სიახლეები

მონიტორინგის ანგარიში ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით

13.07.2023
ფონტის ზომა

დოკუმენტის PDF ვერსია იხლიეთ აქ


პროექტის - „ადამიანის უფლებებზე მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში“, ადამიანის უფლებათა ცენტრი აკვირდება საქართველოში მიმდინარე შეკრებებსა და მანიფესტაციებს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას როგორც საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენების, ისე მათი მიმდინარეობისას სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ქმედებების ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ. 

ამ მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები 28 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით დააკვირდნენ ბექა გრიგორიადისის მიერ ორგანიზებულ აქციას, რომლის მიზანიც იყო პარლამენტის შენობის მიმდებარე სკვერში კარვის დადგმა პერმანენტული პროტესტის გამოსახატად. აქციის ორგანიზატორის მოთხოვნა იყო, გათავისუფლდეს მისი შვილი, ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც პროკურატურამ ბრალი წარუდგინა 7-8 მარტის აქციების მიმდინარეობის დროს, სავარაუდოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის, რაც ითვალისწინებს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას. 31 მარტს, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა; ამჟამად, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლება აღკვეთილი აქვს და მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება.

ბექა გრიგორიადისმა უწყვეტი საპროტესტო აქცია დაიწყო 28 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ, ოლივერ და მარჯორი უორდროპების სკვერში, რომელიც პარლამენტის შენობიდან 20 მეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული. იმავე საღამოს, ბექა გრიგორიადისი შეეცადა სკვერში კარვის გაშლას, მაგრამ იქვე მყოფი რამდენიმე პოლიციელი მას მაშინვე თავს დაესხა და ჩამოართვა კარავი. ბექა გრიგორიადისს მეორე დღეს, 29 მაისსაც ჰქონდა მცდელობა, სკვერში გაეშალა კარავი, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა მას იგივე ძალადობრივი მეთოდებით არ მისცეს ამის საშუალება. კარვის გაშლამდე და მის ჩამორთმევამდე პოლიციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოწოდებას, რომ ბექა გრიგორიადისი დამორჩილებოდა პოლიციელთა მითითებებს. ამასთან, კარვის, როგორც საკუთრების ჩამორთმევისას, პოლიციელებს ბექა გრიგორიადისისთვის არ განუმარტავთ მისი ჩამორთმევის და შემდეგში უკან დაბრუნების პროცედურა.

29 მაისს, ბექა გრიგორიადისისთვის კარვის ჩამორთმევის შემდეგ, პოლიციამ დააკავა სამოქალაქო აქტივისტი, ბეჟან წვიმიტიძე, რომელიც მობილური ტელეფონით იღებდა პოლიციის ქმედებებს. აქტივისტი დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. პოლიციამ მას არ მისცა საშუალება, დაკავშირებოდა ოჯახს და თავის ადვოკატს. ღამის 2 საათისთვის, იგი გადაიყვანეს  დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, რომელიც თბილისიდან დაახლოებით 50 კილომეტრშია. მისი ადვოკატის განმარტებით, დაკავებისას, ბეჟან წვიმიტიძეს დაუხიეს მაისური და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა; მას ასევე აღენიშნებოდა რამდენიმე ფიზიკური დაზიანება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბეჟან წვიმიტიძეს ედავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლების (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დარღვევას. 

ბექა გრიგორიადისმა 1 ივნისს ღამითაც სცადა კარვის გაშლა, რისი უფლებაც მას პოლიციელებმა კვლავ არ მისცეს. უფრო მეტიც - ამჯერად, ბექა გრიგორიადისს არა მხოლოდ კარავი ჩამოართვეს, არამედ თვითონაც დააკავეს მაშინ, როცა ჩანთიდან ცდილობდა კარვის ამოღებას. აღსანიშნავია, რომ ბექა გრიგორიადისმა და მისმა მხარდამჭერებმა პოლიციას რუპორით წინასწარ მიმართეს და აღნიშნეს, რომ აპირებდნენ კარვის გაშლას, ხოლო თუ პოლიცია მათ ამას აუკრძალავდა, მაშინ, გაეკეთებენინათ შესაბამისი გაფრთხილება. პოლიციელებს შესაბამისი გაფრთხილება არ გაუკეთებიათ. ბექა გრიგორიადისი ვიდრე კარვის გაშლას დაიწყებდა, პოლიციელები მას თავს დაესხნენ და დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს წარმომადგენლებმა 2 ივნისს გამართულ სასამართლო პროცესზე აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, კარვის, როგორც მსუბუქი კონსტრუქციის განთავსება იწვევდა თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის თვითნებურ შეცვლას. აღსანიშნავია, რომ თავად კოდექსი არ განმარტავს, თუ რა იგულისხმება „მსუბუქ კონსტრუქციაში“. ცხადია, კარავი არ შეიძლება ჩაითვალოს მსუბუქ კონსტრუქციად ან ისეთ საშუალებად, რომელიც მუნიციპალიტეტს იერსახეს უცვლის. კარავის განთავსება, თუ ის არ იწვევს ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას, შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებით არის დაცული. 

პოლიციის მხრიდან კარვის გაშლის აკრძალვის მსგავსი დასაბუთება პრეცედენტულია იმ თვალსაზრისით, რომ წინა მსგავს შემთხვევებში საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებს „ქალაქის იერსახის დამახინჯების“ არგუმენტი არ დაუსახელებიათ კარვის გაშლის აკრძალვის ლეგიტიმაციასთან მიმართებით. საბოლოოდ, სასამართლომ ბექა გრიგორიადისი სცნო სამართალდამრღვევად და დააჯარიმა 2000 ლარით ისე, რომ არ გაუკეთებია რამე სახის განმარტება. საქმის განმხილველმა მოსამართლემ პროცესის მიმდინარეობისას ორჯერ გამოაცხადა შესვენება.  სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დაცვის მხარეს ჯერ არ ჩაბარებია. 

სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევად ცნობის შემდეგ, ბექა გრიგორიადისი დაბრუნდა პარლამენტის უკან მდებარე სკვერში და რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ, დაუბრკოლებლად მოახერხა კარვის გაშლა. ადგილზე ისევ მობილიზებული იყო მრავალი პოლიციელი, მაგრამ მათ გრიგორიადისისთვის ამჯერად ხელი არ შეუშლიათ კარვის გაშლაში. 3 ივნისის შემდეგ, ბექა გრიგორიადისი კარვის გამოყენებით აგრძელებს უწყვეტ საპროტესტო აქციას საქართველოს პარლამენტის უკან მდებარე სკვერში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების შეფასებით, საპროტესტო აქციის დაკვირვების საფუძველზე, სამართალდამცველების ქმედებების ნაწილში გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რაც მიუთითებს ბექა გრიგორიადისისა და ბეჟან წვიმიტიძის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევაზე. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შეკრების შეწყვეტა ხელისუფლებას მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ ასეთი შეკრება მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. ამ უფლებით სარგებლობისას, მოქალაქეებს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი პროტესტი ნებისმიერი საკითხის მიმართ, საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ; ასევე, - აირჩიონ მშვიდობიანი პროტესტის კონკრეტული ფორმა. მათ შესაძლებლობა აქვთ, თავის შესაფარებლად ან საზოგადოებისა თუ პროტესტის ადრესატების ყურადღების მისაქცევად გამოიყენონ კარავი და ის განათავსონ სკვერში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებზე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ბექა გრიგორიადისის შემთხვევაში. 

პროტესტის გამოხატვის მიზნით კარვის გაშლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა რაიმე სახის შეზღუდვას არ ადგენს. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც აკრძალავდა კარვის სკვერში განთავსებას.  „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის  ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა“.  ამ ჩანაწერის მიზანია, არ მოხდეს სხვათა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება ან ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება საქმიანობის შესაფერხებლად. კანონით აკრძალული არ არის კარვის გაშლა სკვერში ან ისეთ ადგილზე, სადაც ტრანსპორტის სავალის ნაწილის გადაკეტვის თუ ადმინისტრაციული შენობის პარალიზების საშიშროება შეიქმნება. შესაბამისად, სკვერში კარვის გაშლის აკრძალვა იმთავითვე კანონსაწინააღმდეგოა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების დროს დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს: ა) მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი; ბ) რომ აქვს უფლება ადვოკატზე; გ) რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს.  შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების შეფასებით, სავარაუდოა, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის გარდა, პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა, ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნის  დარღვევას.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ აქტივისტ ბეჟან წვიმიტიძის უფლებები დაირღვა იმით, რომ დაკავების შემდეგ მას არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და არ მისცეს ოჯახთან და ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა. ასევე, ეჭვებს აღძრავს  მისი დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დამკავებელ მოხელეს პირდაპირ ავალდებულებს, დაკავებული პირი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში. ამასთან,  ბეჟან წვიმიტიძის დაკავებისას პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და მას უკანონოდ შეუზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

ასევე, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების შეფასებით, ბექა გრიგორიადისისთვის კარვის ჩამორთმევის დროსაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გამოიყენეს არაპროპორციული ძალა და მას შეუზღუდეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება მაშინ, როდესაც ამისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით  დადგენილი საფუძვლები არ არსებობდა. 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ რეკომენდაციით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

▪    არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და მისცეს აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად განათავსონ და გამოიყენონ კარავი პროტესტის გამოსახატად. 
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
▪   უზრუნველყოს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან, საპროტესტო აქციის მონაწილე აქტივისტების მიმართ ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებული შემთხვევების დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ცენტრი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.


სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...