სიახლეები

სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიში 

28.06.2023
ფონტის ზომა

29 ივნისს, 11:30 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს შემაჯამებელ ანგარიშს: „სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგი (2022 წლის ივლისი 2023 წლის ივნისი)“. 

ანგარიში ასახავს 2022 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 25 ივნისამდე სავარაუდო პოლიტიკური მოტივით მიმდინარე 21 სისხლის სამართლის, 3 სამოქალაქო სამართლის, 7  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის და სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული ერთი შუამდგომლობის განხილვის მონიტორინგის შედეგებს.

მონოტირინგის შედეგების თანახმად, კვლავ აქტუალურია სამართლიანი სასამართლოს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სტანდარტების დაცვის კუთხით არსებული პრობლემები. ამასთან, საანგარიშო პერიოდის დასაწყისიდან იმატა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესების რაოდენობამ, როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე. მათ შორისაა: ნიკა გვარამიას საქმე, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას (ე. წ. კარტოგრაფების) საქმე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის, გიორგი მუმლაძის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სხვ. 

წინა წლების მსგავსად, 2023 წელსაც, პოლიტიკოსების და აქტივისტების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესების დროს გამოკვეთილი მატერიალური და პროცესუალური დარღვევები ბადებს საფუძვლიან ეჭვს  შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური მოტივების არსებობის შესახებ. 

ანგარიშის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელიც მიემართება პროკურატურას, სასამართლო ხელისუფლებას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

ანგარიში მომზადდა ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის ფარგლებში - „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი“, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

სიახლეები
Loading...