სიახლეები

ანტი-SLAPP პლატფორმა

30.06.2023
ფონტის ზომა
ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები,

●    ვიზიარებთ, რა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მნიშვნელობას;
●    ვიაზრებთ, საქართველოში გამოხატვის თავისუფლების, მედიისა და უფლებადამცველების წინაშე მდგარ საფრთხეებს;
●    ვგმობთ საქართველოში მედიისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ არსებულ დისკრედიტაციულ კამპანიას, ჟურნალისტების მიმართ გახშირებულ ვერბალურ და ფიზიკურ თავდასხმებს და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სხვა გამოვლინებებს;
●    საყურადღებოდ მივიჩნევთ ძალაუფლების მქონე, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათთან დაკავშირებული სხვა პირების მიერ ცილისწამების მოტივით დაწყებული დავების მზარდ რაოდენობას;
●  ვფიქრობთ, რომ ამგვარი დავების მზარდი რაოდენობა შეიძლება მიანიშნებდეს სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ მიმართულ სტრატეგიულ სარჩელებზე, ანუ SLAPP-ებზე (Strategic Lawsuits against Public Participation)
●    SLAPP-ებად განვიხილავთ პოლიტიკური ან ფინანსური თვალსაზრისით გავლენიანი პირების მიერ აღძრულ სამართალწამოებებს  (ხშირ შემთხვევაში, ცილისწამების საფუძვლით წარმოებულ აშკარად უსაფუძვლო სარჩელებს), რომელთა მიზანიც არის არა პატივის, ღირსების ან/და საქმიანი რეპუტაციის დაცვა, არამედ უმეტესად მედიის ან/და აქტიური მოქალაქეების გაჩუმება და მათთვის ფინანსური ბარიერების შექმნაა. 
● აღვნიშნავთ, რომ  SLAPP-ებს ინდივიდუალური შემთხვევების მიღმა აქვთ „მსუსხავი ეფექტიც,“ რაც ძირს უთხრის ჯანსაღი და პლურალისტური გარემოს  ჩამოყალიბებას, რომელშიც მოქალაქეებს შეეძლებათ სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება;
●   ვაცნობიერებთ ჩვენი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების განმტკიცების მიმართულებით;

ვაფუძნებთ ანტი-SLAPP პლატფორმას, რომლის მიზანია საერთო ძალისხმევით დავამკვიდროთ საუკეთესო ანტი-SLAPP სტანდარტები, დავიცვათ და გავაძლიეროთ მედია, უფლებადამცველები და სხვა სუბიექტები SLAPP საქმეებიდან მომდინარე საფრთხისგან, რომელიც მათ გაჩუმებას ისახავს მიზნად.

აღნიშნული მიზნის მიღწევას ვუზრუნველყოფთ შემდეგი გზებით:

1. საქართველოში SLAPP საქმეებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის ანალიზი,  მათი პრევენციისა და მათგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავების სტრატეგიის დაგეგმვა;
2. ადგილობრივი და საერთაშორისო ადვოკატირება საქართველოში SLAPP საქმეებთან დაკავშირებით საუკეთესო გამოცდილების დანერგვისა და   მოსალოდნელი საფრთხის აღმოფხვრის მიზნით; 
3. ეროვნული და საერთაშორისო დონეზე  SLAPP ფენომენის შესახებ ინფორმაციის დაგროვება და ცოდნის გაცვლა. აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს  საზოგადოებაში, მათ შორის, პროფესიულ წრეებში SLAPP-ებთან დაკავშირებით ცოდნის ამაღლებას;
4. სასამართლოში მიმდინარე SLAPP საქმეების მონიტორინგი და SLAPP დავების სამიზნე ორგანიზაციების/პირების იურიდიული დახმარება. 

პლატფორმა ღიაა სამუშაო პროცეში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციებისთვის. 

ანტი-SLAPP  პლატფორმა ამ დროისთვის ააერთიანებს შემდეგ ორგანიზაციებს: 

1.    საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 
2.    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
3.    ადამიანის უფლებათა ცენტრი 
4.    საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
5.    ადამიანის უფლებათა სახლი თბილისი
6.    უფლებები საქართველო
7.    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
სიახლეები
Loading...