სიახლეები

კოალიცია დამოუკიდებელ ინსპექტორად შოთა ქადაგიძის არჩევას ეხმაურება

03.08.2023
ფონტის ზომა
27 ივლისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელ ინსპექტორად შოთა ქადაგიძე აირჩია. ის 2017-2021 წლებში, იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობას თავადაც იკავებდა.1 მის კანდიდატურას სხდომაზე დამსწრე 11-მა წევრმა (მათ შორის, ახლახან არჩეულმა სამმა არამოსამართლე წევრმა) ერთხმად დაუჭირა მხარი.2 დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევ კონკურსზე 32 პირი დარეგისტრირდა, გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 9 3კანდიდატი.4 მათ შორის იყვნენ იუსტიციის საბჭოს ორი ყოფილი არამოსამართლე წევრი: შოთა ქადაგიძე და ზაზა ხარებავა.

დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 16 ივნისის სხდომაზე ზურაბ აზნაურაშვილმა პირადი განცხადებით მიმართა იუსტიციის საბჭოს და თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგომა მოითხოვა.5 საგულისხმოა, რომ აზნაურაშვილმა მალევე დაიკავა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. ეს შემთხვევა სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის პირების მიერ ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის და მენეჯერულ პოზიციებზე ერთი და იმავე ადამიანების დანიშვნის უკვე დამკვიდრებული პრაქტიკის გაგრძელებაა.6 ასეთ დროს ფართო საზოგადოებისთვის უცნობი რჩება თანამდებობის დატოვების/მონაცვლეობის რეალური მიზეზები.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორი უმნიშვნელოვანეს როლს უნდა ასრულებდეს მოსამართლეთა დისციპლინირების პროცესში. სწორედ ინსპექტორი იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის განხორციელების და შესაბამისი მტკიცებულებების მოძიების თაობაზე. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ პოზიციაზე არჩეული ადამიანი სარგებლობდეს მაღალი პროფესიული რეპუტაციით და იყოს თავისუფალი როგორც გარე, ისე სასამართლოს შიგნით არსებული გავლენებისგან. იმ პირობებში, როდესაც კორპორატივიზმი სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ინსპექტორად საბჭოს ყოფილი წევრის არჩევა, კიდევ ერთხელ, ცხადყოფს, რომ გავლენიანი ჯგუფი საკვანძო თანამდებობებზე თავისი ინტერესების გამტარებელ, კლანისადმი ლოიალურ პირებს ნიშნავს.

წლებია პრობლემურია ინსპექტორის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის არასაკმარისი გარანტიები კანონმდებლობაში. მაგალითად, მისი არჩევის წესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს. საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით,7 დამოუკიდებელი ინსპექტორის ასარჩევად, საკმარისია საბჭოს წევრთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა. შესაბამისად, მისი არჩევა შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლე წევრების მხარდაჭერით. გარდა ამისა, ხარვეზიანია საბჭოს მიერ დადგენილი ინსპექტორის შერჩევის წესი, რომელიც არ ითვალისწინებს კონკურსის ჩატარების ძირითად პრინციპებს (ობიექტურობა, საჯაროობა, დისკრიმინაციის აკრძალვა) და პროცედურებს (შერჩევის კრიტერიუმები, გასაუბრების ჩატარების მიზანი და რეგულაცია, გასაუბრებაზე გამოსარკვევი საკითხები, კანდიდატის შეფასება და მისი დასაბუთება).8

პრაქტიკაშიც, დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესი ამჯერადაც გაუმჭვირვალედ ჩატარდა. კანდიდატებთან გასაუბრება საბჭომ დახურულ რეჟიმში ჩაატარა. საბჭოს ვებ-გვერდზე არ გამოქვეყნებულა კანდიდატების ვინაობა, არც მათი ბიოგრაფიები. დამოუკიდებლობის სათანადო გარანტიების ნაკლებობის ფონზე, გაუმჭვირვალე პროცესით არჩეული დამოუკიდებელი ინსპექტორი, ხელს ვერ შეუწყობს დისციპლინირების პროცესის მიმართ ნდობას.9 ინსპექტორის დამოუკიდებლობა პირდაპირ კავშირშია დისციპლინური სამართალწარმოების ეფექტიანობის ხარისხთან, რომელიც პრაქტიკაში ინერტულად და გაჭიანურებულ ვადებში მიმდინარეობს.

გაუმჭვირვალე პროცედურის შედეგად დამოუკიდებელ ინსპექტორად კლანისადმი ლოიალურად განწყობილი პირის დანიშვნა საფრთხეს უქმნის დისციპლინირების პროცესის სანდოობას და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის ხელყოფის მნიშვნელოვან რისკებს ქმნის. აღნიშნული კი საბოლოოდ, აფერხებს სამართლიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელებას.

1- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდი, 2021 წლის 23 მარტი, ხელმისაწვდომია: hcoj.gov.ge/ka/%E1%83%98%E1, განახლებულია: 28.07.2023.
2- 27 ივლისის იუსტიციის საბჭოს სხდომის მონიტორინგი.
3 -გასაუბრებაზე მხოლოდ 5 კანდიდატი გამოცხადდა: ანა მურაჩაშვილ ონიანი, ლევან ნემსაძე, ბექა ფაცაცია, შოთა ქადაგიძე, ზაზა ხარებავა.
4- ნინო დოკაძე, ნინო ელიკაშვილი, ზაზა თაქთაქიშვილი, ანა მურაჩაშვილ ონიანი, ლევან ნემსაძე, ბექა ფაცაცია, შოთა ქადაგიძე, ზაზა ხარებავა, მეგი ჯღარკავა.
5 -ზურაბ აზნაურაშვილი დამოუკიდებელი ინსპექტორად საბჭომ 2020 წელს აირჩია, მას უფლებამოსილების ვადა 2025 წელს ეწურებოდა.
6-„კოალიცია მოსამართლეთა XXXI კონფერენციას ეხმაურება“, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, 2022 წლის 25 ოქტომბერი, ხელმისაწვდომია: coalition.ge/index.php?article_id=275&clang=0, განახლებულია: 28.07.2023.
7- საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი, 511-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
8- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 272-ე მუხლი.
9- ნინო ნოზაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში №9, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისი, 2021 წელი, გვ. 28, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: cutt.ly/QA5FwMf, განახლებულია: 27.07.2023
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით