ის წესით მიღებას; ადმინისტრაციული თანამდებობებისა და საბჭოს წევრობის შეუთავსებლობას, აგრეთვე მოსამართლეთა მივლინებისა და დისციპლინირების წესის რეფორმას და ა.შ. ყველა ეს საკითხი მმართველმა გუნდმა ცვლილებებს მიღმა დატოვა.

„ქართული ოცნების“ მიერ რეალური რეფორმის გატარების ნების არარსებობაზე მიუთითებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე 3 არამოსამართლე წევრის არჩევაც. შერჩეული კანდიდატები, გასაუბრებების დროს გამოირჩეოდნენ ხელისუფლების და სასამართლო სისტემის მიმართ ლოიალური პოზიციებით. მათ თავი აარიდეს სისტემაში არსებულ მწვავე პრობლემებზე საუბარს და მხოლოდ ტექნიკურ/ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრეს. გარდა ამისა, მათი ბიოგრაფიების შესწავლის შედეგად გამოვლინდა მათი კავშირები აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან მიხეილ ჩინჩალაძესთან, ლევან მურუსიძესთან და ირაკლი შენგელიასთან.  საგულისხმოა ისიც, რომ ამ კანდიდატებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა არა ფართო პოლიტიკური კონსენსუსით, არამედ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების შედეგად.  პარლამენტის გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამყარა სასამართლო სისტემაში კორპორატივიზმის და პოლიტიზების პრობლემები. საბჭოს 5 ვაკანსიაზე კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი არამოსამართლე წევრების შერჩევა, გადაწყვეტილების ორმაგი ⅔-ით მიღების წესის შემოღებასთან ერთად, გააჯანსაღებდა საბჭოში არსებულ სიტუაციას.

იმ პირობებში, როდესაც არსებობს არაერთი ლეგიტიმური კითხვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ჯეროვანი შესრულების თაობაზე, საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტის მესამე მოსმენით მიიღო ვენეციის კომისიისთვის ხელახალი გადაგზავნის გარეშე. კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება სასამართლო რეფორმისა, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტის ნაწილია.

კოალიციის მოსაზრებით, 13 ივნისის ცვლილებები ვერ პასუხობს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ გამოწვევებს. სწორედ ამიტომ:

1.    მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს კანონი დაჩქარებული წესით დასკვნის მისაღებად წარუდგინოს ვენეციის კომისიას;
2.    მოვუწოდებთ პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ კონსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად  კანონში მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის ასახვას.
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით