ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები,
● ვიზიარებთ, რა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მნიშვნელობას;
● ვიაზრებთ, საქართველოში გამოხატვის თავისუფლების, მედიისა და უფლებადამცველების წინაშე მდგარ საფრთხეებს;
● ვგმობთ საქართველოში მედიისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ არსებულ დისკრედიტაციულ კამპანიას, ჟურნალისტების მიმართ გახშირებულ ვერბალურ და ფიზიკურ თავდასხმებს და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სხვა გამოვლინებებს;
● საყურადღებოდ მივიჩნევთ ძალაუფლების მქონე, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათთან დაკავშირებული სხვა პირების მიერ ცილისწამების მოტივით დაწყებული დავების მზარდ რაოდენობას;
● ვფიქრობთ, რომ ამგვარი დავების მზარდი რაოდენობა შეიძლება მიანიშნებდეს სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ მიმართულ სტრატეგიულ სარჩელებზე, ანუ SLAPP-ებზე (Strategic Lawsuits against Public Participation)
● SLAPP-ებად განვიხილავთ პოლიტიკური ან ფინანსური თვალსაზრისით გავლენიანი პირების მიერ აღძრულ სამართალწამოებებს (ხშირ შემთხვევაში, ცილისწამების საფუძვლით წარმოებულ აშკარად უსაფუძვლო სარჩელებს), რომელთა მიზანიც არის არა პატივის, ღირსების ან/და საქმიანი რეპუტაციის დაცვა, არამედ უმეტესად მედიის ან/და აქტიური მოქალაქეების გაჩუმება და მათთვის ფინანსური ბარიერების შექმნაა.
● აღვნიშნავთ, რომ SLAPP-ებს ინდივიდუალური შემთხვევების მიღმა აქვთ „მსუსხავი ეფექტიც,“ რაც ძირს უთხრის ჯანსაღი და პლურალისტური გარემოს ჩამოყალიბებას, რომელშიც მოქალაქეებს შეეძლებათ სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება;
● ვაცნობიერებთ ჩვენი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების განმტკიცების მიმართულებით;
ვაფუძნებთ ანტი-SLAPP პლატფორმას, რომლის მიზანია საერთო ძალისხმევით დავამკვიდროთ საუკეთესო ანტი-SLAPP სტანდარტები, დავიცვათ და გავაძლიეროთ მედია, უფლებადამცველები და სხვა სუბიექტები SLAPP საქმეებიდან მომდინარე საფრთხისგან, რომელიც მათ გაჩუმებას ისახავს მიზნად.
აღნიშნული მიზნის მიღწევას ვუზრუნველყოფთ შემდეგი გზებით:
1. საქართველოში SLAPP საქმეებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის ანალიზი, მათი პრევენციისა და მათგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავების სტრატეგიის დაგეგმვა;
2. ადგილობრივი და საერთაშორისო ადვოკატირება საქართველოში SLAPP საქმეებთან დაკავშირებით საუკეთესო გამოცდილების დანერგვისა და მოსალოდნელი საფრთხის აღმოფხვრის მიზნით;
3. ეროვნული და საერთაშორისო დონეზე SLAPP ფენომენის შესახებ ინფორმაციის დაგროვება და ცოდნის გაცვლა. აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში, მათ შორის, პროფესიულ წრეებში SLAPP-ებთან დაკავშირებით ცოდნის ამაღლებას;
4. სასამართლოში მიმდინარე SLAPP საქმეების მონიტორინგი და SLAPP დავების სამიზნე ორგანიზაციების/პირების იურიდიული დახმარება.
პლატფორმა ღიაა სამუშაო პროცეში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციებისთვის.
ანტი-SLAPP პლატფორმა ამ დროისთვის ააერთიანებს შემდეგ ორგანიზაციებს:
1. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
3. ადამიანის უფლებათა ცენტრი
4. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
5. ადამიანის უფლებათა სახლი თბილისი
6. უფლებები საქართველო
7. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი