სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (2023 წლის მარტი - ივნისი)

10.07.2023
ფონტის ზომა
საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა N1513 კონსტიტუციური სარჩელი ,,მამუკა ტოლიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’. მოსარჩელის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირს ვერ აღუკვეთავენ თავისუფლებას თუკი მას აღმოაჩნდება ერთი მოხმარებისათვის გამოუსადეგარი, მცირე ოდენობის, ნებისმიერი სახის ნარკოტიკული ნივთიერება. 

სასამართლოს განჩინებით, აღმოიფხვრება წარსულის ის მანკიერი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პირს რამდენიმე წლით აღუკვეთავდნენ თავისუფლებას იმ შემთხვევაში,  თუ მას თან აღმოაჩნდებოდა უკვე გამოყენებული ცარიელი შპრიცი ან ნივთი, რომელზეც დარჩენილი იყო ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალებების  მცირე კვალი. 

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ კონკრეტული გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლზე მითითებით (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები), საპატიმრო დაწესებულებებიდან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებსაც ძალადაკარგულად ცნობილი, წარსულში მოქმედი ნორმის საფუძველზე, სასჯელის სახედ განუსაზღვრეს თავისუფლების აღკვეთა. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მაგდა პაპიძის საჩივარი დააკმაყოფილა

მაისის თვეში მაგდა პაპიძის საქმეზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა და ჟურნალისტის მიმართ დაადგინა ჟურნალისტური ეთიკის 1; 7 და 10 პრინციპის დარღვევა. ქარტიამ განმარტა, რომ ჟურნალისტმა მედიაპროდუქტის მომზადებასა და შემდგომში მის გავრცელებაში მაგდა პაპიძის შესახებ საზოგადოებას  მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდა.

სართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა მსჯავრდებულმა მაგდა პაპიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 23 იანვარს ტელეკომპანია „ჯორჯიან ტაიმსის” ეთერში გასულ სიუჟეტში ნახსენები ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს. განმცხადებელს ჰქონდა ეჭვი, რომ ჟურნალისტმა ფაქტი განზრახ დაამახინჯა, რაც მიზნად მის დისკრედიტაციას ისახავდა. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში მაგდა პაპიძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი წარმოადგენდა.

7 მარტის საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტების 7 საქმე 


მარტის თვეში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა 7 მარტს თბილისში, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებული რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს. მათ შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლების დარღვევას ედავებოდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ შვიდ სასამართლო პროცესზე, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას სამოქალაქო აქტივისტების სამართლებრივ ინტერესებს იცავდნენ.

შსს აქტივისტებს ედავებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მულების პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას,  რაც  წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სასამართლო სხდომებზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვერ წარმოადგინეს სამხრე კამერის ჩანაწერები, რომელიც დაადასტურებდა საპროტესტო აქციის მონაწილე აქტივისტების ბრალეულობას. ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მოწმედ გამოძახებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სამხრე კამერის ჩანაწერების არარსებობის მიზეზად მიუთითა ის გარემოება, რომ პატრულის თანამშრომლებმა მოიხსნეს სამხრე კამერები, რათა არ დაზიანებულიყო ან არ დაკარგვოდათ ისინი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ შეწყვიტა საქმეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლის პირველ ნაწილში, ხოლო 173-ე მუხლის პირველ ნაწილში ისინი  გაანთავისუფლა სახდელებისაგან და შემოიფარგლა სიტყვიერი შენიშვნით. 

მოძალადე ქმარს სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ივნისის თვეში ფ. ფ.-ს მიმართ, ოჯახში ძალადობის საქმეზე, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულისთვის თბილისის სასაქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ე. ტ. -ს  3 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ფ. ფ.-ზე მეუღლე, ე. ტ. წლების განმავლობაში სისტემატიურად ძალადობდა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. მიმდინარე წლის თებერვლის თვეში ფ. ფ. კვლავ გახდა მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, რა დროსაც დაზარალებულმა მიმართა პოლიციას და შედეგად ძალადობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 

ოჯახში ძალადობის საქმეზე, გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში დაზარალებულ ფ. ფ.-ს სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.  

მ. ქ.-მ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა მიიღო

ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარების თხოვნით მომართა მ. კ.-მ, რომელსაც სერვისების განვითარების სააგენტომ 2022 წლის 28 სექტემბერს უარი უთხრა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. 2023 წლის 4 აპრილს სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მ. კ.-ს ადმინისტრაციული სარჩელი, ბათილად ცნო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 28 სექტემბერს გამოცემული აქტი და დაავალა სერვისების სააგენტოს, მისცეს მ.კ.-ს მუდმივი ბინადრობის ნებართვა. 

ამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს 3 000 ლარი აუნაზღაურდება

2023 წლის 5 მაისს  თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა მორიგება ვ. ჩ.-ს და შპს „კიოსკ ჯორჯიას“ შორის. მორიგების პირობების თანახმად, მოპასუხე  ვ. ჩ.-ს  ჩაურიცხავს  3000 ლარს და გააუქმებს მის მიერ გამოცემულ ბრძანებას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
 
მანამდე, 2022 წლის 8 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვ. ჩ.-ს სამოქალაქო სარჩელი. მიღებული  გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ცენტრმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სასამართლომ მოქალაქეს დაკისრებული ჯარიმა გაუუქმა

2023 წლის 2 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება, ბათილად ცნო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე და გააუქმა გ.შ.-სთვის უკანონონოდ დაკისრებული ჯარიმა 4.000 ლარის ოდენობით.

მანამდე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა გ. შ.-ს სარჩელი, ბათილად არ ცნო მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება და არ გააუქმა დაკისრებული ჯარიმა 4.000 ლარი. გადაწყვეტილება 2022 წლის 30 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სს „იავნანამ“ გათავისუფლებულ თანამშრომელს კომპენსაცია და განაცდური სრულად აუნაზღაურა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სს „იავნანას“ სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სს „იავნანას“ დირექტორის ბრძანება თ. ბ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. სს „იავნანას“ თ. ბ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაცია სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის გამო. სს „იავნანამ“ აღარ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რომლითაც მას უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის - თ.ბ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურისა და აღდგენის შეუძლებლობის გამო განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა. დამსაქმებელმა აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილებები და დაკისრებული კომპენსაცია და განაცდური სრულად აუნაზღაურა დასაქმებულს. უკანონოდ გათავისუფლებული თ.ბ.-ს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ჟურნალისტს საჯარო ინფორმაცია სასამართლო პროცესზე მიაწოდა

2023 წლის 14 მარტს გორის რაიონულმა სასამართლომ შეწყვიტა წარმოება გორის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ სათემო რადიო „მოზაიკისა“ და ჟურნალისტ ხატია მუმლაძის ადმინისტრაციულ სარჩელზე. მოთხოვნა შეეხებოდა ადმინისტრაციული ორგანოდან საჯარო ინფორმაციის მიწოდების დავალდებულებას. გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, შესაბამისად, აღარ არსებობდა დავის საგანი, რის გამოც მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი. სათემო რადიო „მოზაიკისა“ და ჟურნალისტ ხატია მუმლაძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი იცავდა.

ტყის ფონდის კუთვნილი მიწების უკანონო მიტაცების ფაქტებზე ადამიანის უფლებათა ცენტრი სასამართლო დავას გააგრძელებს 2023 წლის 3 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და ალექსი მერებაშვილის კერძო საჩივარი, გააუქმა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინება საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ და დაავალა ამავე სასამართლოს საქმის  განხილვა.

მცხეთის რაიონული სასამართლო იხილავდა CENN-თან პარტნიორობით ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ალექსი მერებაშვილის მიერ მომზადებულ სარჩელს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა იმ აქტების ბათილად ცნობა, რომლითაც კერძო პირს საკუთრება დაურეგისტრირდა ტყის ფონდში. რაიონულმა სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება იმ მოტივით, რომ ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ალექსი მერებაშვილი არ წარმოადგენდნენ დაინტერესებულ პირებს აღნიშნულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით. თუმცა, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტიოლება და მცხეთის რაიონულ სასამართლოს დაავალა ხელახალა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მოქალაქე ჩაითვალა უფლებამოსილ პირებად, აწარმოონ სასამართლო დავა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ტყის ფონდის მიწების უკანონო მიტაცება.

სატვირთო ავტომობილის მძღოლს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 

2023 წლის 8 მაისს გორის რაიონულმა სასამართლომ განაჩენით დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება პროკურატურასა და ბრალდებულ გ. წ.-ს შორის, რომლითაც ის ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით. გ.წ.-ს სასჯელის სახედ და ზომად მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 5000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ერთი წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2022 წლის 27 აპრილს კასპში 83 წლის მ. ბ.-ს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის კუთვნილი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლი დააკავეს, ის მალევე გაათავისუფლეს. გარდაცვლილის შვილის მ. პ.-ს თხოვნით საქმეში ჩაერთო ადამიანის უფლებათა ცენტრი, რადგან გამოძიება გარდაცვლილის ოჯახს არ აწვდიდა სრულყოფილ ინფორმაციას საქმესთან დაკავშირებით და არ ანიჭებდა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსს.

სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი და მისი ძმა 1500 – 1500 ლარით დაჯარიმდნენ

2023 წლის 19 მაისს გორის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, შსს-ს თანამშრომელი ზ. ე. და მისი ძმა თ. ე. ცნობილი იქნენ დამნაშავეებად მათი გარდაცვლილი ბიძის მეუღლის - ლ. ლ.-ის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარის  ფაქტზე. სასჯელის სახედ და ზომად მიესაჯათ ჯარიმა თითოეულს 1500 ლარის ოდენობით. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ გასაჩივრებულა მხარეების მიერ, შესაბამისად, იგი შევიდა კანონიერ ძალაში. დაზარალებული ლ.ლ.-ს ინტერესებს გამოძიებასა და სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.
 
დევნილი საცხოვრებლით დაკმაყოფილდა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი. ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა ცხინვალიდან დევნილი ე. ზ.-ს სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს ადმინისტრაციული აქტი მისთვის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალა ამავე სააგენტოს დევნილი ე. ზ.-სთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემა. დევნილის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

გორის ჰოსპიტალმა სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს კომპენსაცია და განაცდურის ნაწილი აუნაზღაურა

2023 წლის 24 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სააპელაციო საჩივარი. ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ჰოსპიტლის დირექტორის ბრძანება ქ. მ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. დამსაქმებელს დაევალა უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სასარგებლოდ კომპენსაციის - 7000 ლარისა და განაცდურის ნაწილის - ყოველთვიურად 82.5 ლარის ანაზღაურება. ქ. მ.-ის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი კომპენსაციას და განაცდურს მიიღებს

2023 წლის 29 ივნისს გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა დ. გ.-ს სარჩელი ააიპ „გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ მიმართ. ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს დირექტორის ბრძანება დ. გ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და ამავე სააგენტოს დაეკისრა ყოველთვიური განაცდურის - 395 ლარის ანაზღაურება უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სასარგებლოდ. სააგენტოს ასევე დაეკისრა დ. გ.-სთვის აღდგენის სანაცვლო კომპენსაციის გადახდა 4740 ლარის ოდენობით. უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

„საქართველოს ფოსტა“ უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელს განაცდურს და კომპენსაციას აუნაზღაურებს

2023 წლის 20 ივნისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შპს „საქართველოს ფოსტის“ სააპელაციო საჩივარი. ძალაში დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა.ბ.-ს სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება და შპს „საქართველოს ფოსტას“ დაეკისრა 25 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის (მათ შორის განაცდურის) გადახდა უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სასარგებლოდ. მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

გორის მერიას თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანების გადახედვა დაევალა

2023 წლის 23 ივნისს გორის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან გათავისუფლებული დ.ჭ.-ს ადმინისტრაციული სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახლა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. დ.ჭ.-ს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

სასამართლოს დავალებით, დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე სააგენტო ახალ აქტს გამოსცემს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2023 წლის 9 მარტის განჩინებით დაუშვებლად ცნო ქ. თბილისის  სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინება. აღნიშნული განჩინებით ძალაში იქნა დატოვებული ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის  2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე ზ. ხ.-ს სარჩელი  მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ . მოსარჩელე ითხოვდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმ ბრძანების ბათილად ცნობას, რომლითაც მას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე და ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. ზ. ხ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა.

სხვადასხვა

1.    2023 წლის 7 მარტს სოხუმისა და  გაგრა-გუდაუთის რაიონულმა  სასამართლომ ბათილად ცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას  სახელობის  სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის  2021 წლის 5 აგვისტოს  გადაწყვეტილება, რომლითაც  დ. ე.-ს უარი ეთქვა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის გაცემაზე.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საკითხის შესწავლა და  ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

2.  2023 წლის 5 მაისს გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ცენტრის განაცხადის საფუძველზე გარდაცვლილი თ. ნ.-ს დედა ლ. ნ. დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. ცენტრი 2023 წლის 9 იანვრიდან წარმოადგენს ლ. ნ.-ს ინტერესებს.

3.    საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო და შესაბამისად გორის რაიონული სასამართლოს განაჩენები, რომლითაც ბრალდებული ი. ქ. ცნობილი იქნა დამანაშავედ საკუთრი მეუღლის თ. რ.-ს განზრახ მკვლელობისათვის და სასჯელის სახედ და ზომად მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.  დაზარალებულის უფლებამონაცვლის - მ.რ.-ს ინტერესებს საერთო სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.
სიახლეები
Loading...