ლაზარე გრიგორიადისის სამოქალაქო სარჩელი ღარიბაშვილის და კობახიძის წინააღმდეგ
26 ივნისს, 11:30 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას ლაზარე გრიგორიადისის სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს მოსარჩელე ლაზარე გრიგორიადისის ინტერესებს, რომელიც სამოქალაქო სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვს, მის შესახებ საჯაროდ გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების გავრცელების გამო, დაეკისროს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულს 15 ლარის ოდენობით. მოსარჩელე, ასევე, მოითხოვს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მოიხადონ ბოდიში საჯაროდ.
საქართველოს პროკურატურამ 2023 წლის 29 მარტს გაავრცელა განცხადება, რომ გამოძიებამ დააკავა 8-9 მარტის აქციის მონაწილე, რომელმაც პოლიციელების მიმართულებით ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი და ცეცხლი წაუკიდა ერთ-ერთი პოლიციელის ავტომობილს. ლაზარე გრიგორიადისის დაკავებიდან მალევე სოციალურ ქსელში, სხვადასხვა გვერდებზე, გავრცელდა მისი ფოტოსურათი და ინფორმაცია, რომ ლაზარე გრიგორიადისი მამაზე ძალადობის ბრალდებით იყო ნასამართლევი და სწორედ მან ესროლა პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილი“. ამ ინფორმაციას თან ერთვოდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ლაზარე გრიგორიადისის პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები.
ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის საჯარო განცხადებების და კომენტარების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ისინი მიზნად ისახავდნენ ლაზარე გრიგორიადისის შესახებ ფართო საზოგადოებაში ნეგატიური განწყობების შექმნას და ბრალდებულის პატივისა და ღირსების შელახვას.
პრესკონფერენცია გაიმართება მისამართზე: თბილისი, ა. გახოკიძის 11(ა), თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი.
ადამიანის უფლებათა ცენტრი