სიახლეები

ადამიანების სიცოცხლის უფლების დასაცავად - შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება 

09.08.2023
ფონტის ზომა
2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში განვითარებულმა სტიქიამ 20-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შოვში მაშველები დღემდე ეძებენ გაუჩინარებულებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს მეწყერის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს.

ადამიანის სიცოცხლის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მიხედვით, „ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული“, ხოლო სიცოცხლის დაცვის პოზიტიური ვალდებულება ხელისუფლებას აკისრია. 

უფრო კონკრეტულად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ მსგავს საქმეში განმარტა, რომ მეწყერის რისკის თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს შესაბამისი პრევენციული ზომები და ჰქონდეს ეფექტური რეაგირება ადამიანების სიცოცხლის უფლების დასაცავად. აღნიშნულ საქმეში, ვინაიდან ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ადეკვატური პრევენციული და საგანგებო რეაგირება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს დაზარალებულის სასარგებლოდ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 240-ე მუხლებით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, გამოძიება წარმართონ ობიექტურად, სრულყოფილად და ეფექტურად, რათა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბრალის გამოკვეთის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისროს დანაშაულში ჩართულ ყველა პირს. 

მნიშვნელოვანია, საგამოძიებო პროცესი წარიმართოს იმგვარად, რომ პასუხი გაეცეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე არსებულ ყველა კითხვას, მათ შორის:

1)    რა პრევენციული ხასიათის სამუშაოები ტარდებოდა ტრაგედიის თავიდან აცილების მიზნით?

საქართველოს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კოორდინაციას უწევს ეროვნული სისტემის ფუნქციონირებას და პასუხისმგებელია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. დამატებით, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის საერთო კოორდინაცია. ამგვარად, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს არსებობდა თუ არა შოვში სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაგეგმილი შესაბამისი პოლიტიკა.

ასევე, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 39-ე მუხლის მიხედვით, საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ევალება რისკის მუდმივი იდენტიფიცირება, ანალიზი, შეფასება, პრევენციული ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელება სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობით. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, ხდებოდა თუ არა შოვში არსებული რისკების მუდმივი კონტროლი და რატომ ვერ მოახერხა შესაბამისმა უწყებებმა პრევენციული რეაგირება მაშინ, როცა მოქალაქეები აღნიშნული პრობლემების თაობაზე ჯერ კიდევ 2020 წელს საუბრობდნენ.

2)    ფუნქციონირებდა თუ არა ადრეული გაფრთხილების საგანგებო სისტემა?
 
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-4 მუხლის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციაა მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნისა და განვითარების ორგანიზება, ადრეული შეტყობინების სისტემის ფარგლებში საჭირო მონაცემების შეგროვება და დამუშავება. ამასთანავე, საქართველოს ამჟამინდელი ვიცე-პრემიერის მიერ 2018 წელს გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2021 წელს პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემას უნდა ემოქმედა, რომელზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური იმუშავებდა. აქედან გამომდინარე, უნდა დადგინდეს ადრეული გაფრთხილების საგანგებო სისტემის მეშვეობით რატომ ვერ მოხერხდა მეწყერის ჩამოწოლის წინასწარი პროგნოზირება, იყო თუ არა შეცვლილი მდინარის კალაპოტი ხელოვნურად, დგინდებოდა თუ არა მდინარე ბუბაში წყლის დაწევა და დაგუბება. 

3)    მოხდა თუ არა სამაშველო სამუშაოების ჩატარებისთვის განკუთვნილი ტექნიკის დაგვიანებით მობილიზება?

საქართველოს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, საგანგებო სიტუაციისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებაა საგანგებო სიტუაციის დროს შესაბამისი რეაგირების ძალების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვერტმფრენი სტიქიის ზონაში ინციდენტიდან სამი საათის შემდეგ ჩაფრინდა. ამგვარად, ამ დროის განმავლობაში სტიქიურ უბედურებასთან გამკლავება ადამიანებს ყოველგვარი სამაშველო დახმარების გარეშე უწევდათ. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენმა სამუშაოები ღამის განმავლობაში ცუდი ხილვადობის გამო შეაჩერა. ხოლო, შესაბამისი ხიდების აწყობა ინციდენტიდან მეორე დღეს მოხდა.

ამგვარად, გამოძიებამ უნდა შეაფასოს სამაშველო სამუშაოების ოპერატიულად წარმართვის შემთხვევაში შესაძლებელი იყო თუ არა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა.

4)    ხდება თუ არა გადარჩენილი და დაკარგული ადამიანების შესაბამის სიებში აღრიცხვა და სამძებრო სამუშაოების გონივრულად წარმართვა? 

ხელისუფლებას არ გაუსაჯაროვებია დაკარგული და გადარჩენილი ადამიანების სია, რაც ქმნის გაურკვევლობას განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როცა დაკარგული პირი წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეს და არ ხდება ოჯახის წევრების მიერ მისი ძებნა. დამატებით, სიების გამოქვეყნების შემთხვევაში, მოქალაქეები შეძლებდნენ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას, რაც გამოსადეგი იქნებოდა დაკარგული პირების საერთო რიცხვის დასადგენად, მოსახლეობის ინფორმირებულობის გასაზრდელად და შესაბამისი სამძებრო სამუშაოების გონივრულად წარსამართად. 
 
5)    სტიქიის შედეგებთან ეფექტურად გამკლავების მიზნით ექნებოდა თუ არა სასიცოცხლო მნიშვნელობა სხვა ქვეყნების დახმარებას?  
მნიშვნელოვანია, გაირკვეს იყო თუ არა სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო დამატებითი რესურსი.  მათ შორის, ტექნიკა სხვა ქვეყნებიდან და განახორციელეს თუ არა შესაბამისმა უწყებებმა მოლაპარაკებები ამ კუთხით. 

მნიშვნელოვანია, პასუხისგმებლობა დაეკისროს ყველა შესაბამის უწყებას და თანამდებობის პირს,  იმ შემთხევაში, თუკი სტიქიურ უბედურებაზე რეაგირება იყო არაეფექტური ან თუ დადგინდება, რომ სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ევარაუდათ სტიქიური უბედურება და შეძლებისდაგვარად განეხორციელებინათ პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის - მოსახლეობის ინფორმირების გზით, რითიც შეძლებდნენ მსხვერპლთა ოდენობის შემცირებას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები
Loading...